უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშე’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) არასამთავრობო ორგანიზაციას.
იგი არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2001 წლის ლაურეატი და დაჯილდოვებულია შესაბამისი მედლით.
ასოციაცია რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 3 დეკემბერს. რეგისტრაციის ნომერი - შ/9 -139.
ასოციაციის მიზანია უსინათლოთა და მცირე მხედველთა ძირითადი შეზღუდულობის - მხედველობის უქონლობით გამოწვეული უუნარობის შემსუბუქება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, უსინათლოთა ცოდნის დონისა და ინტელექტის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და განმტკიცება, ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გაცემის ხელშეწყობა მათი ადაპტაციისა, სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის ცხოვრებაში და ამით უსინათლოთა თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2001 წელს ასოციაცია დასახელდა საფრანგეთის მთავრობის მიერ წლის ლაურეატად ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და დაჯილდოვდა მედლით.
ასოციაციამ პირველმა საქართველოში შექმნა ქართული ხმოვანი კომპიუტერული პროგრამები, რომელიც საშუალებას აძლევს უსინათლოს იკითხოს წიგნები, შექმნას წერილობითი დოკუმენტები, ისარგებლოს ინტერნეტით, სკაიპითა და ელექტრონული ფოსტით, აწარმოოს მოქმედებები ფაილებზე, კატალოგებზე და ა.შ. ხმოვან პროგრამათა ეს პაკეტი დანერგილია: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სამეცნიერო-ეროვნულ, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, გორის, ბათუმის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მცხეთის, ბორჯომის, ფოთის ბიბლიოთეკებში და თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში. მოცემული პროგრამებით სარგებლობს საქართველოში მცხოვრებ უსინათლოთა დიდი ნაწილი.
ასოციაციას აქვს ხმის ჩამწერი სტუდია, რომელშიც წარმოებს ხმოვანი წიგნების ჩაწერა პროფესიონალ მსახიობთა მიერ.
ასოციაციის საქმიანობას წარმოადგენდა აგრეთვე უსინათლოთათვის კომპიუტერის შემსწავლელი ტრენინგების ჩატარება.
ასოციაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ უსინათლოთა პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო და რეგიონალურ კონფერენციებში.
ასოციაციის საქმიანობა ფართოდ შუქდებოდა ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით და ა.შ.
ასოციაცია თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სხვა არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
ასოციაცია პროექტების განხორციელების დროს ხელშეკრულებით იწვევს თანამშრომლებს, რომელთა რიცხვი სხვადასხვა პროექტის დროს მერყეობს ექვსიდან ათამდე.
ბენეფიციარებს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ტოტალური უსინათლოები და მცირე მხედველები. ოფიციალური მონაცემებით ტოტალურ უსინათლოთა რაოდენობა შეადგენს 7159 ადამიანს, ხოლო მცირე მხედველთა რიცხვი 2-3-ჯერ აღემატება ტოტალური უსინათლოების რიცხვს. ასე რომ, ბენეფიციართა საერთო რიცხვი მიახლოებით შეადგენს 20-დან 25 ათასამდე ადამიანს.