მაგრამ ბოსლეველმა მაინც ვერ შეძლო ჩასწვდომოდა „განდეგილის“,

როგორც მხატვრული ქმნილების შინაგან არსებას, და ისეთი შეხედულება

წამოაყენა, რომელიც ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში გაზიარებული არ

იქნა. მის წინააღმდეგ გაილაშქრა კიტა აბაშიძემ, რომელმაც არ გაიზიარა

მოსაზრება, რომ „განდეგილით“ ილია ჭავჭავაძემ, ამ „ჩვენმა ერთმა უკეთესმა

პოეტთაგანმა თითქო თვითონ ცხოვრებასაც შესწყრა და მის ავსა და კარგს

გვერდი აუქცია“[47]. კიდევ _______უფრო მცდარი იყო მოსაზრება, რომ თითქოს ილია

ჭავჭავაძის „პესიმისტურს შეხედულებას „სააქაოზედ“, სამძღვარი არა აქვს

(თავი III). ამ შეხედულებასთან ღმერთმა შეარცხვინოს თვითონ ბაირონის

აზრიც, რომელსაც ბუნება იმდენად მშვენიერად და სრულად მიაჩნია,

რამდენადაც ადამიანი მდაბლად და ბოროტად“[48]. ამის შემდეგ გამოტანილი

იყო დასკვნა, რომ „განდეგილი“ ქართულ მწერლობაში „ფეხის წინ წადგმა“ არ

არის, რომ, „პირიქით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენმა ნიჭიერმა

პოეტებმა რეალურს ცხოვრებას, როგორც ერთს რაიმე ჭირიანს, თვალი

აარიდეს და განსვენება ეძიეს „განდეგილისთანა“ პოემებში“[49].

უფრო უკიდურესი და მიუღებელი აზრის გამოტანა „განდეგილიდან“

არ შეიძლებოდა. თავისი იდეური შინაარსით „განდეგილი“ XIX საუკუნეში

შექმნილ იმ ნაწარმოებთა რკალს განეკუთვნება, რომელთა შორის

უმნიშვნელოვანესია ზოლას „აბატ მურეს შეცდომა“ და ფლობერის „წმინდა

ანტონის განსაცდელი“. ცხოვრებისა და ასკეტური იდეალის შეპირისპირება ამ

პოემაში ისე ღრმაა, რომ „განდეგილი“ მსოფლიო ლიტერატურის ამ შესანიშნავ

ქმნილებათა შორის მტკიცედ იმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს.

როგორც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, ისე

საქართველოშიც განდეგილობამ თავი იჩინა ქრისტიანული მოძღვრების

შემოტანისთანავე. სრულიად უტყუარი ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ

განდეგილობა საქართველოშიც უძველესი დროიდანვე ძალიან

გავრცელებული იყო. განდეგილები თავს აფარებდნენ უდაბნოებს,

გამოქვაბულებს, ტყეებსა და ყველა იმ ადგილს, სადაც საზოგადოების ხმა

მიუწვდომელი იყო, სადაც ადამიანი არ ცხოვრობდა.

ასეთი თავშესაფარი ქართველ განდეგილთათვის ყოფილა აგრეთვე

ყაზბეგთან ახლოს მდებარე ბეთლემის მონასტერი. იგი არ არის პოეტის მიერ

შეთხზული. ბეთლემის მონასტერი ნამდვილად არსებობს და იგი

მოხსენებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის „ღეოღრაფიულ აღწერაში“.

საგულისხმოა, რომ ვახუშტის აღწერილობას ძალიან წააგავს ილიასეულიც

(მყინვარის კლდეში მონასტერი, სახელწოდება ბეთლემი, ძნელად ასასვლელი,

ქვაბიდან გადმოკიდებული რკინის ჯაჭვი და სხვ.). ლეგენდის გარდა,

ვახუშტის აღწერილობა რომ გამოიყენა ილიამ, სრულიად უეჭველია. პოეტს

ძალიან ზუსტად მოუცია ბეთლემის როგორც გარეგნული, ისე შინაგანი

აღწერილობა.

ბეთლემად წოდებული მონასტრის აღწერას მოსდევს იმის დახასიათება,

თუ ვინ იყვნენ მისი მკვიდრნი და რატომ შეეფარნენ „ღვთის ტაძარს“. ეტყობა,

ილიამ არაერთი სპეციალური მასალა გადაამუშავა მეუდაბნოეთა

ისტორიიდან, რათა სურათი სავსებით უტყუარი გამოსულიყო. უმთავრესი კი

ადამიანია, რომელიც არ შეუშინებია სასტიკ სადგომს, გამოქცევია

საზოგადოებას, ხალხს, ნათესავებს, ახლობლებს და თავშესაფარი ყინულთა

შორის მოქცეულ ტაძარში უპოვია.

თავდაპირველად ილიას არ ჰქონია აღწერილი განდეგილის გარეგნული

სახე, მისი პორტრეტი. შემდეგ, მეგობართა რჩევით, ილიამ იგი

გამოკვეთილად, ცოცხლად, პირდაპირ ფერწერული ოსტატობით დაგვიხატა;

განდეგილის პორტრეტში, რომელიც ძლიერი შტრიხებითაა შესრულებული,

მკაფიოდ იხატება გვემული მწირის მთელი შინაგანი სამყარო. როგორც ილია

აღწერს, ბეთლემის მონასტერში შეხიზნული განდეგილი

არ იყო ხნიერ, მაგრამ, ვით წმინდანს,

სულის სიმაღლე ზედ დასჩნეოდა,

ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი

სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.

სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი

სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,

და მაღალ შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,

შარავანდედი გადაჰფენოდა.

მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება

ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,

თითქო მათშიგან ჩასახლებულა

თვით სათნოება, კდემით მოსილი;

თითქო ნელისა სიხარულითა

სამოთხის ღია კარს შეჰხარიან

და სულთან ერთად უფლისა მიმართ

სასოებითა მიისწრაფიან.

ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ-ქმნილი

ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,

მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა

ძლევით-მოსილსა და განდიდებულს.

განდეგილის ეს ხანგრძლივი წამება, ხორცის გვემა, ყინულებში მარტო

ყოფნა და დღე და ღამ ლოცვა-ვედრება თითქოს უზენაესმა შეისმინაო,

სასწაულით დაგვირგვინდა. მის ბნელ სენაკს, რომელსაც მზის მხრივ

სარკმელი ჰქონდა, ეფინებოდა მზის შუქი და მთვარის ნათელი. ყოველ

განთიადს, როცა სენაკში მზის სხივი სარკმლიდან სვეტად შეიჭრებოდა,

განდეგილი თავის ლოცვანს ამ სვეტს დააყრდნობდა. მზის შუქი წიგნს

იჭერდა, ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე და მწირი თავის სიწმინდეს

ყოველდღე ამ სასწაულით ამოწმებდა.

განდეგილის ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა ბოლომდე, უზენაესისამდი

ლოცვა-ვედრებაში ამოხდებოდა მას სული, რომ ერთხელ ჩვეულებრივი ყოფა

მწირისა არ დარღვეულიყო. ერთ საღამოს უეცრად ატყდა ქარიშხალი,

მყინვარიდან ვეშაპივით მძიმედ დაიძრა შავი ღრუბელი და ამოძრავდნენ

სტიქიური ძალები.

ამ დროს მწირი სენაკში იყო შესული, ის „ცრემლით ალბობდა

ღვთისმშობლის ხატს“, ხელაპყრობილი ევედრებოდა, რომ ქვეყანა

წარწყმედისაგან ეხსნა.

სწორედ ამ დროს გაიგონა „კაცის ხმა“ და „ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა“.

ეცა კარებს, ძირს ჩაიხედა, დაინახა, რომ კარის ჯაჭვს ვიღაც მოსდგომია „ვითა

ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით“ თავშესაფარს ითხოვს. განდეგილი მტკიცე

ნებისყოფის ადამიანია, საფრთხეს არ უშინდება – თუნდაც მაცდური იყავ,

რაკი ღვთის ნებაა გამომცადოს, მოდი, მიგიღებო.

განდეგილმა, რომელიც ქრისტიანული ასკეტიზმის რელიგიურ

რიტუალებს უსასტიკესი ნებისყოფით იცავდა, კარგად იცოდა, რომ ქალი

მიჩნეული იყო ბოროტების განსახიერებად, რომელმაც ადამი შეაცდინა და

ადამიანის შთამომავლობა ტანჯვა-წამებაში ჩააგდო. ამიტომ განდეგილი,

რომელიც დედაკაცში მხოლოდ ცოდვილს, მაცდურს, ეშმაკეულს ხედავს,

შეკრთება, როცა მისი სტუმარი აღმოჩნდება ქალი, ისიც ასე ახალგაზრდა. ამ

სულიერ ვითარებაში იწყება მწირისა და მწყემსი ქალის ურთიერთობა.

თვით „მადლი ტრფობისა“, თუ მოისურვებდა „ხორცშესხმულად“ ევლო

ოდესმე ამქვეყნად, ვერ ინატრებდა „უკეთესს სახეს“, ვიდრე მწყემს ქალს

ჰქონდა. ასეთი ჯადოქრული სილამაზის წინაშე, როცა გააფთრებული მხეციც

კი იძულებული ხდება „დატკბეს და დაწყნარდეს“, განდეგილი როგორღა

გასძლებდა? მაგრამ პოეტს რომ სილამაზით მწირის მოხიბლვა ერთბაშად

ეჩვენებინა, მაშინ არარაობად იქცეოდა წინანდელი დახასიათებანი წლების

მანძილზე სულის უკვდავებისათვის ხორცის გვემისა. თუ არ მოიხიბლებოდა,

მაშინ როგორღა დაგვეჯერებინა მწყემსი ქალის „გასაოცარი შვენება“, რომლის

წინაშე ცეცხლი „უკუ-ჰკრთება“, თვით „მადლი ტრფობისა“ უკეთეს სახეს ვერ

პოულობს „ხორცსხმულად“ ყოფნისათვის, შური და მტრობა ვერავითარ ნაკლს

ვერ აღნიშნავენ, ხოლო გააფთრებული მხეციც წყნარდება?

ეს რთული კითხვები სავსებით ბუნებრივ გადაწყვეტას აღწევენ, როცა

პოეტი გვეუბნება, რომ განდეგილიც, „მწყრალი, გულმშრალი“, რომელსაც

ხორციელი ვნება სრულიად დამცხრალი აქვს, „დაუწყნარდა ძალს შვენებისას“,

მაგრამ ეს არ იყო არც მოხიბლვა, არც დატყვევება, არც დამარცხება.

განდეგილმა მხოლოდ „უცოდველის გულისტკივილით ქალს შეაჩერა

ტყვექმნილი თვალი“. მარტოოდენ თვალი შეიქმნა „ტყვექმნილი“, და არა

„უცოდველი გული“. თვალისა და გულის ამ შეპირისპირებით, რასაც უფრო

ადრე დავით გურამიშვილმა „ქაცვია მწყემსში“ მშვენიერი საგალობლები

მიუძღვნა, შესანიშნავად არის გახსნილი განდეგილის სულიერი მდგომარეობა

მწემსი ქალის სილამაზესთან პირველი შეხვედრისას. თვალი მაცდურია, გული

მართალი – ასე წყვეტდა საკითხს ქრისტიანობა. ხოლო, რაკი განდეგილის

თვალი შეიქმნა „ტყვექმნილი“ და არა გული, ეს მხოლოდ სანახევრო შეცდომა

იყო მწირისა, რასაც იგი ჯერ ვერ გრძნობდა.

აქედან იწყება განდეგილისა და მწემსი ქალის დიალოგი, რომელიც

პოემის იდეურ ღერძს წარმოადგენს. მწემსი ქალი, რეალური ცხოვრების

ღვიძლი შვილი და მისივე წარმომადგენელი, რომელიც ასკეტთან შემთხვევით

მოხვდა, გაოცებული შეეკითხა თავის მასპინძელს: „განა ქვეყნადა შენ არავინ

გყავს, ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“ მწყემსი ქალისათვის წარმოუდგენელია,

ადამიანი სრულიად მოწყვეტილი იყოს მისივე მსგავს ადამიანებს, არავინ

ჰყავდეს ამქვეყნად; მაგრამ მწირი სწორედ ასეთია: ყველა მყავდა, მაგრამ

ყველას გამოვეთხოვე, აქ მოვედი და ღმერთს შევწირე თავიო, - ამბობს

განდეგილი. ეს თავის შეწირვა იმდენად ფანატიკურია, რომ მწყემსი ქალის

შეკითხვაზე - „მას აქეთ რამდენი წელიწადიაო“, - განდეგილი პასუხსაც ვერ

ახერხებს: არ ვიცი, არ ვთვლი წელიწადებს. რაკი წუთისოფელს მოვშორდი,

მის ჟამთასვლას „რაღას ვაქნევო“. მწყემსი ქალისათვის სრულიად უაზროა, თუ

რატომ უნდა სურდეს უზენაესს „ამ ყინულებში ყოფნა კაცისა“. ნუთუ

ღვთაებას სწყინს, რომ ადამიანი შეჰხაროდეს თვით ღვთაების მიერ შექმნილ

ქვეყანას? თუ სწყინს, მაშინ სადღაა არსებობის აზრი? მაშინ უზენაესმა რად

მორთო

ესე ლამაზად წუთი-სოფელი?!

განა მისთვის, რომ ადამიანმა

შეაჩვენოს და აიღოს ხელი?

ყველაფერს უნდა გამოვეთხოვო,

ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!

ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას!

ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!

ეს ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია პოემაში და შესანიშნავად

გამოხატავს ცხოვრების ლაღი შვილის დაეჭვებას რელიგიური დოგმის

ჭეშმარიტებაში. მწყემს ქალს კარგად ესმის, რომ ადამიანის უდიდესი

ბედნიერება თვით რეალურ ცხოვრებაშია და ამიტომ ცდილობს განდეგილს

მოაგონოს ცხოვრების სილამაზე. როგორც გამოცდილი მასწავლებელი, ისე

მიმართავს ახალგაზრდა ქალი მასზე ბევრად ხანდაზმულ მწირს:

ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ?

მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია?!

აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,

აქ ჭირია და იქ კი ლხინია.

ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი

ყველა გულიდამ ამოგიღია?

ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი

თან არავისი წამოგიღია,

არ გაგონდება არც მამა, დედა

ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?

ნუთუ მის-დღეში არა გყოლია

მოკეთე, გულის შემატკივარი?!

მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება მწყემს ქალს ვერ აიძულებს

წუთისოფლის სიტკბო არ განადიდოს, განდეგილის სენაკი სიკვდილად არ

მიიჩნიოს, ჭირს არ შეადაროს, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება,

ათასგვარ განსაცდელთან დაკავშირებული, ლხინად და სიცოცხლედ არ

აღიაროს.

როგორ მოხდა ეს საბედისწერო გათიშვა? პირველს არ ესმის, ვერ გაუგია

და მეორისაგან პასუხს მოითხოვს. მწირის პასუხი კი ასეთია: „რა გითხრა,

შვილო? ყველაზე უფრო სული ტკბილია, იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა და

ეგ ყოველი მის ბორკილია“. ამ ფილოსოფიურ პასუხში კვლავ განდიდებულია

არა ცხოვრებისეული, არამედ მეტაფიზიკური, ქრისტიანული დოქტრინით

შებოჭილი სული, რომელსაც წუთისოფელი ბორკილად მიაჩნია, და ტყვეობას

რომ თავი დააღწიოს – მისგან გარბის, როგორც ბორკილისაგან. თუ ასეა, მაშინ

ყველა ადამიანი, ვინც „ქვეყნად არის“, წუთისოფლის ტყვეა, წაწყმედილია და

თავის სულს ვერაფრით ვერ იხსნის? – ასე აყენებს კითხვას მწყემსი ქალი.

განდეგილი უპასუხებს, რომ „ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა ასეთი

მერგო მე... უბედურსა“.

მაგრამ ეს პასუხი ხომ იმის გამომჟღავნებაა, რომ მწირს, რომელსაც

ხორცი დაუგმია, სული უხსნია და ღვთაებისათვის ყველაფერი შეუწირავს,

ბედნიერება მაინც ვერ უპოვია, რაკი თავისი თავი უბედურად მიაჩნია.

თვითონაც უნდა გაჰკვირებოდა ასეთი პასუხი, როგორც უკმაყოფილების

გამოხატულება, და განდეგილიც უეცრად მიხვდა, რომ რაღაც „საშინელება“

ჩაიდინა. ეს შინაგანი ქენჯნა, თვითანალიზი და სულიერი ღელვა განდეგილის

არსებაში არყევს ყველაფერს, რაც ცოცხალი შერჩენია. განა შეიძლებოდა

თავისი ბედით ოდნავი უკმაყოფილება გამოეთქვა ადამიანს, რომელმაც

ბედნიერების დაკარგვად კი არა, უკვდავებად და ცხოვრების ერთადერთ

აზრად მიიჩნია ის, რაც გააკეთა – საწუთროების დაძლევა? აქამდე ის ხომ

ყოველთვის კმაყოფილი იყო, რომ მოიპოვა სულის სიმშვიდე, ცხოვრებას

განუდგა, შეიძლო ხორცის, გულისთქმისა და ვნების დამარხვა. ამით მან

„სულს დაუდგა წმინდა საყდარი უკვდავებისა“. თუ ასე იყო, საიდან გაჩნდა,

როგორ „მოადგა ენაზე“ ეს „უბედურსაო“?!

ილია ჭავჭავაძემ დიდი ფსიქოლოგიური დაკვირვებით, შემოქმედის

ტაქტითა და მაღალი ოსტატობით დაგვიხატა განდეგილის შინაგანი ჭიდილი

– აზრისა და გრძნობის, სულისა და ხორცის, გონებისა და ვნების ორთა

ბრძოლა, მწირის სულიერი განვითარება, მის არსებაში მომხდარი ცვლილება

მას შემდეგ, რაც ცხოვრებისაგან გაქცეული ცხოვრებას შეეჯახა. ჩვენ სავსებით

ნათლად წარმოგვიდგება აფორიაქებული სული განდეგილისა – ეძებს მტერს,

რომელმაც შეაცდინა, მაგრამ ვერ ხედავს, თვალი კი ხარბად ეწაფება ცეხცლის

პირას მიძინებულ მშვენებას. მისი აღწერა თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო

საჭირო, რაკი ერთხელ, XII და XIII თავებში პოეტმა უკვე გვიჩვენა ცეცხლის

პირას მიმჯდარი ახალგაზრდა მწყემსი ქალის გასაოცარი სილამაზე. მაგრამ ეს

არ არის უბრალო განმეორება. თავდაპირველად სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი

სრულიად სხვაა. სტუმარი მიძინებულია, ხოლო განდეგილი პირველად

გრძნობს ცოდვას, რაკი თვის თავს უბედური უწოდა. მისი აფორიაქებული

არსება პირისპირ აღმოჩნდება უჩეულო სილამაზის წინაშე:

საოცარ იყო მიძინებული

იგი სიტურფე, იგი მშვენება!..

თითქოს მის შექმნას ერთად ცდილანო

თვით სიყვარული და ნეტარება.

თითქო თვით მადლსა მშვენებისასა

თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია

და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,

სული მის ღაწვზედ დაულევია.

ამ სილამაზის ხილვამ განდეგილს აფორიაქებული სული დაუმშვიდა.

მისი თვალი კვლავ „ტყვექმნილი“ შეიქმნა და მწირმა ჯერ კიდევ ვერ შეიცნო,

თუ „რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს“. ისიც ვერ გაიგო, „ის _______სახე ატკბობს, თუ

ეოცება“. სურს მოერიდოს, განშორდეს, მაგრამ თვალი არ ემორჩილება, არ

ნებდება. დიდხანს დასცქერის მომჯადოებელ მშვენებას, გრძნობს რაღაც ნელსა

და თბილ სხივს, რომელიც „გულს ჩაეფინება“. არ იცის კი, რა არის ეს –

ძრწოლაა? მაგრამ რად არის ასე საამო და ტკბილი? ან გული რად უცემს

უცნაურად? წინათაც ხომ ჰქონდა გულისცემა. მაგრამ ეხლა სულ სხვაა – მისი

გული თითქოს ებანს სცემს და გაისმის „ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა“. საბრალო

მწირმა პირველად განიცადა უცნაური გრძნობა და მისი არსების დამცხრალი

შინაგანი ძალები ერთბაშად გაცოცხლდნენ. „როგორ იწამოს და რა დაარქვას ამ

ჯერ არცნობილს სიტკობებასა?“ ნუთუ ეს არის ცოდვა? მაგრამ, თუ ნამდვილად

ცოდვაა, მაშინ რატომ ჰგავს იგი „სულისთვის აღთქმულ უკვდავებას?“ ეს

სრულიად აუხსნელი და შეუცნობელია, მწირს არ შეუძლია მისი გაგება. მან

ფეხი წინ წადგა, თუმცა არ იცის – რატომ და რისთვის? მძინარე ქალის

ღიმილით გაპობილი ბაგე „ზედ დასაკდომად კოცნას იწვევდა“. ამ ცთუნებას

ისეთი ძალა ჰქონდა, რომ „ზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა“. როგორღა

შეეძლო გაძლება საბრალო მწირს? და ისიც მოტყდა, მძინარე ქალისაკენ

საკოცნელად თავი დახარა, მაგრამ...

უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,

ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..

ნუთუ იძლია? არა და არა!..

მის სასოება არ დაუძლურდეს

და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,

იგივე უნდა ბოლომდის სწყურდეს!..

არა და არა!.. არ აიყრის მადლს,

და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,

არ ანაცვალებს და არ დაუთმობს

ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!

არ დაუთმობს! განდეგილს ხომ მტკიცე ნებისყოფა აქვს, ათეული წლები

გადაუტანია ხორცის გვემაში და განა ერთ წუთს შეუძლია მისი მოდრეკა? არა,

ეს შეუძლებელია – ასე სურს დააჯეროს თავისი თავი, მაგრამ მწირს,

რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილს, ეჭვი უღრღნის აფორიაქებულ სულს,

რაღაც იდუმალი ხმა ჩასძახის, რომ იგი უკვე წაწყმედილია, ვიღაც

გახარებული მის მკვდარ გულში გაჰკივის - „დაგძლიე თუ არ!“.. განდეგილს

რაღაც ხარხარი ესმის, ვიღაც დასცინის, ირგვლივ თითქოს ლხენაა და მან ვერ

გაარკვია – მართლა ასეა, თუ ყველაფერი ეს მხოლოდ „ცდომაა ყურთა

სმენისა!“ გაოგნებული და შეძრწუნებული მწირი, რომელმაც უკვე განიცადა

ძლიერი სულიერი ტრავმა, ეძებს ხსნას, შველას, შიშითა და ზარით ირგვლივ

იხედება, მაგრამ კვლავ არავინ არის, გარდა მძინარე ქალისა. „უცებ ძრწოლით,

კანკალით პირქვე დაემხო“ ხატის წინ, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. ძრწოლა,

შიში და ზარი კვლავ გრძელდება, კვლავ დაუსრულებლად ისმის „ნიშნგების

წყეულთ ხარხარი“.

პოემის დასასრულს, კვანძის გახსნის დროს, რაც ამთავრებს მწირის

ტრაგედიას, ილია მოერიდა გარეგნულ ეფექტებს. ხასიათების

თანამიმდევრული ჩვენების ერთგული, იგი ბოლომდე დარჩა ამ

შემოქმედებითი პრინციპის დამცველად. XXVII თავში მან მოგვცა სენაკიდან

გარეთ გავარდნილი მწირის სახე, რომელიც სალ კლდეებში დარბის

სიკვდილივით გაფითრებული. უცებ იგი მივარდება „ზღუდის პირს“,

საიდანაც გასცქერის მთის წვერს, თითქოს იქიდან მოელოდეს „თვის

უკანასკნელ ნუგეშს და ბედსა“. განდეგილი ელოდება მზის ამოსვლას, მაგრამ

ეჩვენება, რომ „არ ამოდის“, „იგვიანებს“. მისთვის წინათ ჟამიც კი „არარა იყო“,

ხოლო ახლა წუთიც უძნელდება. ბოლოს, „ამოვიდა მზეც“, გახარებული მწირი

მსწრაფლ უკუიქცა, სენაკში შევარდა, დაინახა, რომ უზენაესის წყალობა არ

დაუკარგავს – მზის სხივი სვეტად კვლავ სარკმელში ჩამდგარიყო:

გულზედ მოეშო... კვლავ სასოებით

დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,

კვლავ ჰნახა იგი ცხოველი ხატი

მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.

არ შერისხულა, სჩანს, ჯერეთ ღვთისგან!...

და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...

მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ.

და აჰა, სხივმა არ დაიჭირა!..

დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.

მწირის ასეთი კატასტროფული აღსასრული სავსებით ბუნებრივია.

ფანატიკურად გატაცებულ ადამიანს, თუ მასულდგმულებელი იდეა

ერთბაშად დაეღუპება, უეცრად სიკვდილი არ ასცდება. განდეგილი კი სწორედ

ასეთი ფანატიკოსი იყო. დამარცხდა ასკეტური იდეალი, გატყდა განდეგილის

ნებისყოფა, გაიმარჯვა ცხოვრებამ, როგორც ერთადერთმა გონივრულმა

საწყისმა ადამიანის არსებობისა.

პოემის ფინალში ერთხელ კიდევ ხაზგასმულია განდეგილობის

არარაობა, როცა პოეტი მეუდაბნოეთა სადგურს გვიხატავს, როგორც

ნანგრევთა და ნატამალთა გროვას, რომელსაც დაჰპატრონებია მარტოოდენ

ჭექა-ქუხილით დამფრთხალი ნადირი:

და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ

ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,

იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ

მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, -

აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა

მარტო ქარიღა დადის და ქშუის

და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით

მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...

განდეგილის დამარცხება, მისი სენაკის გავერანება საზოგადოებრივი

ცხოვრების გამარჯვებისა და ასკეტიზმის უმწეობის დადასტურებაა. ადამიანი

საზოგადოების წევრია და საზოგადოების გარეშე არსებობა არ შეუძლია. ილია

ჭავჭავაძის პოემაში ისიც ხაზგასმულია, რომ თუ ასკეტური იდეალების

დაცვაში ისეთი მტკიცე ნებისყოფის, ფანატიკური ადამიანი დამარცხდა,

როგორც განდეგილი იყო, მაშინ სხვა როგორღა შეძლებდა გამარჯვება

მოეპოვებინა? ასკეტიზმი, საერთოდ, უგუნურებაა, ცხოვრება ყოველთვის

გაიმარჯვებს განდეგილობასთან ბრძოლაში. განდეგილი ეურჩებოდა

ბუნებრივ მოთხოვნილებას, უარყოფდა იმას, რასაც ბუნება მოითხოვდა; ამით

იგი თვით ბუნებას აუქმებდა, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო მოხდა:

განდეგილმა ბუნება ვერ დათრგუნა, ხოლო ბუნებამ თვით განდეგილი მოსპო.

ბუნების უარმყოფელი თვით ბუნებამ უარყო, რითაც ერთხელ კიდევ

დამარცხდა ასკეტიზმი, როგორც ანტიადამიანური და ანტისაზოგადოებრივი

მოვლენა.

* * *

ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კლასიკური

რეალიზმის ფუძემდებელი და ბრწყინვალე წარმომადგენელია მხატვრულ

პროზაში. ქრონოლოგიურად მისი პირველი პროზაული ნაწარმოებია

„მგზავრის წერილები“ ანუ „ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე“. ამ ნაწარმოებში

ილია ჩვენს წინაშე დგას, როგორც სამშობლოს სამსახურისათვის მზადმყოფი,

ერის სადიდებლად ბრძოლისა და შრომის მძიმე ტვირთის მზიდავი: „ოთხი

წელიწადი იყო, - წერს ილია, - რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა

არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი

წელიწადია?! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას

მოშორებია. მეორე, ეს ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების

წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელის და სინათლის შუა ბედისაგან

გადებული“. დარიალის ვიწრო ხეობასთან შესასვენებლად „პოვოსკიდან“

ჩამომხდარი პოეტი ათასგვარ საგანზე ფიქრობს და ყველა ეს ფიქრი სამშობლო

ქვეყნის ზრუნვას გამოხატავს. „...ჩემი გონების თვალი ერთ-და-იგივე საგანზედ

ერთს წუთსაც ვერ გავაჩერე – ერთის სიტყვით, ჩემს ტვინში სრული

რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა

დალაგებულნი ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუცია“

არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ

მშვიდობიანობა მოაქვს“. მშვენიერი განმარტებაა და იმის მაჩვენებელიც, რომ

რევოლუცია არ შეიძლება მოხდეს იქ, სადაც წესრიგია, რევოლუციას

ყოველთვის რაღაც უწესრიგობა ბადებს და რევოლუცია უწესრიგობის მტერია,

მისი მესაფლავეა. ამიტომ რევოლუცია წესრიგის განსახიერება, მშვიდობის

განდიდება და წესიერების დამკვიდრებაა. ამის შემდეგ ილიას როდი

შეეშინდებოდა, თუ მისი პირველი გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე

დიდ მითქმა-მოთქმას, შეჯახებას, ჭიდილს, ძველის აფორიაქებას

გამოიწვევდა. რომ ეს საკითხები მტანჯველად აწუხებდა პოეტს იმ დროს,

სავსებით გასაგებია საკუთარ თავთან ავტორის დიალოგში, სადაც იგი ფარდას

ხდის გულისა და გონების შინაგან სამყაროს, გვაცნობს ყველაზე სანუკვარ

აზრებს.

ამ აზრთა და საკითხთა შორის ერთ-ერთი პირველია, თუ როგორ

მიიღებს მშობელი ქვეყანა თავისი მზრუნველი შვილის სამსახურს: გაიგებს,

იგრძნობს, შეითვისებს? ხომ შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო მოხდეს?

შეიძლებს კი სამშობლოს ტვირთის ზიდვას? ეს ხომ, პირველ ყოვლისა, საქმეს

ნიშნავს, პრაქტიკულ საქმეს, და არა მარტო სურვილს. „შენმა ქვეყანამ საქმე

რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? – ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც.

ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების

გრეხილი“.

შესწყვიტა, ვინაიდან ამ უკანასკნელ კითხვაზე რეალური პასუხის

გაცემა თვით მომავალ საქმეს შეეძლო და არა სიტყვას, თუნდაც ურყევსა და

თვითდაჯერებულს.

ილია ჭავჭავაძემ ბრწყინვალე შედარებაში გახსნა თავისი ყველაზე

სანუკვარი იდეები: „მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი,

მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს

და არ მათბობს – ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი თავის დიდებულებით

საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა_______, რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის

ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ

ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას

მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა

სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა.

დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი

და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მოდის

და მობღავის და აბღავლებს თავის გარეშემოს. მიყვარს თერგის ზარიანი

ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა

ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც

არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარ-ტუტა.

მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია – როგორც

უკვდავება და ჩუმია – როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით

უფრო რომ მიუკარებლად მაღალია, ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი

ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა,

მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომ მე, როგორც ქვეყნის

შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ

მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა

მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ

მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და

შეუპოვარ ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი

ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი

საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო

მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“...

არსებითად ეს იყო ქვაკუთხედი მთელი იმ მოქმედების ფილოსოფიისა,

რომელიც ილია ჭავჭავაძემ გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიმუშავა,

როგორც თერგდალეულთა იდეური კონცეფციის ძირითადი საფუძველი.

მყინვარისა და თერგის სიმბოლური პარალელი მეტ ძალას იძენდა,

შინაარსეულად ძლიერდებოდა დღისა და ღამის ღრმად გააზრებული

შედარებით. ღამე უძლურია დღესთან ბრძოლაში, რაკი დღე სიცოცხლის

სინონიმია. დღე და ღამე თითქოს სიმბოლურად განასახიერებენ ადამიანური

ცხოვრების კეთილსა და ბოროტ საწყისებს, რასაც ილიამ ასე ღრმა საფუძვლები

მოუნახა: „დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის

მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვისა და წადილის

გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარ სჩანს ჩემს გარშემო. ვაი,

რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და

მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და

მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-

ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე!.. შენის კალთის ქვეშა, ვინ

იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ

იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი

მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის

შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც

თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებას

უბედურებას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე. შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების

სერობისა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა და უმეცრებისა, ჰოი,

ბოროტო, წარვედ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..“

მაგრამ ეს არ იყო მარტოოდენ ნათელი დღის ღაღადისი, სიბნელისა და

უმეცრების, ბოროტებისა და უბედურების დათრგუნვის მძაფრი სურვილი;

ერთსა და იმავე დროს ეს იყო ადამიანობის, კაცურკაცობის ქებათა-ქება,

„გაღვიძებული ადამიანის“ განდიდების ჰიმნი, სიმღერა ადამიანისა, რომელიც

შრომობს, იბრძვის, ქვეყნის ჭირ-ვარამისათვის გული შესტკივა,

საზოგადოებრივს, საერთოს პირადულზე მაღლა აყენებს.

ასეთი ადამიანები, ძილშიაც რომ არ ეძინათ სამშობლო ქვეყნის

უბედურებით გულ-აღტყინებულთ, ილია ჭავჭავაძემ, პირველ ყოვლისა,

ხალხის წიაღში დაინახა, მიაგნო მათ აზრს, წადილს, ჩასწვდა სულის სიღრმეში

და ერთი მათგანი – მოხევე ლელთ ღუნია წარმოგვიდგინა, როგორც თვით

ხალხის სახე, მისი სანუკვარი იმედების ცოცხალი განსახიერება.

სტეფანწმინდიდან ცხენებზე შემსხდარნი ლელთ ღუნია და „მგზავრის

წერილების“ ავტორი საუბარს იწყებენ ყაზბეგის მთის, მის გვერდით ობლად

მიკრული სამების ეკლესიის მიდამოებში, საქართველოს ერთ ულამაზეს

კუთხეში, და მკითხველის წინაშე ერთბაშად ცოცხლდება ბუნების

გრანდიოზულ სურათებთან ერთად ხალხის იმდროინდელი განწყობილება.

მოხევე ლელთ ღუნია ავტორმა ისე კოლორიტულად დახატა, იმდენი სითბო,

უშუალობა, იმდენი სიდარბაისლე, გონებამახვილობა და შინაგანი სიმძლავრე

მისცა, რომ მისი სახით ჩვენს წინაშე წარმოსდგა არა მარტო ხალხის შვილი,

რომელიც ასე განუყოფლად შეზრდია თავის მშობელ ქვეყანას, მშობელ ერს,

არამედ მთელი ხალხიც. მისი სიტყვები სამების ეკლესიაზე, როგორც „განძთა

საფარსა“ და „ერთა საბჭოზე“, წარსულის ჯანსაღ ტრადიციებზე იმდენად

ბუნებრივი, იმდენად ხალხური ძირებითაა სავსე, რომ მოხევე ლელთ ღუნია

თავისი მშობელი ერის იმდროინდელ ფიქრთა და ზრახვათა ცოცხალ

მემატიანედ გვევლინება. მისი სიტყვების დედაძარღვი გამძლე და მტკიცეა – აქ

იგი ისევე გაუტეხელია, როგორც გრანიტი და შეუძლებელია ლელთ ღუნია

გადააჯერო. რაც წლობით უფიქრია, შეუთვისებია, შეუგნია, რწმენად გაუხდია,

- ძვალ-რბილში, სულსა და გონებაში გამჯდარი აქვს და შეუძლებელია მისგან

პროზელიტი გამოვიდეს. აბა, დააკვირდით მის მსჯელობას, საერთოდ

დიალოგს: „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს,

მით იყვის უკედ“, - ამბობს ლელთ ღუნია. „მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე

მაგის გასინჯვაში არ შევალ, - გვეუბნება ავტორი, - ან რა ჩემი საქმეა ეგა? მე

გაკვრით, როგორც მგზავრი, ვიხსენიებ მას, რაც მისგან გამიგონია. ჩემი ცდა

მარტო იმაშია, რომ აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის

სიტყვისათვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც

შემისრულებია“. ავტორი ასე ამბობს, იმასაც დასძენს, რომ ლელთ ღუნიას

ბევრი რამ სხვაც უთქვამს, რაც „მგზავრის წერილებში“ არ შესულა

„შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“. მაგრამ თუ დააკვირდებით თვით

ნაწარმოების დასასრულს, სადაც ლირიკული გადახვევებია, მაშინ ყველაფერი

სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ლელთ ღუნიამ ძალიან კარგად მიახვედრა

„მგზავრის წერილების“ ავტორი იმ გულისტკივილს, რომელიც არა მარტო

ერთი ადამიანის – ერთი მოხევის აზრს გამოხატავდა, არამედ იმდროინდელი

მოწინავე საზოგადოების ზრუნვის საგნად იყო გადაქცეული. და ავტორიც

მიუხვდა თავის გმირს, გაიგო მისი აზრთა დენის ძირითადი მაგისტრალი,

რომელსაც შემდეგი გამოსათხოვარი სიტყვები მიუძღვნა: „მიგიხვდი, ჩემო

მოხევე, რა ნესტარითაცა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ –

სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა

ტვინიდამ გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა.

როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის,

როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!“..

ამ პასუხს დიდხანს დააგვიანდა, მთელი ეპოქაც არ ეყო, თუმცა

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ილია ჭავჭავაძემ არაჩვეულებრივი

ნაყოფიერებითა და შეუპოვრობით დაიწყო ბრძოლა აღთქმული იდეების

პრაქტიკული განხორციელებისათვის. ბრძოლის უმთავრესი საგანი

მოუწესრიგებელი სოციალური და ეროვნული ცხოვრება იყო, მისი შინაგანი

სიცარიელისა და გაუმართლებელი წყობის დაუნდობელი მხილება.

არსებითად ეს ბრძოლა უკვე დაწყებული იყო, კერძოდ იმ ნაწარმოებშიაც,

რომელსაც „გლახის ნაამბობი“ ეწოდება და რომელიც ილიამ 1859 წელს

პეტერბურგში დაწერა. მოთხრობა ბატონყმობის დროინდელ სინამდვილეს

აღწერს, როგორც ანტიადამიანურსა და, მაშასადამე, ყოვლად

გაუმართლებელს. ბატონყმური ცხოვრება აჩანაგებს, სპობს, არარაობად აქცევს

კაცის ღირსებას. ამ მახინჯ სოციალურ სინამდვილეში ყველა გრძნობა

შერყვნილი და შელახულია, ადამიანი ისე ნადირობს ადამიანზე, როგორც

ტყეში გარეულ მხეცზე. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მოთხრობა იწყება

ნადირობის მშვენიერი აღწერით.

„გლახის ნაამბობის“ შინაარსი არსებითად იწყება მოთხრობის მეორე

თავიდან, რომელშიაც აღწერილია ავტორის შეხვედრა ნაწარმოების მთავარ

გმირთან, სხვის სოფელს შეკედლებულ გლახასთან, რომელიც არავის უამბობს

თავის განვლილ ცხოვრებას, საკუთარ სახელსაც არავის ეუბნება. ეს გარემოება

კიდევ უფრო აძლიერებს მკითხველის ინტერესს და ავტორის სიტყვები -

„გავიზრახე, რომ თითონ გლახას, რაც უნდა დამემართოს, გამოვათქმევინო

თავისი ვინაობა“, - ფსიქოლოგიურად განაწყობს მოთხრობის მძაფრი

სიუჟეტისამდი.

თუ როგორ მოხდა, რომ ამ უბედურმა კაცმა თავისი მიწა-წყალი

დაკარგა, გლახას არავისთვის უამბნია. მაგრამ ახლა, როცა მისი სიცოცხლის

დღეები დათვლილია, გადაწყვეტს მოჰყვეს თავისი უბედურების ისტორია.

მისი ცხოვრება დამთავრებულია და შიშიც არაფრისა აღარა აქვს. და გლახაც

დაწვრილებით გვიყვება თავისი ცხოვრების მართლაც შემაძრწუნებელ

მოთხრობას. ამ მოთხრობის პირველივე სიტყვა ჩვენთვის ამაზრზენია. ჯერ

კიდევ, ახალგაზრდა კაცი, 25 – 26 წლისა, მაგრამ ღრმად მოხუცებულივით

უსასოო და დავრდომილი, გვეუბნება, რომ იგი არის ნაყაჩაღევი. მისი „თავი

ერთ დროს წმინდა-გიორგის ჯვრად იყო დაფასებული“. მაგრამ ტყვიას

გადაურჩა. ერთ დროს კაი მოსხეპილი, ხელმარჯვე ბიჭი ვიყავი, - გვეუბნება

გლახა, - „ძალი და ღონე ყველაფერში შემწევდა, მაგრამ... მე საყაჩაღო კაცი არ

ვიყავი. აქ ასეთი გული უნდა, რომ დედას კალთაში შვილი მოუკლა და ხელი

არ აგიკანკალდეს. მე იმისთანა არ ვიყავი: გული მორბილებული მქონდა

პატარაობითვე, მე ყმაწვილობითვე სხვა მზემ დამკრა და სხვარიგად გამითბო

გული; მაგრამ ჟამმა მიმუხთლა და კაცმა არ მიპატივა, მეც დავკარ ფეხი და

გავვარდი ყაჩაღად“.

გლახა არ გვეუბნება, საქართველოს რომელი კუთხიდანაა მოსული

კახეთში, იმერელ ბიჭთან დიალოგში, როცა ახალგაზრდა იყო, უთქვამს, მაგრამ

ახლა ისევ მალავს. მხოლოდ ის ვიცით გლახას შესახებ, რომ შვიდი წლის

ასაკიდან ოც წლამდე ბატონთან ყმად არის. ბავშვობიდანვე გლახა ემსახურება

თავისივე ასაკის ბატონიშვილს დათიკოს. როგორც თვითონვე ამბობს, დათიკო

პატარაობისას კარგი ბავშვი ყოფილა. იმდენად ჰყვარებია ყმა-გლეხის შვილი

გაბრო, რომ მისი წყენა „ბატონის სახლში არავის შეეძლო“. გაბროსაც შინისკენ

გული არ მიუწევდა, „სულთამხუთავი დედინაცვალი“ ჰყავდა, ხოლო დათიკო

ანებივრებდა. მათ ხომ ერთმანეთი უყვარდათ. „მაშინ რა ვიცოდი სულელმა, -

ამბობს სიკვდილის წინ გლახა, - რომ უფროს-უმცროსობაში სიყვარული

სიზმარია? რა ვიცოდი, რომ ბატონ-ყმობის შუა სიყვარულის ხიდი არ

გაიდება?“ დიახ, რა იცოდა, ან როგორ შეეძლო სცოდნოდა, სოციალური

იერარქიის ეს საშინელი ფილოსოფია ყმაგლეხის ბიჭს, რომელსაც პატარა

ბატონის ბავშვური ქცევა ცხოვრების სინამდვილედ ეხატებოდა.

ეს ფილოსოფია მან გაიგო გვიან, როცა ბატონყმური სინამდვილის

არტახები ღრმად შემოეჭდო, სუნთქვა შეუგუბა, ხოლო შემდეგ მიწასთან

გაასწორა. გაბრო ერთი იმ უბედურ ყმაგლეხთაგანია, ვისაც ბუნებამ ყველა

სიკეთე უწყალობა, მაგრამ მახინჯმა სოციალურმა წყობამ წაართვა. ის ჯერ

კიდევ ბურანში იყო, როცა თოთხმეტი წელი შეუსრულდა, ბატონმა თავისი

შვილი ქალაქში გაგზავნა სასწავლებლად და გაბროც თან გააყოლა. ქალაქში

ისინი ერთად ცხოვრობენ. პატარა ბატონი სკოლაში დადის, გაბრო კი შინ

რჩება. როცა დათიკოს დილით სკოლაში გაისტუმრებს, სახლს დაგვის, შემდეგ

თავისუფალია და სწორედ ამ „თავისუფლებამ“ საშუალება მისცა გაეცნო

„ერთი მოზრდილი იმერელი ბიჭი“, რომელიც „საღამოს ხნობით გამოდიოდა,

დაჯდებოდა კარების დირეზედ და სულ რაღაც ხელნაწერსა ჰკითხულობდა“.

ეს ყმაწვილი, სომეხი ვაჭრის მოსამსახურე, ქალაქში შეხვედრია ერთ მღვდელს,

რომელსაც მისთვის წერა-კითხვა უსწავლებია. გლახუკა (ასე ერქვა ბიჭს) ისე

გაიტაცებს წიგნების კითხვით გაბროს, რომ გადააწყვეტინებს თვითონაც

შეისწავლოს წერა-კითხვა იმ მღვდილის დახმარებით, მართალია, მას ანაფორა

აცვია, მაგრამ დაბალი სასულიერო წოდების ტანსაცმელში გამოწყობილი

კულტურტრეგერია, მომავალი ხალხოსანია. როცა გლახუკა ამაგისათვის

დაზოგილ ორ მანეთს მიუტანს, მღვდელი უსაყვედურებს - „თუ მეტია

შენთვის, იმას მიეცი, ვინც მე და შენზედ უფრო ღარიბია... აგერ, ამ თქვენის

ქუჩის ბოლოს, ერთი ღარიბი სახლობა არის, პურის შოვნის ილაჯი არა აქვთ...“

გლახუკა მართლა ასე მოიქცევა, თავის მაწავლებელს კი შემდეგი სიტყვებით

შეამკობს: „აი, რა მადლიანი კაცია!... ნეტა თვითონ ჰქონდეს რაიმე მაინცა!

ღვთის განაჩენი არა აბადია-რა, დღე-დღეურად ძლივა სცხოვრობს“.

იშვიათად თუ იქნებოდა ასეთი კაცი ანაფორიანთა შორის, მაგრამ

ავტორმა ამით ის გვითხრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყვნენ ღვთისმსახურნი.

ის მუდამ ხალხშია, ესაუბრება, რჩევა-დარიგებას აძლევს მათ, ეხუმრება,

ხალხის სიყვარულითაა შემოსილი, მსუბუქი ირონიით კენწლავს, ვინც მასთან

წიგნის შესასწავლად აღარ დადის, ყმაგლეხ პეტრეს, რომელმაც შვილს სწავლა

დაუშალა, თვალს უხელს, მოჩხუბარ ძმებს ადამიანურ სათნოებას მოაგონებს,

მუშას წყალში დახრჩობას გადაარჩენს... მოძღვარი ალეგორიულად შესტრფის

მომავალ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სწამს, რომ ისეთი დრო

დადგება, როგორც ჭირნახულისათვის შემოდგომაა. ავტორი თავის გმირს ასე

ალაპარაკებს მოძღვარზე: „ორიოდე ნათელი დღე მე იმასთან გამიტარებია,

გონებისა და ადამიანის თვალი, - ავად თუ კარგად, - იმასთან ამიხილებია.

ჩემის ბნელის ცხოვრების გზაზედ იმის მეტი ვარსკვლავი არ ამოსულა, - და ამ

უპირო ქვეყანამ სხვა ნურა დამაყვედროს რა“.

ქალაქში დათიკო და გაბრო ხუთ წელიწადს იყვნენ. დათიკო სულ

დროსტარებაში იყო, არ სწავლობდა. როცა მეექვსე წელს მამა გარდაეცვალა,

არა მარტო სწავლას, ქალაქსაც თავი დაანება და მოძღვრის თხოვნაზე – სწავლა

არ შეეწყვიტა, კატეგორიული უარი განაცხადა. მარტო ერთი გაბრო წუხდა,

რომ სწავლას წყდებოდა, „მოძღვარს რომ ეთქვა – ნუ წახვალო, - გვეუბნება

გაბრო, - იქნება არც კი წავსულიყავი“ სოფლად დათიკოსთან, მაგრამ ბედს ასე

სურდა. მოძღვარმა ერთხელ კიდევ დაარიგა თავისი საყვარელი შეგირდი და

ცხოვრების კეთილი გზისაკენ მიუთითა: „მშვიდობით ჩემო გაბრიელ!

მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის კაცური გექნება. ესეც

იცოდე: ვინც კარგსა საქმეს არ მისდევს, იგი თავისა მტერია“. ეს იყო

უკანასკნელი მამაშვილური დარიგება მოძღვრისა. ამის შემდეგ გაბროს

ცხოვრების გზა სულ სხვაგვარად წარიმართა.

სოფელში ჩასვლისთანავე დათიკომ გაბროს ჩააბარა სახლ-კარისა და

მამულის მოვლა. ისე გამოაწყო ახალ ტანსაცმელში, რომ „თავადისშვილში ვერ

გამომარჩევდითო“, - გვებუნება გაბრო, ბავშვობიდანვე ძმასავით შეზრდილი

ყმაც უდიდესი ერთგულებით უვლის ბატონის ქონებას. ყმის ამ ერთგულებას

პირველ ხანებში დათიკოც აფასებდა: „ტოლ-ამხანაგად მინახავდა და ძალიან

მადლობელი იყო ჩემიო,“ – ამბობს გაბრო.

თუ როგორი ბატონი შეიქნა დათიკო, თვით გაბრო გვიხასიათებს, როცა

მის გარეგნულ შესახედაობასაც აგვიწერს. მოხდენილი კაცი იყო, მაგრამ

„ნამუსგაქნილიცა. რაკი გულში ვისმე ქალის ფიქრს ჩაიდებდა, თავის გულის

წადილისათვის არაფერს დაერიდებოდა, არაფერს ითაკილებდა, არაფერს და

არავის დაზოგავდა. ბევრს გლეხის გოგოს მოუკლა იმან ნამუსი, ბევრს კაი

ოჯახის-შვილს თავზედ ლაფი დაასხა“.

აი, ახალგაზრდა თავადიშვილის, ბატონის ტიპიური ნიშან-თვისებები.

მისი ამორალური საქციელი იმდენად აღმაშფოთებელი შეიქნა გაბროსათვის,

რომ მოჰკლავდა, მაგრამ ძველი, ბავშვური სიყვარული დათიკოსადმი

აჩერებდა. „ქვეყანა წამურტლა და აქამდისაც მიკვირს, რომ ამ მართლა-და

მურტალს ქვეყანაზედ კაცი არ გამოჩნდა, რომ თოფი ეკრა და მიწასთან

გაესწორებინა“.

მიწასთან გასწორება მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა ძლიერ სულს ასეთივე

ძლიერი უხეში ძალა დაეჯახა. ეს ტრაგედია უკავშირდება ამავე სოფელში

მცხოვრებ დათიკოს ყმაგლეხს პეპიას და მის „ჯეირანივით გოგოს“ – თამროს.

პეპია კეთილი კაცი იყო, „ხანში შესული, დროული, გლეხკაცობაში სახელიანი

და პატივცემული“. ახლად დაქვრივებულ პეპიას თამროს მეტი არავინ ჰყავდა.

თამრო იყო „თეთრ-წითური, შავ-თვალ-წარბა, ტანწვრილი და მაღალი. ბევრი

თავადის-შვილის ქალი ინატრებდა იმის ჯეირანივით მოღერებულ ყელსა,

იმის გიშრის თმასა, ლერწამს ტანსა“.

მოჰკრა თუ არა თვალი ამ განხორციელებულ მშვენიერებას, გაბროს

ჭაბუკ გულს ერთბაშად მოედო პირველი სიყვარულის ცეცხლი. ერთხელ,

საყდარში დათიკოს უნახავს თამრო, ძალიან მოსწონებია და თავხედურად

უთქვამს პეპიასათვის: შენი გოგო „კაი საპროშტავი ყოფილაო“. გაიგონა თუ არა

პეპიამ დათიკოს ეს სიტყვები, უმალ მიხვდა „რაც იყო ბატონის მოწონება და

რასაც მოასწავებდა“ მისი ერთადერთი ქალიშვილისათვის. პირველი ღამის

უფლება ჯერ კიდევ ძალაში იყო და ბატონები უარს როდი ამბობდნენ ამ

პირუტყვული კანონის გამოყენებაზე. დათიკოს განზრახვა გაბრომაც შეიტყო

და, როგორც თვითონვე ამბობს, ღმერთს შეჰფიცა: მოვკვდები, მაგრამ თამროს

კი „არავის წავაქელვინებო“.

რაკი თამროსთან ვერაფერს გახდა, მიზეზი კი გაბრო იყო, დათიკომ

გადაწყვიტა სხვა გზას დასდგომოდა. რჩევა მისცა გაბროს: სულელი

ყოფილხარ, რომ თამროზე ჯვარს იწერო, „ქალი ჟინის საკლავად არის კარგი

და არა ზურგზედ ასაკიდად“. მაგრამ მე არ გიშლი, დაიწერე ჯვარი, „ქალი

ჩემია და მზითევსაც იმიტომ გპირდები, რომ ჯერ ჩემი იქნებაო“. გაბრომ

გულმხურვალედ დაუწყო ვედრება თავის ბატონს, ხელი აეღო ბოროტ

განზრახვაზე, შეენახა თამროს ნამუსი, მაგრამ არ იქნა და არა, დათიკო

დაჟინებით იმეორებდა ერთსა და იმავეს: ჯერ ჩემი უნდა იყოსო. რაკი

მუდარით ვერაფერი გააწყო, ვერც სინდისის გაღვიძება შეძლო დათიკოს

გარყვნილ არსებაში, წარსული მეგობრობის გახსენებითაც ვერ მოაბრუნა

ბატონის გული, მოთმინებიდან გამოსულმა ხანჯალი იშიშვლა. ამ დროს სამი

დამალული ბიჭი გამოვარდა, გაბრო შეიპყრეს და დიამბეგს მიჰგვარეს. მას

წაუყენეს ბრალდება, რომ პეპიასთან შეთანხმებით დღეს დილით ბატონი

უნდა მოეკლაო.

მხოლოდ ორი წლის პატიმრობის შემდეგ წაუკითხეს საბრალო გაბროს

განაჩენი: „მე ხაროს სათხრელად დავენიშნეთ და საწყალი პეპია საციმბიროდ

გაეხადნათ“, - გვიამბობს გაბრო. ამის შემდეგ კიდევ რვა თვე გავიდა და

გაზაფხულზე ისინი საქართველოდან გადაასახლეს. გზაზე ფიქრებში წასულ

გაბროს უცებ შემოესმა „ცხენების თქარა-თქური“. ხუთი თუ ექვსი ცხენოსანი

თავს დაესხა ტუსაღთა გამცილებლებს, გაჰფანტა ისინი, ხოლო

გადასახლებულებს უთხრეს: ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთო. ატეხილ

ალიაქოთში გაბრო და პეპიაც გაქრნენ. ერთხანს პეპიამ შეძლო ცხენზე ჯდომა,

მაგრამ გზაში ძალიან ავად გახდა. სიკვდილის წინ პეპიამ შემდეგი ანდერძი

დაუტოვა გაბრიელს: „ჩემი სისხლი ჩემს მკვლელს აპატივე, მეც მიპატივებია.

მაგრამ... თუ თამრო ნამუსწართმეული ჰნახო, შემომფიცე, რომ იმის

დამღუპველს მზეს დაუბნელებ! შემომფიცე, რომ ისე უზიარებლად და

შეუნდობარს მოჰკლავ, როგორც მე ვკვდები! თუ ეგ ცოდვა იყოს, ამიღია

კისრად“, და გაბრომაც შეჰფიცა.

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში გლეხკაცების უმეტესობას ნამუსის

ქუდი ხურავს და დიდი ადამიანური ღირსებებით გამოირჩევა. ეს

თერგდალეულთა ბელადის მხატვრული მემკვიდრეობის ერთი ძლიერი, მე

ვიტყოდი, ტიპიური ნიშანია.

პეპიას დამარხვის შემდეგ გაბრო მძიმედ განიცდის თავის

მდგომარეობას. მაგრამ თვითგანსჯის წუთებში აღიარებს, რომ დათიკოს არ

მოჰკლავს, თუ თამრო ნამუსახდილი არ დახვდა. ამ ფიქრებითა და განცდებით

გაბრო ბარში ჩამოდის. მაგრამ სოფლისაკენ როდი მიემართება. მას სურს

ქალაქში ჩავიდეს, მოძღვარი მოინახულოს, მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღოს

და შემდეგ ბედთან შერიგებული დახვდეს მომავალს. მეორე დღეს, საღამოს,

იგი უკვე მიაღწევს დიღმის ვიწროებს, ერთ დუქანში ჩამოხტება პურის

საჭმელად და იქ იხილავს საშინელ სცენას: დუქანს მოადგება დროშკა,

რომელშიაც ზის ქალაქელი ბიჭი მეძავ ქალთან ერთად. ეს მეძავი ქალი

თამროა. „სისხლი ტვინში ამივარდა, - გვიამბობს გაბრიელი, - გიჟსავით

ვისკუპე დაზგიდამ და ქალს წინ გადავუდეგ.

- თამრო!.. – შევკივლე მე კანკალით და თრთოლით.

- გაბრიელ!.. – მომაძახა მე იმან და ზედ მკერდზედ ფერმიხდილი

დამეცა.

- მამა რა მექნა, მამა?! – შემომბღავლა საცოდავად.

- მოშორდა ამ წუთის-სოფელს. ერთი მითხარ, რამ მოგიყვანა აქა?

- მაგას ნუღარ მკითხავ! ნუ მკითხავ... – სტიროდა საწყალი. – შენი

თამრო დიდი ხანია დამიწებულია, შენი თამრო მოკვდა.

- მაშ შენ ვინა ხარ?! – დავიძახე თავზარდაცემულმა.

- მე ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ. შემიბრალე

და დამიტირე მე ბედშავი!..“

როცა ეს საშინელი სიტყვები გაიგონა, გაბრიელმა ხელი ჰკრა თამროს,

მკერდიდან, როგორც „გველი, ისე მოიშორა“, ცხენს მოახტა და სოფლისაკენ

გასწია. ქალაქი და თავისი საყვარელი მოძღვარი მისთვის უკვე აღარ იყო

საჭირო. „ფიცის ასრულების დრო მოვიდა“. თუ რას განიცდიდა მაშინ გაბრო,

კარგად არის გამოხატული მისივე სიტყვებით: „იმ გაბოროტებულს გულზედ

ცა და ქვეყანა რომ ხელში მჭეროდა, ყველსავით გავწურავდი და კბილით

გავგლეჯდი“. გაბრიელს ბევრჯერ ჰქონდა შემთხვევა ქურდულად მოეღო

ბოლო მტარვალისათვის, მაგრამ არ მოისურვა, „მინდოდა ერთმანეთს

პირდაპირ შევყროდით, რომ ან მოვეკალ და ან მე მომეკლაო“.

ბოლოს დადგა მომენტი, რომ ყმა და ბატონი ერთმანეთს პირდაპირ

შეხვდნენ. გაბრომ ტყეში დაინახა დათიკო, რომელიც „მინდორ-მინდორ“

მოდიოდა. გაბრომ გზა გადაუჭრა და მიაძახა: „თუ ვაჟკაცი ხარ, გამიმაგრდი!“

დათიკომ სწრაფად გადმოიგდო ორლულიანი თოფი, ორივე დაახალა

თავდამსხმელს, მაგრამ გაბრომ მოასწრო თოფისათვის ხელი აეკრა, თვითონ კი

მარცხენა ძუძუში მტერს უმალ დამბაჩა დაახალა შემდეგი სიტყვებით: „მე ვარ,

გაბრო, შენი სულთამხდელი“.

„წაგაკალ თუ არა შენს უნამუსობას“, - უთხრა გაბრიელმა მომაკვდავ

დათიკოს.

„დღეს ჩემი დღე არ იყო, რასაც ვესროლე, ავაცდინე... ფუ ჩემს კაცობას!

ნიშანიც ვერ დაგასვი“. – ეუბნება სულთმობრძავი დათიკო გაბრიელს. უფრო

ადრე კი ირონიით უთხრა: „ამით გათავდა შენი შერმადინობა?!“ გაბროს

მხოლოდ ერთადერთი პასუხის მიცემა შეეძლო და მას არც დაუყოვნებია

ეთქვა: „როგორიც ავთანდილი შენ იყავ, მეც იმისთანა შერმადინობა გაგიწიეო“.

მაგრამ აქ ირკვევა კიდევ ერთი მომენტი: დათიკო გაამჟღავნებს, რომ გაბრო და

პეპია მყინვართან მან გაათავისუფლა. მაგრამ რისთვის? – ეკითხება გაბრიელი.

„ვერა _______ჰხედავ? აი, ამ დღისათვისა“, - უპასუხებს მომაკვდავი. სიკვდილის წინ,

თითქოს ცოდვები სურს მოინანიოსო, დათიკო იკითხავს პეპიას ამბავს,

შეიტყობს, რომ ისიც ისევე უზიარებლად წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც

თვითონ კვდება.

მას შემდეგ, რაც შური იძია, პეპიასათვის მიცემული ფიცი შეასრულა,

გაბრომ ხელი აიღო ყაჩაღობაზე, სცადა შრომას დაბრუნებოდა, ისევ კაცი

გამხდარიყო. „ვერ დაემორჩილა ჩემი გული ავკაცობასა, თუმცა ბევრი ავკაცობა

ვქენი. ვერ შევეჩვიე, ვერა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ გადავვარდები შორს

საითმე, ჩემის ხელის ამაგით ლუკმა-პურს, როგორც იქნება, ვიშოვნი და, მინამ

ჩემი აღსასრული მოვა, იმით დავირჩენ თავს-მეთქი“. ეს არის გაბროს

გულწრფელი აღსარება. იგი ასევე გულწრფელად ცდილობს თავისი

განზრახვის შესრულებას. გადადის კახეთში, მეორე წელს ციებ-ცხელება

შეეყრება. შეუძლებელია მკითხველმა არ დაუჯეროს, არ თანაუგრძნოს

საბრალო გლახას, როცა იგი ამბობს: „მე ამ ქვეყნისთვის ავი არ ვიყავ, მე მარტო

უბედური ვიყავიო“. მთელი მოთხრობის მანძილზე ასეთი ჩანს და ეს სიტყვები

მას საუკეთესოდ ახასიათებენ.

მთელი მოთხრობა კონტრასტებით არის დაწერილი და ეპილოგიც ამ

მხატვრულ მეთოდზეა აშენებული. მხედველობაში გვაქვს ორი მღვდლის

შეპირისპირება უკანასკნელ, XII თავში, როცა პირველი უარს ამბობს გლახას

ზიარებაზე, ხოლო მეორე ამის გამო ტუქსავს პირველს და უმალ გაემართება

მომაკვდავისაკენ, რათა აზიაროს. მოთხრობაში ხშირია მოულოდნელობანი,

რაც ასე დამახასიათებელია დახლართული ფაბულისათვის. ეპილოგშიც ეს

მოულოდნელობა გამოიყენა ილიამ, მომაკვდავ გლახას მზიარებელი

აღმოჩნდება სწორედ ის მოძღვარი, რომელმაც გაბროს გონების ლამპარი

აუნთო და სპეტაკი სული შთაბერა.

ასე დამთავრდა გაბროს ცხოვრება და თვით მოთხრობაც, რომელშიაც

ილია ჭავჭავაძემ ბატონყმური სინამდვილის ძირითადი დამახასიათებელი

ნიშანი – სოციალური ანტაგონიზმი წარმოგვიდგინა. მოთხრობის დიდი

შემეცნებითი ძალა იმაშია, რომ ავტორმა ცხოვრება წარმოგვისახა სავსებით

დამაჯერებლად, დიდი რეალისტური ფერებით. ამიტომ არ იყვნენ მართალნი

ის კრიტიკოსები (მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე), რომლებიც „გლახის ნაამბობს“

მაღალ შეფასებას არ აძლევდნენ და სხვის მიბაძვადაც კი მიაჩნდათ. „გლახის

ნაამბობში“ არავითარი უცხო მინარევი არ არის, მოთხრობა მთლიანად

ორიგინალურია და ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთ შედევრს

წარმოადგენს.

არანაკლები ძალით დაგმო ბატონყმური სინამდვილე ილიამ ვრცელ

სატირულ მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“, რომელშიაც გააშიშვლა ამ

სოციალური ინსტიტუტის ზნედაცემულობა, გონებრივი სიღატაკე,

ანტიადამიანური ხასიათი და მებატონეების სრული გადაგვარება.

მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“ ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთი

უმშვენიერესი ძეგლია. მე-19 საუკუნის კრიტიკული რეალიზმის მამხილებელი

მოტივები ორგანულად იყო დაკავშირებული განმანათლებლურ იდეებთან. ეს

ყველაზე უკეთესად ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, პირველ ყოვლისა,

„კაცია-ადამიანში?!“ ჩანს. შემთხვევით არ იყო, რომ ილია მიუთითებდა: „ვინც

ლუარსაბის სახეში თავისთავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-

თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“

დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ

პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ... სხვამ რაც უნდა

სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა: „მოყვარეს

პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“. სადა ხარ ეხლა, ამ გონიერის სიტყვების

მთქმელო? ვიცი სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც

ვიცი, რაც გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა თვისებისა ხარ:

შეუცდომელი და ყოველთვის მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ

გულს იმას, ვისაც „სხვისთვის“ გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით

ის „სხვანივე“ თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულის-

ტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულის-ტკივილს იმით იჩენს, რომ მოყვარეს

ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში

რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის-ტკივილი და სიყვარული აქვს – ეს

თვითონ მკითხველმა გამოიცნოს“.

ხაზგასმული სიტყვები სავსებით ნათლად მიუთითებს, რომ მწერალი

ლუარსაბ თათქარიძეს ხატავს, როგორც „საზოგადო ჭირს“ და არა როგორც

ვინმე „კერძო პირს“. „საზოგადო ჭირი“ კი, როგორიც მძიმე არ უნდა

ყოფილიყო, ილია ჭავჭავაძეს, ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლს, არ

შეეძლო თავის გულისტკივილად, თავისი ერის უბედურებად არ მიეჩნია.

აქედან არ შეიძლება ის უმართებულო დასკვნა გავაკეთოთ, რომ თითქოს

თათქარიძეები ილიას მოყვრებად მიაჩნია და ამიტომ ბატონყმობის მოსპობას

კი არ მოითხოვდა, მხოლოდ მისი „შეკეთება“ თუ „შელამაზება“ უნდოდა,

როგორც ერთ დროს უსაყვედურებდნენ.

მოთხრობა იწყება ნაწარმოების მთავარი გმირის – ლუარსაბ

თათქარიძის სახლ-კარის აღწერით. ავტორი გარეგნულ მხარეს თავისი გმირის

ცხოვრებისას იმიტომ გვაცნობს, რომ სურს თავიდანვე გვითხრას: ამ

სავალალო, უყურადღებოდ მიტოვებულ-მიგდებული სახლ-კარის პატრონიც

ისეთივეა, როგორიც მისი ავლა-დიდება. განა ლუარსაბის სახლ-კარი

დაცემულობისა და გადაგვარების ცოცხალი სურათი არ არის? რაც ითქვა

ძველი მებატონის კარ-მიდამოზე, ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც

მწერლის მახვილი თვალი ხედავს. მთავარი წინ არის. ლუარსაბის სახლ-კარი

სრული მოშლილობისა და ასევე სრული აპათიის ძეგლად ქცეულა. კიდევ

უარეს მდგომარეობაშია ეზო, ისე უწმინდური, როგორც „ძველი ჩინოვნიკის

გული“. ძნელად თუ მიაღწევდით პატრონამდე, რომ „არ გასვრილიყავით, ან

კიდევ ერთი ამბრის[50] სურნელება თან არ აგეყოლიათო“.

მთელ ამ გარეგნულ „ბრწყინვალებას“ ამთავრებს სახლის მორთულობა.

აგურის იატაკი, შიგადაშიგ ამოცვენილი, რასაც ამოთხრილი ორმოები

გაუჩენია, სტუმარს აიძულებს ძალიან ფრთხილად იყოს, თორემ, თუ „ფეხი შიგ

ჩაუვარდა, ვაი შენს მტერს, ან კისერი მოსტყდება კაცსა, ან თითონვე ფეხი... ამ

ხიფათს შეიძლება კაცი გადაურჩეს, თუ რომ ოთახი ნათელი იყოს... თუმცა

ორი, სათოფეზედ კარგა მოდიდო ფანჯარა აქვს, მაგრამ ოთახი მაინც ბნელია,

იმიტომ, რომ ფიჭვის ჩარჩოებზედ მინის მაგივრად მეტად გამჭრიახ გონებას

გაქონილი ქაღალდი გაუკრავს... ბევრჯერ მინახავს ის გაქონილი ფანჯრის

ქაღალდი ნემსით დაჩხვლეტილიცა: ხან გულია გამოყვანილი, ხან ჯვარია, ხან

კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ ავა, იავ-

ნანინაო“!.. თათქარიძის ოთახში იდგა ორი გრძელი ტახტი, ერთმანეთის

პირდაპირ. ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ როცა კნეინა

ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე

გადადგმაზედ ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ

გაძღებოდა. ამ ორ ტახტ-შუა აღმოსავლეთის კედელზედ მოჩანდა,

კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი

ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯილი

ბუხარი. აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები,

მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი

სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული

მყრალა-ბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი“.

ეს მთლიანად მოშლილი ავლა-დიდება ეკუთვნის არა რომელიმე

ღარიბს, არამედ ისეთ მებატონეს, რომელსაც საკმაოდ დიდი შეძლება აქვს.

ლუარსაბ თათქარიძეს „ჰყავს ოცი კარგად გაკეთებული კომლი კაცი, ასე რომ

ათ ურმამდინ საბეგრო ებმებოდა, ცხვარი ბლომად და ასიოდეც ცხენი“.

ჰქონდა აგრეთვე „ორი მოზრდილი ვენახი და ას-ორმოცდა-ათი დღის სახნავ-

სათესი“. მაშ, რა არის მიზეზი, რომ შეძლებულ კახელ მებატონეს ასე

საცოდავად მოუწყვია თავისი სახლ-კარი? „კაი ლუკმა“, როგორც ავტორი

დასძენს, ვერ გამოუყენებია? მიზეზი ის არის, რომ მისი პატრონი ქართველია, -

გვეუბნება ილია ჭავჭავაძე, და ეს არის განმანათლებლის, თერგდალეულის

ტიპიური პასუხი 60-იან წლებში, როცა თვით მოთხრობა იწერებოდა.

მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია უბედურებისა. თვით ლუარსაბი და მისი

კნეინა დარეჯანი სრულ მსგავსებას წარმოადგენენ თავიანთი მოშლილი სახლ-

კარისა. ორმოცი წლის ლუარსაბი და ორმოცდაერთი წლის დარეჯანი (ისინი

ოცი წლის შეუღლებულები არიან, მაგრამ შვილი არა ჰყავთ) არა მარტო

გონებრივად, ფიზიკურადაც გადაგვარებული არიან. აბა, გაიცანით ლუარსაბ

თათქარიძე: იგი „...გახლავთ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი,

მრგვალი... როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელი კაცის შეხედულება

ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს

მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ

ვაშლსავით ხაშხაში ლოყები, სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები

ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლიანებული, თითქო

ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული,

დიაღ პატივცემული ღიპი. კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები,

დამორილი მსხვილი ფეხები – ესე ყოველი ერთად და თვითეული ცალკე

გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის“ ღირსეული სამკაული.

ის „მონაბერი სული“ არსად არა სჩანდა, თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო

მისი ბრწყინვალების ქონშია“.

ფიზიონომია, როგორც ვხედავთ, გარეგნული სახითაც კარგად

გვაცნობს თავის თავს და წინასწარ გვაგრძნობინებს, თუ რა სული შეიძლებოდა

მოთავსებულიყო მარტოოდენ ამ ხორცად ქცეულ გვამში. აქ შეგვეძლო

პარალელთა სართულები აგვეშენებინა: ლუარსაბის კარმიდამო გარეგნულად

ისევე მოშლილი და მოუწესრიგებელია, როგორც შინაგანად მისივე სახლი; ეს

საერთო უწესრიგობა სახლ-კარისა ლუარსაბის ფიზიონომიის პარალელია

გარეგნულადაც და შინაგანადაც; ლუარსაბის სახლ-კარისა და ფიზიონომიის

თითქმის იდენტური პარალელია კნეინა დარეჯანი თავისი ფიზიკური და

სულიერი თვისებებით. მაგრამ ჯერ გავეცნოთ ლუარსაბის სულს, შემდეგ მის

ორეულებსა და პარალელებს, რომლებსაც ძველი მემამულის ირგვლივ ასე

მოხდენილი გარემო შეუქმნიათ.

ლუარსაბი სრულიად უცოდინარი კაცია, წერა-კითხვაც არ შეუსწავლია,

მაგრამ ეს ნაკლად კი არ მიაჩნია, პირიქით, ამაყობს კიდეც. სწავლას იგი

უყურებს, როგორც „ეხლანდელ ჭირს“, რაკი ძვალ-რბილში გამჯდარი აქვს ის

უხეში, პირუტყვული აზრი, რომ „კაცი ძირგავარდნილი ქვევრია“, რომელსაც

„დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც

ვერ აავსო“. ხსენებულ „თეორიულ“ რწმენას ლუარსაბი თვითონვე

შესანიშნავად ახორციელებს პრაქტიკაში და „თავის თავზედაც“ ჩინებულად

ხედავს, რომ „ამ მნიშვნელობას კაცი უსწავლელადაც კარგად ასრულებს“, მით

უფრო, თუ „ჯოგის და ყმის პატრონია, ყმისა – რომელსაც ჯოგში დიდი

განსხვავება არა აქვს“.

ასეთი პასაჟები ილიას სატირულ შედევრში ძალიან ხშირად გვხვდება.

ისინი გამოხატავენ ავტორის აზრს, მის დამოკიდებულებას ამა თუ იმ

საკითხისადმი ან მოვლენისადმი. მაგალითად, როცა ლუარსაბის აზრებს

გადმოგვცემს სწავლა-განათლებაზე, ილია თვითონვე იყენებს თავისი გმირის

შეხედულებებს საწინააღმდეგო მოსაზრებათა წარმოსადგენად. კერძოდ,

ძველი და ახალი დროის შეპირისპირებით ავტორი ახერხებს წინ წამოსწიოს

განმანათლებლური იდეები, გააღვივოს პატრიოტული გრძნობა და ამხილოს

საზოგადოებრივი მანკიერებანი. ლუარსაბი ამბობს: „დრო გამოიცვალა... რაც

ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ

წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებს და! .. ჭამით ისინი ვერა სჭამენ,

სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან? წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი,

კაცი აღარა ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი

რა ვაჟკაცის ხელობაა, - ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს!

ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო.

ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი“.

ლუარსაბის ამ ახირებულ აზრებს ავტორი თვითონვე აკრიტიკებს,

მაგრამ, ზოგჯერ მას აღარ ესაჭიროება რეპლიკები; ეს იმდენად მიუღებელი,

თან სასაცილო აზრებია, რომ მკითხველსაც ადვილად შეუძლია უკუაგდოს.

თავისი კრიტიკული შენიშვნების მახვილი ავტორს გადააქვს ლუარსაბის

აზრების იმ ნაწილზე, რომელიც ძველ დროს შეეხება. და აქაც სატირული

ნაწარმოებისათვის დამახასიათებელ ტონს ილია ყველგან ინარჩუნებს. „ეჰ,

ჩემო ლუარსაბ! – ეუბნება ავტორი თავის გმირს, - ვიცი, გულწრფელი კი ხარ,

როგორც ყველა ძველი ქართველი, მაგრამ ძველს დროს ტყუილად შეჰნატრი.

რომ არც კი იცი, რა იყო სანატრელი ძველს დროში? ცხენი განა ეხლა კი არ

არის? თოფი განა ეხლა კი ნიშანში ვერ მივა? მარჯვე მკლავი ცოტაა? ეხლაც

არის ეს ყველაფერი, მაგრამ ის გული აღარ არის, ის გულის სიმხურვალე, ის

თავგამოდება მამულისათვის, რომელიც კაი ცხენს და კაი თოფს კაი საქმეში

ახმარებდა. უწინ კაცი ამშვენებდა ცხენსაც და თოფსაც, ეხლა კი ცხენი და

თოფი კაცს ამშვენებს“.

ამ სიტყვებით ავტორმა მწვავე მათრახი გადაჰკრა თავის თანამედროვე

საზოგადოების ინდიფერენტიზმს, პატრიოტული მოვალეობისადმი

გულგრილ დამოკიდებულებას, სამარცხვინო ბოძზე გააკრა უმოქმედობა და

კონტრასტს წარსულსა და აწმყოს შორის ღრმა აზრი მისცა.

ამით დამთავრდა ლუარსაბის ხასიათის მხოლოდ ერთი ნაწილის

ჩვენება და ავტორი შეუდგა თავისი გმირის ორეულის – კნეინა დარეჯანის

პორტრეტულ აღწერას. ეს აღწერა ილიამ დაიწყო ლუარსაბის სახის ერთი

დამახასიათებელი შტრიხის გამოყენებით. ლუარსაბს_______, წუხდა თუ უხაროდა,

სახე ყოველთვის „ერთ განსაკუთრებულ სულელობით უცინოდა ხოლმე“. და,

როგორც ნათქვამია, „ხარი ხართან დააბიო, ან ფერს იცვლის ან ზნესაო“, ეს

ანდაზა, - გვეუბნება ავტორი, - არსად „ისე გამართლებული არ მინახავს,

როგორც თავად ლუარსაბის სახლში. ამის ძვირფასი მეუღლე კნეინა დარეჯანი

სწორედ თავის ქმრის მეორე გვერდი გახლდათ და იყვნენ „ერთ სულ და ერთ

ხორც“, როგორც ბრძანებს საღმრთო წერილი. მერე რარიგად: იგივე სიმრგვალე,

იგივე სიმსუქნე, იგივე მოცინარი პირი და თითქმის იგივე სისულელე“.

და ეს მართლაც „ორი ტურფა გვრიტი, ერთსულიანი და ერთხორციანი“,

საკუთარ სახლში ჩაკეტილნი, ქვეყნის ყაყანს მოშორებულნი, როგორც ავტორი

გვეუბნება, „საკვირველად ტკბილად ცხოვრობდნენ“. მათ საქმეც ჰქონდათ,

თუმცა უსარგებლო, მაგრამ ქვეყნის შესახედავად მაინც საქმედ მიჩნეული.

„მამალი იყივლებდა თუ არა, ბედნიერ ცოლ-ქმარს თვალები დაჭყეტილი

ჰქონდათ, დარეჯანი მაშინვე წამოფრინდებოდა, ლუარსაბმა კი, ნებიერმა

ლუარსაბმა ხანდისხან განაზება იცოდა. ქვეშაგებიდანვე ის გულგადაღეღილი

ტახტზე გადაგორდებოდა ერთის ქშენით, ვაი-ვაგლახით და კიდევ

რაღაცეებით... მომხდარა ისე, რომ სადილობამდინაც ამ ნებივრობაში უგემური

დრო გაუტარებია“. ლუარსაბისათვის სიკვდილი იყო, თუ ვინმე ამ ნებივრობის

წუთებს დაურღვევდა. სტუმარი იმიტომ კი არ ეჯავრებოდა, რომ სიძუნწით

მოსდიოდა. არა, მხოლოდ იმიტომ, რომ „უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა“.

ადგომა ისე არ აღონებდა ლუარსაბს, როგორც ტანთ ჩაცმა – ეს უკანასკნელი

მას სიკვდილივით სძულდა, ვინაიდან მთელ ზაფხულს პერანგისა და მისი

ამხანაგის ამარა გაატარებდა ხოლმე, ზამთრობით კი პერანგზე ქურქი ჰქონდა

წამოსხმული, თუ დიდი კაცი, ვთქვათ, დიამბეგი არ ეწვეოდა.

რაც შეეხება დარეჯანს, ის „არ იყო ეგრე ზანტი, როგორც ლუარსაბი“.

ამაში არ ჰგავდნენ ისინი ერთმანეთს და ავტორი ირონიით შენიშნავს, რომ ამ

„ორ გვრიტს“, მართალია, „ერთი ფერი ჰქონდათ“, მაგრამ „ზნე კი არა“.

დარეჯანი უფრო ენერგიული, უფრო გონებაგახსნილი ადამიანი ჩანს, ვიდრე

მისი საყვარელი მეუღლე, თუმცა არც ერთი არ გამოირჩევა არც ენერგიითა და

არც ჭკუით. „საკვირველიც იყო და სასაცილოც ამ ჩვენს კნეინის

ტყუილუბრალოდ ფაცა-ფუცი. ეს ამოდენა დედაკაცი, ჩაგოდრებული,

ჩასორსლებული, ხშირად დილიდამ შუადღემდინ ფეხზედ იდგა და

გორგალასავით დაგორავდა. უსაქმო არ იყო, როგორც სჩანს: იქ მუჯლუგუნს

წაჰკრავდა საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში

ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ პატარა მურიან ბიჭსა, რომელიც

მთქნარებით და ზარმაცად სწმენდდა საღამოსათვის ჯერ კიდევ წუხანდელ

გაქონილს შანდალსა; აქ იმას გაუწყრებოდა – რაზედ? თითონ კნეინამაც არ

იცოდა – რაზედ; აქ ამას გამოგილანძღავდა – რისთვის? – არც ეს იცოდა

კნეინამ; დასწყევლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდა – ერთის სიტყვით –

მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ, - და მერე

დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დახვდებოდა, ვერ

მოითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-

საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო, - და ეგრე ქანცგადაწყვეტილი

შეგორდებოდა ოთახში, საცა ხანდისხან ხოლმე რუმბსავით თავადი გორავდა

და, თუ ზაფხული იყო, ჭერში ბუზებსა სთვლიდა“.

ასე ატარებდნენ დროს, ერთობოდნენ და ეალერსებოდნენ ერთმანეთს

თავადი და მისი კნეინა, რომლებსაც საქმე არ ჰქონიათ, მაგრამ, როგორც

ვნახეთ, უსაქმობას როდი გრძნობდნენ. ზოგჯერ ეს ალერსიანი გართობა მცირე

უკმაყოფილებაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე, თუმცა ლუარსაბის დამთმობი

ხასიათი უმალ ბოლოს უღებდა მეუღლის განაწყენებას.

მაგრამ ეს არ იყო ლუარსაბის მთელი ცხოვრება. მას სხვა „საქმეებიც“

ჰქონდა, რასაც თვითონვე „ბიჭების დაწიოკებას“ უწოდებდა. როცა მამულის

მზრუნველობა ლუარსაბს ტახტიდან წამოაგორებდა, ის „ფეხშიშველა, ლურჯი

კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის

ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში მიგორდებოდა

მოაჯირის გადასაყუდებელთან“... და მოურავ დათოს, საკმაოდ მოხერხებულ

კაცს, საუბარს გაუმართავდა ხოლმე მეურნეობის საკითხებზე. დათომ კარგად

იცოდა, რომ ბატონს არაფერი გაეგებოდა პრაქტიკული ცხოვრებისა, ამიტომ

ყოველთვის შეეძლო იგი გაეცურებინა, თუ მოინდომებდა. მაგრამ ზოგჯერ

მისი ბედიც სხვანაირად შეტრიალდებოდა ხოლმე. ბატონი ამოიჩემებდა რაღაც

სისულელეს და მოურავს „რისხვას“ დააყრიდა.

ლუარსაბისა და მისი მეუღლის ხასიათს ილია ისე დაწვრილებით

გადმოგვცემს, ისეთი ნიუანსებით, იმდენჯერ აღნიშნავს ამა თუ იმ დეტალის

სიმტკიცეს საერთო პორტრეტში, რომ სახეები მკითხველს არაჩვეულებრივად

შთამბეჭდავი ძალით წარმოუდგება. მოქმედი გმირის თანმიმდევრული

ფსიქოლოგიური გაშიშვლება ილიას შემოქმედებითი მეთოდის ერთი

უძლიერესი მხარეა.

აიღეთ ბედნიერი ცოლ-ქმრის ერთი თვისება: მათ უყვართ ჭორები,

ათასგვარი სულელური ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები, რაც კარგად

გამოხატავს ლუარსაბ-დარეჯანის გონებრივ სიღატაკეს. როცა ისინი ამ

ჭორებსა და ზღაპრებზე სერიოზულად საუბრობენ, ავტორი ყველგან

გვიჩვენებს ლუარსაბს, როგორც გონებაშეზღუდულ კაცს, რომლის აზროვნება

აღსავსეა წინააღმდეგობით და მოკლებულია ლოგიკური მსჯელობის

ელემენტარულ უნარს. ლუარსაბის ეს პიროვნული „ღირსება“, რაც ასე კარგად

გამჟღავნდა ბუზების თვლის დროს, ყოველთვის თავს იჩენს, როგორც კი

იწყება რაიმე მსჯელობა. ეს არის ხასიათის თანმიმდევრულ განვითარებაში

ჩვენება, რითაც ავტორი დიდ მხატვრულ ეფექტს აღწევს და თავის გმირს

მთლიანად ერთი მასალისაგან გამოკვეთილად წარმოგვიდგენს.

ლუარსაბში კონდენსირებულია არა ერთი რომელიმე თავადის

უარყოფითი მხარეები, არამედ მებატონეებისა საერთოდ, თითქოს მებატონეთა

ხასიათების მთელი გალერეა იდგეს თქვენს წინაშე, მაგრამ ერთის სახით.

უზრუნველ ბატონყმურ ცხოვრებას ისე დაუსუსტებია გონების ნათელი,

როგორც ობლომოვში მიწიერი ცხოვრების არსებითი მოთხოვნილებანი.

ავტორმა თავისი გმირები არა მარტო მოსწყვიტა საზოგადოებას, ჩაჰკეტა

საკუთარ სახლ-კარში, არამედ გვიჩვენა, რომ ბატონყმობის

ანტისაზოგადოებრივი ბუნება მებატონეებსაც ანტისაზოგადოებრივ

ადამიანებად აქცევს. მათ არაფერი იციან, გარდა სმა-ჭამისა, თავს ირთობენ

ჭორებითა და ზღაპრებით, საერთო ენა ვერ გამოუნახავთ ახლო

ნათესავებთანაც კი, მათ წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, რასაც საუბარში

იხსენიებენ. რომ ჰკითხოთ, თუ ვინ არის ეს „კუნძულთ ხელმწიფე“, განა იციან?

ან რას წარმოადგენს „მაშრიყ-მაღრიბის ხელმწიფე“, განა შეუძლიათ გითხრან?

საკუთარ მეფეებზე – თამარსა და ერეკლეზე მათ მხოლოდ ის გაუგიათ, რომ

ცოცხლები აღარ არიან. მათი გონებრივი ავლა-დიდება ადამ და ევას,

ხონთქარისა და ფერიების, რუს ხელმწიფისა და ზღაპრების ზერელე

მოხსენებას არ სცილდება. ერთადერთი მათი საზრუნავი ყმების „დაწიოკება“

და სმა-ჭამა გამხდარა.

საზოგადოებისაგან ასე განდგომილ და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ

ცოლ-ქმარს მაინც ჰყავდა, თუმცა მეტად მცირერიცხოვანი, მაგრამ ადამიანების

ისეთი წრე, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ურთიერთობა უფრო

ეპიზოდური იყო, ვინაიდან, ზემოთაც ვნახეთ, ლუარსაბს არ უყვარდა

სტუმრიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ტახტიდან უნდა წამომდგარიყო და

ტანთ ჩაეცვა. ადამიანების ეს წრე ავტორმა თანდათან გაგვაცნო ერთი იმ

მშვენიერი საღამოს აღწერით, როცა ბედნიერი და თვითდაჯერებული ცოლ-

ქმარი ეზოს ჩრდილში ისვენებდა. იმ მშვენიერ საღამოსაც თათქარიძეების

კარმიდამოს „ლამაზად მოყვანილმა გლეხის პატარძალმა“ ბაბალემ მიაკითხა

და კნეინას სთხოვა: ჩვენი კამეჩი მეველეებს დაუჭერიათ და ბატონმა

გამოაშვებინოსო. დარეჯანმა უმალ უარი სტკიცა, მაგრამ როგორც კი ბაბალემ

საჩუქრად „ერთი გაბმა აბრეშუმი“ მიართვა, კნეინამ, თითქოს აქ არაფერიაო,

ასევე უმალ მოუჭრა: „ეგ რომ არ ყოფილიყო, განა ისე კი, რაც შემიძლიან, არ

გაგირიგებდი?!“ ლუარსაბიც ისევე იქცევა, როგორც მისი მეუღლე. ის აბრეშუმი

რომ არა, კამეჩებს არ გამოაშვებინებდა.

ორი ძმის – დავითისა და ლუარსაბის ოჯახი ისეა გადამტერებული, რომ

მათ შორის პირფერულ საუბარშიც კარგად ჩანს, რა ზომამდე შეუძულებიათ

ერთმანეთი. ისინი მზად არიან ყველაფერი ჩაიდინონ, ოღონდ გული ატკინონ

ერთმანეთს და თავი უკეთესად მოაჩვენონ. პირფერობა, სიცრუე, ჭორები,

ცილისწამება, ურთიერთის გაკილვა – ისეა ფეხმოკიდებული ამ ძველი

თავადიშვილების გაყოფილ ოჯახებში, რომ სხვაგვარი დამოკიდებულება მათ

ვერც წარმოუდგენიათ. ავტორი დიდი ოსტატობით ახერხებს თათქარიძეების

ეს შინაგანი მახინჯი სულიერი მხარეები მკითხველის თვალწინ რელიეფურად

გააშიშვლოს და ნაწარმოების მოქმედ პირთა წვრილმან „მე“-ში ჩაგვახედოს. ის

ხშირად მიმართავს მოვლენებისა და ფაქტების ჩვენებაში კონტრასტულ

მეთოდს, რათა სურათი უფრო ნათლად გვიჩვენოს.

ამ სურათს ემატება დარეჯანის გოგო – ლამაზისეული, ეს ცოცხალი

საცოდაობა, რომლისთვისაც მშვენიერების აღმნიშვნელი სახელი იმიტომ

შეურქმევიათ, რომ სახელის გარდა ყველაფერი წაერთმიათ. სახელი კი ისეთი

აქვს, რომ ესეც დამცირების, აბუჩად აგდების სინონიმია და არა მისი ღირსების

გამომხატველი. მას აღარაფერი შერჩენია, რაც ოდნავ მაინც გაამართლებდა

შერქმეულ სახელს. ბატონყმურ ცხოვრებას ისე დაუჩაგრავს, ისე დაუმონებია

ეს უწყინარი არსება, როგორც პირუტყვი, სასაცილოდ გაუხდია იგი, თუმცა

უფრო შესაბრალებელია, ვიდრე დასაცინი.

მაგრამ ლამაზისეული მარტო როდია. ელისაბედის გოგო, რომელსაც

ქალბატონმა ჩითმერდინი წაართვა და ახლა დარეჯანთან სტუმრობის დროს

თან ახლავს, განა ისიც „დარბეული, გულდაჩაგრული“ არ არის? მათ გვერდით

თათქარიძეების იდილიური სურათის აღწერისას, ჩვენ კიდევ ვხედავთ ასევე

დაჩაგრულ არსებას - „პატარა ბიჭს“, რომელსაც ძაღლის ბედი ენატრება.

ავტორსაც ამის თქმა უნდა – ბატონყმურ პირობებში ყმები გაძაღლებულად

ცხოვრობენ, მათ წართმეული აქვთ ელემენტარული ადამიანური თვისებები,

მებატონეებმა ისინი პირუტყვულ მდგომარეობაში ჩააგდეს. და მათ გვერდით,

როგორც სრულ კონტრასტს, ჩვენ ვხედავთ უზრუნველობით, პირფერობითა

და ნებივრობით მაძღარ მებატონეებს, უსაქმობით რომ ერთობიან, ხოლო ერთი

მათგანი – თავადი ლუარსაბ თათქარიძე - „ბალახებზედ ხალისიანად ჰქშენს...

პირაღმა წევს, აბოლებს ჩიბუხს და, მინამ თვალში ცრემლი არ მოუვა, თვალს

გულმოდგინებით ჩიბუხის ბოლს ადევნებს – ვნახო, ღრუბლებამდინ ავა, თუ

არაო“.

ამ განცხრომაშია თავადი თათქარიძე, როცა რუსეთში საგლეხო რეფორმა

მზადდება. ეს მღელვარე ამბები საქართველოშიც აღწევს. სრულიად

კონსპირაციულ ვითარებაში ელისაბედმა აცნობა მაზლსა და რძალს, რომ იმ

დღეს, როცა „კუდიანი ვარსკვლავი ამოვიდა“, თურმე „გველეშაპი

გამოსდგომოდა მზეს“, სომხების ტერტერებს კარაბადინი გაუშლიათ,

უთქვამთ, რომ „თავადიშვილებს ყმები ჩამოერთმევათო“. ამის გაგონება

ლუარსაბისათვის საშინელება იყო: „ვაი შენს ლუარსაბსა! – წამოიძახა

ფერწასულმა ლუარსაბმა“. ძნელი წარმოსადგენია, თუ რა დაემართებოდა

მოთმინებიდან გამოსულ თავადს, ისევ დარეჯანის „განთქმულ ჭკუას“ რომ არ

ეხსნა მდგომარეობიდან. როცა გაცხარებული მეუღლე დაინახა, დარეჯანმა

ნუგეში სცა: „სომხების კარაბადინს რა დაეჯერება, შარშანწინაც _______სთქვეს, რომ

ხარს, რომლის რქაზედაც დედამიწა დგას, ერთი რქა მოსტეხია, დედამიწა

უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი გამოდგა, გარეჯელმა მკითხავმა სთქვა

– არც რქა მოტეხილა და არც დედამიწა გადაბრუნედბაო“.

ლურასაბი დამშვიდდა, გარეჯელი მკითხავის ნათქვამი თვითონაც

გაიხსენა, ისიც დაუჯერებლად მიიჩნია, რომ თავადობას, „მეფის ერეკლეს

ნაბოძებს სომხის კარაბადინის სიტყვით“ ვინმე წაართმევდა. ისიც კარგად

იცის, რომ თუ ყმები წაართვეს, „რისღა თავადიშვილი ვიქნებით“. არა, ყმების

ჩამორთმევა ელისაბედსაც არ სჯერა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ „გლეხობაში

ეგ ხმა გავარდნილა“. ამიტომ რძალთან გამომშვიდობებისას ლუარსაბი

ეუბნება ელისაბედს: ბიჭებში ხმა გააგდეთ, რომ ყმების ჩამორთმევა

ტყუილიათქო. ელისაბედიც ამასვე სთხოვს მაზლსა და რძალს. ყოველთვის

უქნარა ლუარსაბი ამ შემთხვევაში პირდაპირ საკვირველ მოქნილობას იჩენს:

უმალ დაუძახებს დათოს და სულწასულივით უმალვე მიახლის: „...ყმები

ჩამოგვერთმევაო რომ ამბობენ, ტყუილია. გესმის, თუ არა? ყველას უთხარი,

რომ ტყუილია. ხელმწიფეს მოუწერია, რომ დავარჩობ, ვინც იტყვის, რომ ეგ

მართალიაო, ვინც გონებაში მაგას გაიტარებსო. გაიგე?! რაც უნდა იყოს,

მამასავით გპატრონობთ.

- დიაღ, შენი ჭირიმე! სწორედ მამა ბრძანდებით და ჩვენ შვილები ვართ.

თუ ხანდისხან გაგვიწყრებით, აგვიკლებთ, წაგვართმევთ, - ეგ რა? სულ ჩვენის

სიკეთისათვის არის ხოლმე, განა მამა შვილს არ გაუწყრება?

- დიდი და პატარაობა სად არ არის? – სთქვა ლუარსაბმა, - აი, თუნდ

თითებზედ დაიხედე: ერთი დიდია, მეორე პატარა. რისთვის? ამისთვის, რომ

ღმერთს აგრე გაუჩენია, დიდი და პატარაობა ყველგან უნდა იყოს. აბა, დახედე!

- განა არ დამიხედნია. შენი ჭირიმე, დიდიც არის, პატარაც, მაგრამ

დაილოცა ღვთის სამართალი, ისე გაუჩენია, რომ ერთმანეთს არ უშლიან, -

სთქვა ცბიერმა დათომ“.

დათოს მოხერხებული, გონებამახვილური პასუხების შინაარსს ვერც

ლუარსაბი სწვდება, ვერც დარეჯანი. ავტორი მებატონეებს გვიჩვენებს

მოტყუებულის პოზაში. სურათი სასაცლოა, რადგან ლუარსაბს და დარეჯანს

ჰგონიათ მოატყუეს მოურავი.

თათქარიძეები განაგრძობენ განცხრომით ცხოვრებას.

უკვე ხანდაზმულობის მიუხედავად, არც ლუარსაბი, არც დარეჯანი

იმედს არ ჰკარგავენ, რომ შვილი შეეძინებათ. ვიღაც ქალაქელ მკითხავს

ბაღდადი გაუგზავნეს და აკითხვინეს. სამი დღის შემდეგ პასუხიც მიიღეს:

თქვენზე თელეთის ხატია გამწყრალი, უნდა მიხვიდეთ და ილოცოთო. ზარმაც

ლუარსაბს ვერაფრად ეჭაშნიკა თელეთში წასვლა (ხუთი დღის სავალი იყო),

გადაწყვიტა იქვე, ახლოს ნეკრესის ღვთისმშობელი ელოცა, მაგრამ დარეჯანმა

გადააჯერა – თელეთის ხატს უფრო ეწყინებაო. ერთ მშვენიერ დღეს აიკრეს

გუდა-ნაბადი და თელეთისაკენ გაემართნენ.

ცოცხლობს ეს კაცი იმ იმედით, რომ მემკვიდრე გაუჩნდება, მაზლსა და

რძალს სიმწრის ოფლს გადაადენს, თელეთში ლოცვა აუცილებლად გასჭრის.

თუმცა დრო გადის და ბავშვი არა ჩანს. მის სუსტ გონებას მოსვენებას არ

აძლევს იმის შეგნება, რომ თუ მემკვიდრე არ გაუჩნდა, მამულები დავითისა და

ელისაბედის შთამომავლობას დარჩება. ამიტომ კიდევ უფრო მეტად სიცილის

მომგვრელია ლუარსაბის ბავშვური ტიტინი დარეჯანთან, როცა თავის

მეუღლეს ევედრება – შვილი შობეო.

დრო გავიდა, მაგრამ შვილი მათ არ შეეძინათ. იმედი მაინც არ

დაუკარგავთ. დარეჯანმა ვიღაც დედაკაცთან აქიმობა დაიწყო. მთელი ორი

კვირა სვა მისგან მიღებული წამალი, მესამე კვირას კი სული განუტევა.

დაქვრივებულმა ლუარსაბმა „წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა“. მისი ბედნიერება

დარეჯანთან ერთდ დაიმარხაო, - გვეუბნება ავტორი, - მაგრამ ნაწილი

სიამოვნებისა მაინც დარჩა – დაუმცხრალი მადა, რასაც კვლავინდებურად

იკმაყოფილებდა, აგრეთვე ძილი, ისიც ისეთ ნებივრობაში, როგორიც იყო

ლამაზისეულის მიერ „ფეხის გულებზედ და კანჭებზედ“ ხელის გადასმა,

ვიდრე ბატონი არ დაიძინებდა. ფერისცვალობის დღეს ნათლიმამამ ლუარსაბს

გამოუგზავნა ნახევარი ლიტრი კალმახი, რასაც ბატონი ისე მიაძღა, რომ კუჭის

ანთება დაემართა და დარეჯანის გზას გაუდგა.

ასე გარდაიცვალა ბრწყინვალე თავადი ლუარსაბ თათქარიძე, ერთი

იმათთაგანი, რომელნიც „არც თავის სიცოცხლით უმატებენ რამეს ქვეყანას და

არც თავის სიკვდილით აკლებენ“.

მოთხრობის ფინალში ავტორისეული რემარკები ფართოდ

გადმოგვცემენ ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობას, მიზანს, რაც

საფუძვლად დაედო „კაცია-ადამიანს?!“, როგორც მხატვრულ ნაწარმოებს.

ავტორი მიმართავს მკითხველს: „ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე – თუ გინდა –

მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი

მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი

მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც

მოყვარესავით გექცევი, - სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა

ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა?

რაც მქონდა, ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-

მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ

მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ყოფილხარ,

რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელდაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე

მიყივლია და გათენდება თუ არა – ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არ

ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც

იქნებოდა...“[51].

ილია ღრმად იჭრებოდა ცხოვრების ძირში, არ აშინებდა

მარგალიტებთან ერთად ლექი და ლაფიც გამოეფინა, ამ თვალსაზრისით

საგულისხმო თხზულებაა „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების

სცენები“, რომელიც 1865 წელს დაიწერა. ეს ნაწარმოები ჟანრობრივად დრამას

წარმოადგენს.

გლეხთა განთავისუფლების პირველი დროის სცენებს (დაახლოებით

1865 წლის პირველი ნახევარი უნდა ვივარაუდოთ) ავტორი ღრმა ისტორიული

სიმართლით გადმოგვცემს. ილია ამ დროს თვითონ იყო მომრიგებელი

შუამავალი დუშეთში და ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი –

მიროვოი პოსრედნიკი – თვითონ ავტორია, რომელსაც საკუთარი მუშაობის

გამოცდილება თხზულების მასალად გამოუყენებია.

ნაწარმოებში აღწერილია სცენა მომრიგებელი შუამავლის ოთახში,

სადაც რამდენიმე გლეხკაცი ფეხზე დგას, ხოლო ორი მებატონე სკამზე ზის.

შუამავალი მაგიდასთან ზის და საქმეებს არჩევს. მომრიგებელი შუამავალი

პირველად იწვევს ბატონყმობიდან განთავისუფლებულ გლეხს – გლახა

ჭრიაშვილს და სთხოვს უთხრას, თუ რა საქმეზეა მოსული.

გლახა ჭრიაშვილი მეტად კოლორიტული სახეა მძიმე უღლისაგან

თავდახსნილი იმდროინდელი გლეხისა. ადამიანი, რომელმაც მთელი

სიცოცხლე ბატონის სამსახურს შეალია, ისევე, როგორც მისმა მამა-პაპამ, ვერ

ახერხებს თავისი სათხოვარი გამოთქვას; ბატონყმობას მისთვის გამართული

მეტყველების უნარიც წაურთმევია; გრძლად, მიკიბულ-მოკიბულად

ლაპარაკობს, ბოდიშებითა და მოკრძალებით, მაგრამ მის სიტყვებს არც თავი

აქვს, არც ბოლო. იწყებს და აზრს ვეღარ ამთავრებს. რამდენი არ ილაპარაკა,

შუამავალს თავიც მოაბეზრა, მაგრამ სათხოვარი მაინც ვერ გააგებინა. გლახა

ჭრიაშვილი იმდენად კოლორიტული სახეა, რომ მას შემდეგ, რაც ილიამ

ლიტერატურაში შემოიყვანა, ცხოვრებაში დამკვიდრდა. ილიას ჰქონდა დიდი

უნარი ისე დაეხატა ტიპები, რომ მათთვის სიცოცხლე მიეცა ლიტერატურაშიც

და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამიტომაა, რომ დღესაც თათქარიძეს ვეძახით,

თუ ვინმეს ლუარსაბის რაიმე თვისება შევამჩნიეთ, დარეჯანს ვადარებთ, თუ

კნეინას ნიშნები გვაგრძნობინა, ოთარაანთ ქვრივს, თუ მტკიცე ნებისყოფის,

მწარე ენის, მაგრამ გულმართალ ქალს შევხვდებით. გლახა ჭრიაშვილი ერთი

ასეთი, უაღრესად დამახასიათებელი, ცოცხალი სახეა, რომელმაც გარკვეული

დროის კოლორიტიც შეინარჩუნა. ცხოვრებით განაწამებ ამ კაცს, თავის

სიტყვებში ბევრი მწარეც შეურევია, მაგრამ ისე დაბნეულა, რომ აზრები

ბოლომდე ვერ მიუყვანია. ცალკეული ჭეშმარიტებანი კი, ცხოვრების

გამოცდილება, მას კარგად შეუთვისებია. რაკი ვერავის ვერაფერი გააგებინა,

შუამავალმა ურჩია გლახა ჭრიაშვილს შეესვენა, უკეთ მოეფიქრებინა რისი

თხოვნაც სურდა, ამასობაში სხვების საქმეს გაარჩევდა. ჭრიაშვილი დაეთანხმა,

მაგრამ რეტირადებით სავსე გრძელი სიტყვა მოანდომა ამ თანხმობის

გამოცხადებას.

შუამავალი მეორე გლეხს მიუბრუნდა, რომ მისი საქმე გაერჩია, მაგრამ

ამ დროს ერთი ალიაქოთით შემოიჭრა ოთახში „მოხუცებული აზნაურიშვილის

ქვრივი“, რომელმაც უმალ, „სხაპა-სხუპით“ დაიწყო: „თქვენმა მზემ ეს მეორედ

მოსვლის ნიშნებია, ღმერთო, დაგვიფარე (იწერს პირჯვარს). რა ამბავი მოხდა,

თქვენი ჭირიმე! სისხლით ნაშოვნი ყმები, მეფე ერეკლეს თორმეტის ბეჭდით

დამტკიცებული ოქმები თავზედ დაგვახიეს კი და! (გლეხებს) გიხარიანთ განა,

თქვე უბედურისშვილებო! ჰი!... მეხი კი დავაყარე თქვენ ტილიან თავებს!...

როგორ კისერმოღერებულნი დგანან გუშინდელი მატლები!.. უუ, უწინამც დღე

გაგქრობიათ!...“ გლეხების გამაქიქებელი ეს მწარე სიტყვები შუამავალმა

შეაწყვეტინა ბატონყმობის გაუქმებით მოთმინებიდან გამოსულ

აზნაურიშვილის ქვრივს. იგი აღშფოთებას გამოთქვამს, რომ ვახტანგის

კანონები შეიცვალა, გლეხები განთავისუფლდნენ, ხოლო, როცა შუამავალი

ეუბნება – გაუფრთხილებელ სიტყვებს ნუ ხმარობთ, თანაც, თქვენზე ადრე

გლეხები მოვიდნენ, ამიტომ ჯერ მათ უნდა მოვუსმინოო, - მის გაცოფებას

საზღვარი არა აქვს. იქ შეკრებილ გლეხებს „გველის წიწილებს“,

„ცოდვიშვილებს“ უწოდებს, ხოლო შუამავალს ბრალად სდებს, ყმების მხარე

გიკავიაო.

ყველაზე მძაფრად, მკაცრად და მოურიდებლად ილია ჭავჭავაძე თუ

ვინმეს თავს ესხმის, სასაცილოდ იგდებს, აკრიტიკებს ან გადაგვარებულ

ადამიანად გამოჰყავს თავის მხატვრულ შემოქმედებაში, ეს არის მებატონე,

მძარცველი, ექსპლოატატორი, სხვისი შრომის მიმთვისებელი, სოციალური

პარაზიტი. ასევე არიან გამოყვანილი მებატონეები „გლეხთა

განთავისუფლების პირველ-დროების სცენებში“. აზნაურიშვილის ქვრივი და

მისი მაზლი სწორედ ასეთი მებატონეები არიან. მათ არაფერი წმინდა არ

შერჩენიათ. ერთმანეთს გარეგნულად თითქოს პატივისცემით ექცევიან, მაგრამ

როგორც კი საშუალება მიეცემათ, უწმინდურ სიტყვებს არ იშურებენ

გასაბახებლად. წავიდა თუ არა მაზლი, ქვრივმა არ დააყოვნა დაებეზღებინა

შუამავალთან: „საშინელი ცრუ რამ არის ეგ წყეულ-შეჩვენებული“ ბებრუხანა

და ბაიყუში, „მაგისაგან გლეხკაცებს მოსვენება არა აქვთ. მე რომ თქვენი ვიყო,

ციხეში ჩავასმევინებდი, ერთი ბუნტი კაცია, ავის პირის პატრონი...“ ასეთია

მებატონის მორალი, ოღონდ თავისკენ მიითალოს და ყოველგვარ სისაძაგლეს

ჩაიდენს.

თუ რა აუტანელია აზნაურის ქვრივი, - როგორ აუწიოკებია

თავისი ყმები, რა მძიმე მდგომარეობაში ჩაუყენებია ისინი – კარგად ჩანს

„სცენების“ ბოლო დიალოგებში. იგი ყოველნაირად ავიწროებს და სულსა ხდის

გლეხებს. უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს და მიწასთან ასწორებს მათ. იგი

გლეხებს ასეთი სალანძღავი სიტყვებით უმასპინძლდება: „პირუტყვი“, „წუწკის

შვილები“, „ძაღლები“, „გველ-ხოკერები“, „მგლები“, „ორფეხა მუტრუკები“,

„ვირები“. თან „შეევედრება“ შუამავალს – უბრძანე, ჩემს ნაყმევს „ორმოც-

სამოციოდე რუსის წკეპლა“ დაჰკრან, თუგინდ „ოთხმოცი იყოს“, მაგრამ მეტი

კი არა, რაკი „ჩემი გაზრდილია, მაინც მებრალება“. ეს „სიბრალული“

ქალბატონმა _______იმითაც გამოხატა, რომ მოითხოვა – წკეპლები რუსმა დაჰკრას,

თორემ ქართველი „მაგისთანებში ქალაჩუნა არისო“.

ილია ჭავჭავაძემ „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების

სცენებშიც“ ბატონყმობა სამარცხვინო ბოძზე გააკრა, გვიჩვენა ბატონების

უარყოფითი სახეები და დაგმო ეს სოციალური ინსტიტუტი, როგორც

უგუნური და ბარბაროსული მოვლენა. ამიტომ მიეცა ამ ნაწარმოებს თავის

დროზე ასე დიდი მნიშვნელობა და ნიკო ნიკოლაძემაც ამიტომ თარგმნა

რუსულ ენაზე, რომ ფართო მკითხველისათვის გაეცნო დიდი მწერლის ეს

ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო მხატვრული თხზულება.

მოისპო თუ არა ბატონყმობის გაუქმებით სოციალური ბოროტება? არა,

სოციალური ბოროტება ისევ ძალაში დარჩა, მაშვრალი და ტვირთმძიმე ისევ

მონურ უღელში შებმული. ამ სოციალური ბოროტების ერთ-ერთი მხარე

გვიჩვენა ილიამ თავის პატარა მოთხრობაში „სარჩობელაზედ“, რომელიც 1879

წელს დაიწერა და იმავე წელს ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. ნაწარმოებს

მიწერილი აქვს, რომ ეს არის „პატარა ამბავი“, მაგრამ მასში უაღრესად დიდი

სოციალური ტკივილი იხატება.

პრობლემა, რომელსაც ეს პატარა მოთხრობა ეხება, თითქოს მორალის

სფეროში ტრიალებს, მაგრამ შემდეგ მკითხველის თვალწინ გადაიშლება

სოციალური ყოფის საშინელი სურათი.

მოთხრობა იწყება შუა ზაფხულში; თბილისთან ახლოს, ლოჭინის ხევის

პირად, საშინელ პაპანაქებაში, „კონკილაზედ აყენებულ ურემ-ქვეშ“ სიცხისაგან

ქანცგაწყვეტილი მეურმეები ისვენებენ. როცა შუადღე გადავიდა,

აგრილებისთანავე მეურმეები აიშალნენ და ღვინის ურმებით თბილისისაკენ

გაემართნენ. ისინი ხევს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ ორი ყმაწვილი კაცი

თავს წამოადგათ. კეთილმა მოხუცმა პეტრემ მშიერ ყმაწვილებს მისცა შოთი

პურები, „ერთი ჩარექა ღვინოც ჩამოუსხა“, თან დაატანა: „ეხლა კი ამ მშრალს

პურს პურადძვირობაში ნუ ჩამოგვართმევთ, ამაღამ კი ასეთს ცხვრის მწვადებს

გაჭმევთ, რომ ხონთქარმაც კი ტუჩები ილოკოსო“. ეს დაპირება პეტრემ

მართლაც შეასრულა, ქალაქის მისადგომებთან ურმები გამოუშვეს, ცეცხლი

დაანთეს და მწვადები შეწვეს. ვახშმობის შემდეგ მოხუცმა პეტრემ ყმაწვილებს

ნაბადი დაუგო - „თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას

ვერ აიტანთო“.

ასეთი მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა მეურმე გლეხმა უცნობი

ყმაწვილებისადმი, მაგრამ დილით, როცა გაიღვიძა, მოხუცმა პეტრემ ვეღარ

ნახა ვერც ყმაწვილები და ვერც თავისი ფული – სამი მანეთი და ათი შაური.

იგრძნო, რომ იგი მოატყუეს და გაძარცვეს, ისიც ბავშვებმა, თითქმის

„ძუძუმწოვრებმა“, როგორც თვითონ ამბობს.

გავიდა დრო. ოთხი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვხედავთ კეთილ მოხუცს

ქალაქში, სადაც მან უცნაურ ამბავს მოჰკრა ყური: „ზარბაზანი გავარდება თუ

არა, მახათაზედ ერთს კაცს ჩამოახრჩობენო“. მას არასოდეს არ ენახა კაცის

ჩამოხრჩობა და იფიქრა: ათას ვაი-უბედურებასთან ერთად, მოდი, ერთი ამასაც

ვნახავო. იგი გაემართა მახათის მიმართულებით, დაინახა, რომ ხალხი

ბუზივით ირევა, ერთ ადგილას სახრჩობელაც აღმართულია, გარშემო ჯარი

დგას. გულუბრყვილო პეტრემ, იმ ყმაწვილებთან ხიფათის შემდეგ ყოველთვის

დაეჭვებულმა, აქაც ეჭვის თვალით შეხედა ყველაფერს - „თვალთმაქცობა

იქნება ჯამბაზისაო“. არა, „ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან,

სოფლელია და მოტყუვდაო“ – აჯერებს თავის თავს კეთილი მოხუცი, თუმცა

ცდილობს ახლოს მივიდეს სახრჩობელასთან, რომ ყველაფერი კარგად

დაინახოს.

და დაინახა კიდეც: სულ ახლოს ჩამოატარეს ის საცოდავი „ოცისა თუ

ოც-და-ერთის წლის ყმაწვილი ბიჭი. წვერ-ულვაში ახლად გამოშვებული

ჰქონდა და ლეკურად დაყენებული. სახეზედ ზაფრანის ფერი ედო“. დაინახა

თუ არა, პეტრეს ეს სახე ეცნო, მაგრამ ვერ მოიგონა, საიდან შეიძლებოდა მას ამ

ყმაწვილის ნაცნობობა ჰქონოდა. ალბათ, ქალაქში სადმე მინახავსო, - გაიფიქრა

მოხუცმა, და ახლა სხვა რამ გაუკვირდა: „არა, რა-რიგად გაფითრებულა, მითამ

და მართლა არჩობენ. ჯამბაზი თითონ ეს იქნება სწორედ. არა, შვილოსა, ვერ

მომატყუებთ!“ – დაჟინებით იმეორებს მოხუცი პეტრე თავის გულში, თუმცა

ირგვლივ დედაკაცების მოთქმა-გოდება ესმის. მაგრამ მიზეზს მაინც

პოულობს: დედაკაცები „თმაგრძელი და ჭკუამოკლე“ არიან, მალე

მოტყუვდნენ, თვალთმაქცობამ და კუდიანობამაც ვერ უშველა, პეტრე კი არ

მოტყუვდება, თუმცა „ეს ქალაქელები, კაცი თუ ქალი რა მალე“ შეატყობენ

ხოლმე სოფლელ კაცს, თითქო „შუბლზედ ეწეროს“.

ილიამ დიდი ოსტატობით გვიჩვენა თავისი გმირის შინაგანი განცდა,

მის არსებაში დაუსრულებელი ჭიდილი ეჭვისა და თვითდაჯერებისა.

საკუთარი ქცევის თვითანალიზში შესანიშნავად მჟღავნდება გმირის ხასიათიც,

ხოლო მხატვრული ბუნებრივობა მეტ დამაჯერებლობას იძენს. ავტორი არსად

არ არღვევს გმირის ფსიქოლოგიურ განცდას, თანმიმდევრულად გვახედებს

მისი სულის ყველაზე ინტიმურ ხვეულებში, თითქოს ჩვენს წინაშე ფოლიანტს

შლიდეს და მის დაფარულ სტრიქონებს გვიკითხავდეს.

პეტრე ხედავს, რომ ის ყმაწვილი კაცი უკვე დააყენეს სახრჩობელას ქვეშ,

„ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა

ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად

ცხელ-წყალ თავგადასხმული... უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა

დაიწყო და ფართხალი. დიდხანს იქნივა საწყალმა ფეხები“. მაგრამ პეტრეს

მაინც არ სჯერა, რომ კაცს ახრჩობენ.

უკან დაბრუნებისას მოხუც პეტრეს ვიღაც ნაბდიანმა კაცმა წერილი

გადასცა. წერილიდან მოხუცმა შეიტყო, რომ დღეს მართლა ჩამოუხრჩვიათ ის

ერთ-ერთი ყმაწვილი, რომელიც მას ოთხი წლის წინათ გზაზე შეხვდა.

წერილის ავტორი – უმცროსი ძმა ბრალს სდებდა მთელ ქვეყანას, მათ შორის

პეტრეს, თქვენა ხართ მიზეზი დღევანდელი უბედურებისო: „არ შეგარჩენთ,

არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ

ცოცხალი ვარ, ავიღებ, მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ შუა

საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი

იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით

მტყუანნი... ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და

ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა,

როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზეღა დაკიდებული.

მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ძმასავით

სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის“.

როცა ეს მოისმინა, პეტრეს ცივმა ოფლმა დაასხა, „მე რა შუაში ვარო! –

დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ. მართლა-და ჩვენი

ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს?!“ გვიყენებს ამ თავსამტვრევ კითხვას

ავტორი და მოთხრობასაც ისე ამთავრებს, რომ პასუხს აღარ გვეუბნება – თქვენ

გაარკვიეთო.

პეტრე უშუალო მონაწილე არ არის იმ დანაშაულისა, რომელშიაც მას

ბრალი ედება, მაგრამ_______, როგორც წევრი საზოგადოებისა, სადაც ეს დანაშაული

ხდება, იგი მორალურად პასუხისმგებელია. ასეთ აზრებს აღუძრავდა ილია

ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ იმდროინდელ მკითხველებს და თავისი პატარა

მოთხრობის სოციალურ დანიშნულებასაც ავტორი მხოლოდ ამაში ხედავდა.

მოთხრობა სოციალური უსამართლობის მამხილებელი ნაწარმოებია, რომლის

ძირითადი დანიშნულებაა მკითხველ საზოგადოებას ბოროტებათა წინაშე

თვალი აუხილოს, მის გაბზარულ სარკეში ჩაახედოს და სიმართლის გზა

უჩვენოს. ეს იქნება სამშობლოს ისეთივე სამსახური, როგორიც პატრიოტული

თავდადებაა.

ერთი ასეთი მაგალითი პატრიოტული თავდადებისა ილიამ წარსულის

ფონზე გვიჩვენა საახალწლო მოთხრობაში, რომელსაც „ნიკოლოზ

გოსტაშაბიშვილი“ ეწოდება. ეს არის მცირე ფორმის მხატვრული ნაწარმოები,

რომელიც დიდი ინტერესით იკითხება. ილიამ მხატვრული ოსტატობით

გააცოცხლა საქართველოს გმირული წარსულის ერთი მშვენიერი ფურცელი,

კერძოდ, მეფე გიორგი მეთერთმეტეს დროინდელი სურათი. ეს იყო პერიოდი,

როცა საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი 1636 წლიდან ოსმალეთმა

სპარსეთის „უცილობელი გავლენის სფეროდ სცნო“, ხოლო დასავლეთი

ნაწილი „სპარსეთმა ოსმალეთს დაუთმო“, რაც ორმა ონავარმა სახელმწიფომ -

„სპარსეთმა და ოსმალეთმა ერთმანეთს შორის მუდმივი მტრობის

მოსასპობად“ მოახდინეს[52]. ვახტანგ მეხუთის შვილი და არჩილ მეფის ძმა,

ქართლის მეფე გიორგი XI, რომელიც ტახტზე ორჯერ ავიდა, ცდილობდა უკან-

უკან მიმავალი ეროვნული საქმეები იმით მაინც გამოესწორებინა, რომ დაეცვა

ქართული ენის სიწმინდე. იგი დიდად „ნიჭიერი სამხედრო პიროვნება“

ყოფილა, მაგრამ მის მოქმედებას ერის კეთილდღეობისათვის ყოველმხრივ

ბორკავდა შექმნილი მძიმე მდგომარეობა.

მეფე გიორგი XI დროს „ყიზილბაშების ყეინად დაჯდა შაჰსულთან

უსეინი“, რომელმაც საქართველოს ასაკლებად და ასაოხრებლად დიდძალი

ჯარი გამოგზავნა. დაიწყო სისხლის მღვრელი ომი. გახურებული ბრძოლის

დროს ერთი ყიზილბაში გამოვარდა მოედანზე, „გაუქროლ-გამოუქროლა

ჩვენებს წინ ცხენი, თითქო ჯირითშია და არა ომშიო“. იწყინეს ქართველმა

მეომრებმა ყიზილბაშის ეს თავხედობა, შეიქმნა მითქმა-მოთქმა: „კაცად აღარ

გვაგდებს, თუ რა ამბავია, რომ ასე უშიშრად გაგვირბის და გამოგვირბისო“.

ერთი ქართველი „მოსხეპილი ყმაწვილი კაცი“ ეკვეთა ყიზილბაშს, მაგრამ „ჯერ

ჩამოეკიდა ცხენს და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ“. იგივე ბედი ეწია

მეორე ქართველ გულადს, მესამეს, მეოთხეს და მეხუთესაც. გათამამებული

ყიზილბაში თავის გამარჯვებას დღესასწაულობდა, რაკი ვეღარავინ ბედავდა

მასთან საბრძოლველად გასვლას. ამ დროს შეწუხებულმა ქართველებმა

გაიხსენეს ძველი გმირი, ომში არაერთგზის ნაცადი ნიკოლოზ

გოსტაშაბიშვილი. დაუწყეს ძებნა გმირს, რომელიც „თურმე გაცხარებულ ომში

იყო“ და ძახილზე ომიდან გამოვიდა. როცა მასთან მივიდნენ,

გოსტაშაბიშვილი „ჩოხის კალთით გასისხლიანებულ ხმალს სწმენდავდა“.

შეიტყო საქმის ვითარება და შეწუხდა, ვინაიდან, მართალია, „ძალიან

განთქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო, მაგრამ მაშინ სიბერე მორეული

ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკლავი ერჩოდა, აღარც მუხლი“.

მდგომარეობა იმითაც გართულდა, რომ გოსტაშაბიშვილმა ყოყმანი დაიწყო:

„სად შემიძლიან მე ახლა დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს იმასთან ომის

გასწორება... ვერა ჰხედავთ, ახლად ულვაშაშლილი ვაჟკაცია, კაცი ლომსა

ჰგავს“. მაგრამ უარმა არ გასჭრა. გოსტაშაბიშვილი დარწმუნდა, რომ მისი

გასვლა ურჯულოს წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი იყო. ამ უაღრესად

დაძაბულსა და საბედისწერო მომენტს, რომლის კვანძის გახსნითაც ეს

მშვენიერი პატარა მოთხრობა თავდება, ილია მისთვის დამახასიათებელი

ლაკონიურობით გადმოგვცემს: „გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა

სადავე ცხენს და ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა, ისკუპა და

თვალის დახამხამების უმალ ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა

წამოუღერა თავისი შუბი. გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე

მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების კიჟინა დასცეს. მინამ ყიზილბაში მეორედ

შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენ და ცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი

ღონივრად შეჰბღერტა და ცხენიდან ძირს დასცა, ასე რომ დაცემულს ფეხზე

ადგომა გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდან გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში

ფეხზე და უთხრა:

- ნუ გეშინიან, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისათვის

მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა

მოგცესო.

- მეც სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა

ვაჟკაცისაგანო, - უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა“.

ეს სრულიად მოულოდნელი ფინალი მთლიანად ამჟღავნებს ილიას

პატრიოტული მოთხრობის მორალს. ნაწარმოების მიზანია მკითხველში

გააძლიეროს სამშობლოსადმი სიყვარული, წარსულის ერთი გმირული

შტრიხის მხატვრული წარმოსახვით უჩვენოს ვაჟკაცობის სიდიადე,

სულგრძელობა, მაღალი სული, აღზარდოს გამბედაობა ქართველ კაცში და

შთააგონოს მამულისათვის თავგანწირვის იდეა.

ანალოგიური მიზნითაა შთაგონებული პროზაული მინიატურები –

”ამბავად გაგონილნი“, რომელიც ილიას 1887 წელს დაუწერია. მასში ოთხი

ეპიზოდია აღწერილი: პირველი ორი ერეკლეს, ხოლო დანარჩენები გიორგი

XII მეფობას შეეხება. მაგრამ ამ მოთხრობაში ვაჟკაცობა, გმირობა კი არ არის

აღწერილი, ერის ერთ-ერთი მთავარი თვისებათაგანი – გონებამახვილობა,

მოსწრებული სიტყვა, მოხერხებულობაა წარმოსახული. ამ თვისებას ილია

ყოველთვის დიდ მნიშვნელობას აძლევდა, რაც ჩვენ უკვე დახასიათებული

გვაქვს მისი პოეზიის განხილვის დროს.

სულ სხვა თემატიკური რკალია ვრცელ მოთხრობაში „ოთარაანთ

ქვრივი“. ნაწარმოების სიუჟეტი მოიცავს საგლეხო რეფორმის შემდგომ

პერიოდს, უნდა ვიგულისხმოთ, 80-იან წლებს. მოთხრობაში ოცდაორი თავია,

თითოეულ მათგანს ცალკე ქვესათაური აქვს, რაც ილიას სხვა მოთხრობებს არ

ახასიათებს. ეს ქვესათაურები ისე ოსტატურადაა შერჩეული, რომ მკითხველს

უადვილებენ თითოეული თავის ძირითადი შინაარსის გაგებას.

სოფელ წაბლიანში მცხოვრები, ორმოცდაოთხი წლის ასაკში შესული

ოთარაანთ ქვრივი მტკიცე ნებისყოფისა და გაუტეხელი ხასიათის ადამიანია.

მას ყველა იცნობს, ყველას მისი მორიდება აქვს. სოფლის გზირსაც კი ასე

უთქვამს თურმე: „ოთრაანთ ქვრივის კარმიდამოში მზისა და წვიმის მეტს

არავის შეუძლია გავლა ქვრივის უნებურადო“. სოფელმა კარგად იცოდა, რომ

ამ უცნაური ქალის „თქმა დ ქმნა ერთი იყო“. ამიტომ აქებდნენ კიდეც. დათია

ბადიაშვილი ამბობდა: „... ბარაქალა დედაკაცია – არც სხვისას შეირჩენს, არც

თავისას შეარჩენს სხვასა. ახლა შინა ნახე... მთელი დღე ციბრუტივით

ტრიალებს ოჯახში, იმისი ხელი და ფეხი დილიდან საღამომდე არ დადგებაო“.

თვითონ გამრჯე და მშრომელი სხვისაგანაც ამას მოითხოვდა. ზარმაცებსა _______და

უსაქმურებს ვერ იტანდა. თუ ვინმეს უმოქმედოდ დაინახავდა, „ძირიანად

ამოიღებდა, ძირიანად მოთხრიდა“ თავის მწარე ენით. რაც არ მოეწონებოდა,

მოურიდებლად ამხელდა, ტკბილ სიტყვას კი არავის ეტყოდა.

ქვრივს თავისი საკუთარი შეხედულება ჰქონდა ტკბილ სიტყვაზე. ეს

შეხედულება ცხოვრების მწარე გამოცდილებით შეიმუშავა და სხვასაც

უზიარებდა. „ტკბილი სიტყვა რა არისო! – იტყოდა ხოლმე. – ამ გამწარებულს

წუთისოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი

სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს

მოჰფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის: ნუ გაიქეციანებ

გულს და ფხანაც საჭირო აღარ იქნება... თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს

თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“. ესმოდა

ეს მწარე სიტყვები სოფელს და მის მთქმელზე ამბობდა - „ოთარაანთ ქვრივს

გულის მაგიერ ქვა უდევსო“. მაგრამ სოფელი ცდებოდა. ოთარაანთ ქვრივს

ქვის კი არა, უაღრესად ადამიანური, კაცთმოყვარე და გამკითხავი გული

ჰქონდა. ოთარაანთ ქვრივი რეალისტური, შემკრები ტიპია. ავტორს სურდა

ქვრივის სახით ქართველი დედა, მშრომელი გლეხი ქალი, მაღალი სულის

ადამიანი დაეხატა და მისთვის ეროვნული ხასიათის ნიშნები მიეცა.

ეს ხასიათი ახალი შტრიხით იშლება ჩვენს თვალწინ მოთხრობის მეორე

თავში, რომელსაც „პილპილ-მოყრილი მადლი“ ეწოდება. ოთარაანთ ქვრივის

„პილპილ-მოყრილ მადლში“ მშვენიერი ადამიანური გული იმალება. ეს

„პილპილი“ ცხოვრებისეული სიბრძნეა, რაც თვით ოთარაანთ ქვრივმა სხვაზე

მეტად იწვნია. ცხოვრების მწარე გამოცდილებამ მას ისიც ასწავლა, რომ

ყველაფერში თადარიგი დაეჭირა, ამიტომ ჰქონდა მას უცნაური „ხუთი ქისა“.

ნახეთ ოთარაანთ ქვრივის თადარიგიანობა კარმიდამოს მოვლაში და

შეადარეთ იგი თავად თათქარიძის ეზოს. ლუარსაბს ყველაფერი მოშლილი და

სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა. მარტოხელა ოთარაანთ ქვრივს კი,

შრომაში გაკაჟებულს, ისეთი კარმიდამო აქვს, „კაცის თვალს ეამებოდა“, რომ

ენახა.

ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა ქალი დაქვრივდა, დარჩა ერთი წლის

ვაჟიშვილის ამარა, მაგრამ ქმრის ყველა თხოვნა პირდაპირ სპარტანული

ამტანობით შეასრულა. „ოჯახი შეინახა, უფრო გააძლიერა, მკვდარსაც

უურვებდა“, შვილიც შეურცხვენლად გაზარდა, შავები აღარ მოუშორებია.

ბევრს უნდოდა მშვენიერი ახალგაზრდა ქვრივის ცოლად შერთვა,

მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა: „... უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ

ქვრივს, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა.

ვენაცვალე იმის სიყრმეს!.. მამაშენს ვუღალატო!.. შენ გაგცე!.. აი, უწინამც

დედამიწა გაირღვევა და შიგ ჩამიტანს“. ხვევნა-კოცნითა და ალერსით შვილი

არ გაუნებივრებია, თუმცა მალულად, როცა გიორგის ეძინა, არც ერთი არ

დაუკლია.

გიორგი მშვენიერი ყმაწვილი დადგა. ჩაცმა კოხტად და ფაქიზად იცოდა.

დოინჯის შემოყრა აკლია, თორემ თავადიშვილიაო, - ამბობდნენ გლეხები. ამ

გარეგნულ კდემამოსილებას ამკობდა მიმზიდველი შინაგანი ღირსებანიც.

თედორესავით გულღია და გულმხიარული არ იყო, მაგრამ შრომაში დიდი

გამრჯე, გულმოდგინე, დაუზარელი, ხელმართალი – მამასა ჰგავდა. დედის

დიდი ხათრი და მორიდება ჰქონდა. ოჯახში მეთაურობა მისთვის არ

ჩამოურთმევია. დედაც არ დაანებებდაო, - გვეუბნება ილია, - თუმცა

ოთარაანთ ქვრივს „დედამიწის ზურგზედ იმის მეტი სიხარული და ლხენა

სხვა არა ჰქონდა-რა, რომ შვილისათვის ეცქირნა, შვილისათვის ეცოცხლნა“.

დედის ხასიათი გამოჰყვა გიორგის – მართალს თავგამოდებით იცავდა,

მტყუანს თავს ესხმოდა.

დრო მიდიოდა, ვაჟიშვილის კაცურკაცობით ქვრივი ბედნიერად

თვლიდა თავის თავს, მაგრამ ოცდაერთი წლის ვაჟკაცი არ ფიქრობდა ცოლის

შერთვას და ეს იყო ერთი დიდი „ჯავრი დედისა“. ქვრივის ამ დარდსა და

ნატვრას ერთი უცნაური ნაღველიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო შეაშფოთა

მისი გული. დედამ იგრძნო, რომ ბოლო ხანებში „შვილს გუნება ეცვალა, უფრო

დაიღვრიმა, უფრო გული დაიხურა, უფრო ჩაიკეტა, უფრო დანაღვლიანდა“.

რამდენჯერ არ სცადა საბრალო დედამ იმ ორი წლის განმავლობაში, რაც

გიორგის ეს ახირება დასჩემდა, შვილის გამოწვევა გულახდილი

საუბრისათვის, მაგრამ არ იქნა და არა. ყოველთვის სხვა პასუხი მიიღო. რაკი

სხვა გამოსავალი ვერ ნახა, ამაყმა, შეუპოვარმა, გულგაუტეხელმა ქალმა

პირველად თავის სიცოცხლეში გაუღებელი მსხვერპლი გაიღო – შვილს თავი

შეაბრალა. მხოლოდ ცრემლს, დედის ცრემლს შეეძლო გიორგი გაეტეხა და აკი

უმალ გატყდა კიდეც: „მოჯამაგირედ მინდა დავდგე, გული შინ აღარ

მიდგებაო“. როცა დედამ ჰკითხა - „მერე ვისთან აპირებ დგომასო“, გიორგის

აღარ დაუყოვნებია – თავად არჩილთანო, რომელიც იმავე სოფელში

ცხოვრობდა თავის გასათხოვარ, ლამაზ დასთან ერთად.

გაიგონა თუ არა ეს, „ოთარაანთ ქვრივმა... თითზედ იკბინა, თითქო

რაღაც ენიშნაო, რაღაცას მიაგნოვო“.

არჩილი ახლად დაბრუნებულია რუსეთიდან, სადაც უმაღლესი

განათლება შეუძენია. დედ-მამა ცოცხლები აღარ დახვდნენ, ერთადერთი დის

– კესოს ამარა დარჩენილა და მასთან ერთად ცხოვრობს მშობლების

დანატოვარ მამულში. ისინი არა ჰგვანან ჩვეულებრივ უკულტურო

მებატონეებს. სოფელიც მადლიერი ჰყავთ, როგორც ავტორი გვეუბნება და „კაი

ხალხის“ სახელითაც სარგებლობენ. როცა და-ძმას გიორგის შესახებ საუბარი

ჰქონდათ, ჰამლეტის ცნობილ სიტყვებს მოიშველიებდნენ სამყაროს

უსასრულობასა და შეუცნობლობაზე. მათ უკვირდათ, თუ საიდან ჰქონდა

გლეხკაცის შვილს – გიორგის – ასეთი მაღალი ზნე, ასეთი ადამიანური

ხასიათი.

არჩილსა და კესოს ისიც გაუკვირდათ, როცა მათთან გიორგი მივიდა –

მოჯამაგირედ დაგიდგებითო. და-ძმა უკეთეს მოჯამაგირეს სად იშოვიდა,

გაეხარდათ კიდეც, მაგრამ კესომ შემთხვევით არ იკითხა: „მერე დედა-შენი?“

განა ის თანახმა არისო? არჩილიც იმავე აზრისაა: დედაშენის დიდი თავაზი და

ხათრი გვაქვს, ვერ ვაწყენინებთო. და ისინი მართალნი იყვნენ, უცნაური ამბავი

ხდებოდა, რომ ისეთი ოჯახისშვილი, როგორიც გიორგია, სხვა გლეხებთან

შედარებით საკმაოდ წელგამართული, მოჯამაგირედ დგებოდა. ეს მართლაც

„უცნაური ნასკვი“ იყო.

ორი დღის შემდეგ თვით ოთარაანთ ქვრივი ეახლა და-ძმას.

გადაწყდა გიორგის საქმე და ყმაწვილი კაცი ისე გამხიარულდა, რომ

ოთარაანთ ქვრივმა, როგორც იქნა ერთხელ მაინც იხილა თავისი შვილის

შუბლგახსნილობა, „მზიან-ჩრდილიანი“ სიამოვნება. გიორგიმ აიკიდა დედის

მიერ გამზადებული ბარგი და არჩილისაკენ გაემართა.

ეს გამგზავრება ილიამ დიდი ოსტატობით, ღრმა ფსიქოლოგიური

განცდებით აღწერა.

აი, გიორგიმ „მხიარულად შეიგდო მხარზედ ბარგი და გასწია“ სხვისი

ოჯახისაკენ. „ოთარაანთ ქვრივმა დიდხანს ადევნა თვალი დერეფნიდამ...

დიდხანს ადევნა, დიდხანს, მინამ თვალთაგან მიეფარებოდა შვილი, თითქო

ხმაამოუღებლად იხვეწ-იმუდარებოდა – ერთი მაინც შემომხედოსო. მაგრამ

გიორგიმ უკან აღარ მოიხედა“. დედა შეწუხდა, მას „გულმა ტეხა დაუწყო“,

„ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს. განა აქ არა დაჰრჩა-რა!...

სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს... განა ყველაფერი ის

არის, სულ ყველაფერი!..“ სხვა თუ არა ეს, „ოთარაანთ ქვრივმა კაბის სახელო

წამოიწია და მთელი მკლავი დაჭიმული სახელოთი მოისო თვალებზედ“.

მაგრამ ვერ გაიგო – რატომ გააკეთა ეს, „უნებურად, უცოდნელად მოუვიდა.

ხელმა თავისთავად დაასწრო, მინამ გული ცრემლს წამოჰღვრიდა. თითქოს

ხელი არ დაეკითხა გულს, - არ დამაგვიანოს, არ დამიშალოსო“. და ოთარაანთ

ქვრივს ცრემლი მოერია, მაგრამ განა ჰქონდა კი „ცრემლი ცეცხლმოკიდებულ

გულსა?!“ დიდი წუხილის დროს ადამიანს ცრემლი ხშირად უშრება ხოლმე და

ეს უფრო მეტად აძლიერებს მის ტანჯვას.

ოთარაანთ ქვრივი ჩამოჯდა „დერეფნის დირეზედ. ჩაჰკიდა თავი და

ორისავე იდაყვით მუხლების თავზედ დაებჯინა... ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა

წაიღო“...

გიორგიმ ისე ერთგულად დაიწყო მუშაობა, რომ ყველა გაკვირვებული

შესცქეროდა მის საქციელს. თუ კესომ გიორგის არსებაში „ახირებული გული“

დაინახა, არჩილმა „ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც

თავისას“.

და-ძმა შეთანხმდნენ, რომ კესოს ახალი ბაღის გაშენებას გიორგის

დაავალებდნენ. მეორე დღეს კესომ იხმო გიორგი და მომავალი ბაღის ნახაზები

უჩვენა. გიორგიმ ფეხიც კი ვერ წარსდგა წინ, როცა კესომ უთხრა – ახლოს

მოდიო, ფანცქალმა აიტანა და ქალი იძულებული შეიქმნა მისი სახელოსათვის

ხელი წაევლო, რომ მოჯამაგირე ტახტზე გაშლილ ნახაზებთან ახლოს მიეყვანა.

გიორგისათვის ეს მოკლე სიტყვა „ახლო“ გრძელი აღმოჩნდა. ძლივს ასე ახლო

დადგა საყვარელ არსებასთან, მაგრამ კესოს ახსნა-განმარტებების აღარაფერი

ესმოდა. „მე ვერასა ვხედავ, ვერა!.. შენი ჭირიმე, ეხლა თავი დამანებე, სხვა

დროს მიბრძანე, უთხრა გულამოსკვნილის ხვეწნით გიორგიმ და განზედ

დაუდგა კესოს. რაღაც ხათაბალა გადამეკიდა, თვალები ამება, რეტი დამესხა.

ვერც ვერას ვხედავ, ვერც ვერა მესმის-რა. ეხლა დამითხოვე, შენის ღმერთის

გულისათვის“ და კესომაც დაითხოვა, თუმცა ვერც გაიგო, რა ამბავი

ტრიალებდა მოჯამაგირის თავზე. გიორგიმაც _______არ იცოდა, რა მოსდიოდა.

ივლისში ყვავილების ბაღი უკვე მორთულ-მოკაზმული

გამოიყურებოდა. გამრჯე ხელმა და მადლიანმა ბუნებამ საარაკო სილამაზე

დაბადეს. კესო ბედნიერად თვლიდა თავს, დილიდან საღამომდე ბაღში იჯდა,

ხოლო უფრო ბედნიერი გიორგი იყო, რომელიც კესოს ყოველდღე ხედავდა,

მისი სიყვარულით ორი-სამი კაცის საქმეს აკეთებდა, გასამრჯელოზე უარს

ამბობდა: „რა ჯამაგირი მინდა!.. მე ისიც მყოფნის, რომ ყოველ ცისმარე დღეს

მზეს ვუყურებო“.

დადგა შემოდგომა... გიორგის მოჯამაგირეობის მეცხრე თვეს მოხდა

ტრაგიკული შემთხვევა, რამაც მთელი სოფელი აალაპარაკა. მოხუცი პეტრე

არჩილის თივას დგამდა, უკვე „შუასარი სათივისა ორ ადლზე-ღა ჰჩანდა და

სათივე ვიწროზე ადიოდა თავის მოსაბმელად“. იქვე იყვნენ არჩილი და კესო

მომუშავე გლეხებთან ერთად. ის იყო გიორგი დაბრუნდა, ახედა თივის ზვინს

და პეტრეს ასძახა: „გადახრილია თავი სათივისა, გვერდელად აგყავს, არ

ივარგებს, გაასწორეო“. მოხუცმა პეტრემ სთხოვა მოჯამაგირეს – ძალიან

დაღლილი ვარ, ვერ შევძლებ, იქნებ დამეხმარო და გამასწორებინოო. გიორგი

უმალ ავიდა თივის ზვინზე, გაასწორა, დამსწრეთა ქებაც დაიმსახურა, მაგრამ

ძირის ჩამოსვლის დროს წნელი გაუწყდა, იქვე მდგომ „ურმისჭალს ზედ დაეგო

ზურგითა. ჭალმა ვერ გაუძლო, გადატყდა, მაგრამ ზურგის ძვალი კი

შეუნგრია“... როცა არჩილი და კესო მისცვივდნენ უბედურს, საშინელი სურათი

იხილეს: გიორგი ცოცხალ-მკვდარი ეგდო „დედამიწაზედ პირქვედამხობილი,

სისხლი შადრევანსავით სცემდა“. მუხლებზე დაცემულმა არჩილმა და

გლეხებმა გიორგის წყლული შეუხვიეს, სისხლის დენა შეუნელეს. „ცოცხალ-

მკვდარი გიორგი და გულშემოყრილი კესო ცალ-ცალკე შეიტანეს ხელით

სახლში“.

გიორგი დააწვინეს არჩილის ოთახში, არჩილისავე ლოგინში. მკურნალი

მოიხმეს მახლობელი ქალაქიდან. შინაური ექიმებიც მოიწვიეს, მათ შორის

სახელგანთქმული დემეტრეც, მაგრამ ამ უკანასკნელმა, გულდასმით

გასინჯვის შემდეგ, დაასკვნა, რომ გიორგი ამ ქვეყნის უკვე აღარ იყო.

უსაზღვრო იყო და-ძმის წუხილი, რომელიც კიდევ უფრო

ძლიერდებოდა იმის ფიქრით, თუ რა სურათი დატრიალდებოდა, როცა

ოთარაანთ ქვრივი მომაკვდავ შვილთან მოვიდოდა.

ეს წუთიც დადგა. „მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა

ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე გულ-დინჯად შევიდა გიორგის ოთახში, თითქო

შენათვალი არაფრად შეუმჩნევია და აინუნშიაც არა მოსდის რაო. მარტო სახე

თითქო უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებ-შუა შუბლი ორ-სამ კეცად ჩაჰნაოჭებოდა,

ზაფრანის ფერი ედო...

- რა გატირებს, ჩემო კარგო?! – უთხრა გზა და გზა გიორგისაკენ

მიმავალმა დედამ მტირალს კესოს. – განა სატირლადაც გახდა საქმე!...

ხმა არავინ გასცა რიდისა და კრძალვისაგან. ზარი დიდი იყო.

ოთრაანთ ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა

ცოცხალმკვდარ შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქავ მუხლი

მოეჭრა და ჩაიჩოქა.

ხმაგაკმენდილს ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ

შეატოკა.

მარტო ერთადერთი სანთლის ალი ჰთრთოდა ლოგინის თავში, სხვა

ყველა სულიერნი თითქოს გაქვავდნენ, თითქო მარილის სვეტებად

გადაიქცნენო.

დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდაობაღა

თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად,

ხმაამოუღებლად“. როცა ოთარაანთ ქვრივმა გულზე ხელი მოუსვა

ხმაჩაკმენდილ შვილს, იგრძნო, რომ ხორცი სულს ეყრებოდა, ახლა იმასღა

ნატრობდა – იქნებ ისე მაინც არ მომიკვდეს, „ხმა არ გამცეს, არა მითხრას-რაო“.

დედა ხედავდა, შვილს ლაპარაკის ილაჯიც აღარ ჰქონდა, თუმცა თქმა კი

უნდოდა. ოთარაანთ ქვრივს ორი მსხვილი ცრემლი წამოსდინდა, მაგრამ სახე

მაინც არ უტიროდა, „გაკერპებულმა დედამ სახეს არ ამოაბეჭდვინა მწვავე

ტკივილი გულისა. ძალისძალად გაყინული ცრემლი კი დაადნო

ცეცხლმოკიდებულმა გულმა და ძალისძალადვე შეუპოვრად შეკრულს სახეს

ერთი ძარღვიც ვერ შეუშალა. იმედგადაწყვეტილობის სუსხმა ისევ გაჰყინა ეს

დამდნარი დედაკაცი“. ბოლოს გიორგიმ ლაპარაკი შეიძლო, მას სურდა

„უკანასკნელი განდობა“, რომელიც კესოს შეეხებოდა. ძლივს, მაგრამ

გასაგონად წარმოთქვა, რომ „ანგელოზი კესო“ მისი ბედისწერა იყო, არც

ნანობს, ნეტავი ერთი მის კალთას ამთხვევინა! როცა მომაკვდავის ეს სიტყვები

გაიგონა, ელდანაცემი კესო ტირილით მივარდა გიორგის, შუბლზე აკოცა და

მისი ცრემლი მომაკვდავის გულს დაეცა. „ამ პატარა უეცარმა ცრემლმა

ერთხანს შესძრა გიორგი და შეაჟრჟოლა. ეს ცრემლი თითქო უკვდავების

წყაროდ ებკურა, იამა, გაუხარდა, მოსულიერდა, თითქო მიმავალი სიცოცხლე

უკანვე დაუბრუნდაო“. ისიც მოახერხა, რომ დედისათვის ეთქვა თავისი დიდი

საიდუმლო, რასაც ამდენხანს უმალავდა. „ჰხედავ, დედი!.. – ამბობს გიორგი, -

ცოცხალი მაგის ღიმს ვერ ვეღირსე, ვკვდები და მაგისი ცრემლი ზედ დამდის.

ესეც მეყოფა თან წასატან ლხენად... არ ვნანობ, არა!.. მივდივარ და თან მიმაქვს

ამის ცრემლით განედლებული სიხარული... ნუ იწუხებ, დედი! შენგან

გამიგონია, რასაც არა ეშველება-რა, კაცი არ უნდა აეთრევინოსო! არჩილ, ნუ

მიწყენ, ნუ!.. ნურც შენ, ნურც შენ!.. განა არ ვიცოდი, მე ვინ და შენ ვინ!... სად

მიგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს... გული გწვდებოდა, გული, ხელი კი ვეღარ...

ხატსავით გლოცულობდი, მზესავით დამნათობდი... არც კი იცოდი – ვის

ათბობ, ვის ალხენ, ვის აცოცხლებ! მინამ ცოცხალი ვიყავი, ვერ გაგიტყდი,

მრცხვენოდა... მერიდებოდა... მეშინოდა... ვკვდები და გეუბნები... მკვდარს

რაღა მომეკითხება? მკვდარი ყველა თანაბარია!..“

როგორც საკუთარი ოჯახის შვილი, სახლიკაცი, ისე დაკრძალა არჩილმა

თავისი მოჯამაგირე. „კაცი მოიდნეს“ და ახლა კარგი დამარხვით, მასზე

ტირილით „ქვეყანას... უბმენ თვალსაო“, - სოფელში ასე ლაპარაკობდნენ და-

ძმაზე.

განსაკუთრებით გულნატკენი დარჩა კესო, უკვირდა, რატომ გვწამებენ,

რომ ჩვენ გიორგი სოფლის თვალის ასაბმელად დავკრძალეთ ასე დიდი

ამბითო. არჩილი კი სულ სხვა აზრისაა სოფლის მითქმა-მოთქმაზე. „ისინი

თავის მხრივ მართალნი არიან. ჩვენ შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას

დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. შორიშორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ

მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი“.

ასე ფიქრობს არჩილი და მისი აზრი კესომ ისე გაიგო, თითქოს მადლი –

მადლად, კეთილი – კეთილად აღარ უნდა გავიდეს.

მაგრამ ხომ არის გული, მგრძნობიერი გული, ნუთუ ისიც მოკვდა, ისიც

აღარა აქვს ადამიანს? – კითხულობს ძმის აზრთა დენით შეშფოთებული კესო.

დიახ, არჩილისათვის „გული... გული, ესე იგი, ის მადლი, რაც ენას და ხელს

უნდა ასაქმებდეს, მართლა... აღარ არის. ან არის და დამუნჯებულია,

დაყრუებულია, თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკდომოდეს, თუ მთლად არა,

ერთი ნახევარი მაინც. ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრითღა ვცხოვრობთ და

ვკითხულობთ ერთმანეთს“.

განა ახალია გულისა და მადლის ეს დახასიათება, ან იმის განმარტება,

რომ მადლი ორ მომენტს გულისხმობს ერთსა და იმავე დროს – ერთის

გაწირვას და მეორეს მიერ შეწირვას? ან იმის თქმა, წყალგაღმამყოფელი, რაკი

შორს დარჩენილა, წყალგამოღმა რაც ხდება, ვერა ხედავს, ვერ გრძნობს და ამის

გამო მათთვის ბრალდების წაყენება არ შეიძლება? კესომ ეს ძველ მოთხრობად,

მაგრამ ახალი ფორმით გამოთქმულ ფილოსოფიად მიიჩნია, რომელიც ამბობს:

რაკი გლეხია, ყოველთვის მართალი უნდა იყოსო. არჩილი არ ეთანხმება: „მე

გლეხკაცს გუშინდელ ბალღსავით კი არ შევხარი, ანგელოზია-მეთქი, მე

ვსინჯავ, მე ვჩხრეკავ და, როგორც ჭკვა-დამჯდარი მგლოვიარე, დავტირი ჩემს

დაკარგულს ნახევარსა. ის ჩემგან მოკვეთილი ნახევარია, მე იმისაგან. მე

დაკარგული მენანება. მებრალება და არ მემართლება კი. გლეხი უწმინდურია

თავისი ტყაპუჭით კი არა, ზოგჯერ თავის გულითაც. ესეც ვიცი, მაგრამ ჩვენ კი

უკეთესი ვართ? ამ წმინდა და უმტვერო თოვლსავით სპეტაკს პერანგქვეშ განა

ჩვენ იმათზედ მეტი ვართ? ისინი მენანებიან, მებრალებიან-მეთქი, მე კი ჩემი

თავი მძაგს და მეზიზღება. არა, ნახევარ კაცად, ნახევარ გულით ცხოვრება

სიკვდილია, კდომაა“...

ეს სიტყვები ნათლად მოწმობს, რომ არჩილი არ არის ფანატიკოსი,

გლეხი მას ხალხოსნების მსგავსად გაიდეალებული არა ჰყავს, ანგელოზად არ

წარმოუდგენია, ყოველთვის მართლად იმიტომ კი არ მიაჩნია, რომ გლეხია.

არჩილი ანალიტიკოსია, წარსულის მსჯავრმდებელი, საკუთარი წოდების

ისტორიულ ცოდვათა მამხილებელი და აქედან, საკუთარი თავის

გამკიცხველიც. მისი ანალიტიკური გონება სინჯავს, ჩხრეკს, გლოვობს და

მისტირის იმ ნახევარს, რომელიც თავისივე სხეულიდან ოდესღაც

მოკვეთილად და დაკარგულად მიაჩნია. მაგრამ იგი კი არ ამართლებს,

მხოლოდ იბრალებს და ნანობს თავისაგან მოკვეთილ მეორე ნახევარს. არჩილს,

რომელსაც რუსეთში უმაღლესი განათლება მიუღია, საკმაოდ შესწავლილი

ექნებოდა არაერთი სოციოლოგიური მოძღვრება, რომელიც საზოგადოებრივ

უბედურებათა ახსნასთან ერთად რეცეპტებსაც იძლეოდა სოციალურ სენთაგან

განსაკურნებლად. მაგრამ არჩილმა ისიც უთუოდ მშვენივრად იცოდა, რომ

რეალური შედეგები ამ სოციოლოგიურ დოქტრინებს კაცობრიობისათვის ჯერ

არ მიეცათ, რომ წყლული წყლულად რჩებოდა, ხოლო რეცეპტები –

რეცეპტებად. ამ დოქტრინებში მიზეზის ახსნა მისთვის უფრო დამაჯერებელი

იყო, ვიდრე ავადმყოფის მოსარჩენად გამოწერილი რეცეპტი. მას რუსოს

მოძღვრებაც იმდენად ეცოდინებოდა, რომ წარმოდგენა ჰქონოდა იმ

საბედისწერო დღეზე, როცა ერთმა ხარბმა ადამიანმა მიწის რომელიღაც

ნაკვეთს ღობე შემოავლო და თქვა - „ეს ჩემიაო“. ადამიანთა ერთობაში,

რომელიც მიწის საერთო საკუთრებით იყო შემტკიცებული, პირველად მაშინ

ჩატყდა ხიდი, ხოლო შემდეგ ის ხიდი სულ მოიშალა. იმ პირველმა კაცმა

პირველი დანაშაული ჩაიდინა დედამიწაზე და სათავე დაუდო დანაშაულთა

ისეთ უსასრულო რიგს, რომელმაც მთელი კაცობრიობა გიგანტურ ობობას

ქსელში გაახვია, ხოლო ეს ობობა ბოროტება იყო. დროთა ვითარებაში ქსელი

იმდენად დაიხლართა, თავი და ბოლო ვერავინ მოუნახა, ყველა მისი

მსხვერპლი შეიქმნა. ალბათ, ამას გულისხმობს არჩილი, როცა ჩატეხილ ხიდზე

ლაპარაკობს, ღობეებს ახსენებს, გაღმაპირელებსა და გამოღმაპირელებს

ახასიათებს, პირველებს, უდანაშაულოებს, მისტრის და ინანებს, ხოლო

გამოღმაპირელებს, რომლებსაც თვითონვე ეკუთვნის, ამხელს, ბრალსა სდებს,

აძაგებს, როგორც იმ პირველი ბოროტმოქმედის შთამომავლებს.

ბოროტმოქმედება იმით ისჯება, რომ პირველი დამნაშავის მომდევნო

თაობანი, რომლებმაც მიწა დაიტაცეს, კვდებიან სიცოცხლეშივე. განა შეიძლება

ამაზე უფრო მეტი სასჯელი არსებობდეს ცოცხალთათვის?

სიტყვა მკვეთრია, მოურიდებელია, თვითგანსჯასა და თვითდასჯას

ყოველთვის თან ახლავს ღრმა გულისტკივილი, რომლითაც სავსეა არჩილის

მწვავე აზრთა დენა. გამოდის, რომ ის საშინელი უფსკრული, რომელიც

დაკარგულ ორ ნახევარს შორის გათხრილა, ამოუვსებელია და ასეთად

დარჩება. ისიც აშკარაა, რომ დაღუპულია საქმე, რომელსაც მიზნად ჰქონდა

დასახული ეს დანაშაული როგორმე გაებათილებინა.

მაგრამ არა, არჩილი ასე არ ფიქრობს. მართალია, საქმე წასულია, მაგრამ

არა მთლიანად. აქ საერთო მსჯელობა არ შეიძლება. რაკი ორი ნახევარია,

თვითეულზე ცალკე უნდა ითქვას. საქმე წასულია „ჩვენისთანისა – იქნება ჰო,

მაგრამ იმათი კი არაო“, - ამბობს არჩილი.

„...განსხვავება აქ არის. ჩვენ რაცა ვართ, გაკეთებულნი ვართ, ისინი კი –

შექმნილნი. ჩვენ დაბლანდულნი ვართ, ისინი კი გვირისტით შეკერილნი, იმ

გვირისტით, რომელიც მარტო ბუნებამ იცის და ბუნება – ხომ იცი, რა ოსტატია.

ისინი ჩაკირულნი არიან, ჩვენ დონდლონი, დუნენი. აბა იმათს სიმღერას

უყურე: ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა

კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია... იმათთვის ძილი მართალი

მოსვენებაა, მართალი აღდგენაა დახარჯული ღონისა, ჩვენთვის კი

ნებივრობაა, ღონის გასიებაა, დამძიმებაა, წყალმანკია, იმიტომ, რომ ჩვენი

ღვიძლიც ძილია. იმათი ცოცხალი ნახევარი, ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს,

და ჩვენი კი უქმია. საქმეა სიცოცხლე... ეს არის იმათი კარგი და ამითი

გვჯობნიან“...

თუ ანალიზს გავუკეთებთ ყოველივე იმას, რასაც არჩილი ამბობს, იმ

დასკვნამდე უნდა მივიდეთ, რომ მას შემდეგ, რაც ის საბედისწერო ხიდი

ჩატყდა, მთელი დაირღვა, ადამიანი განახევრდა, ერთსაც და მეორესაც

ნახევარ-ნახევარი გული დარჩა. ნახევარი გულით სიცოცხლე სიკვდილია,

ამიტომ გამოღმაპირელები სიცოცხლეშივე კვდებიან, მაგრამ გაღმაპირელებმა

სიცოცხლეშივე სიკვდილს თავი დააღწიეს საქმით, რაც მათთვის მაშინვე

დაიბადა, როგორც კი მიწა დაჰკარგეს. საქმე სიცოცხლეა, და ისინი საქმით

ცოცხლობენ, საქმით არიან უკეთესნი, გვირისტით შეკერილნი.

კესოს არა სჯერა არჩილის სიტყვებისა. მას უკვირს: რა არის კარგი იმ

მოქმედებაში, რომელიც არჩილმა ასე გააიდეალა? არაფერი. განა „ნადირი კი არ

დაძრწის დილიდამ საღამომდე საჭმლის საშოვნელად? განა იმისათვის, რომ

ჰშიან და „ხელფეხსა სძრავს, საქებ-სადიდებელია?“ კესოს აზრით, „ადამიანს

ადამიანობა უნდა ემჩნეოდეს“, ეს უნდა იყოს „თავი და ბოლო ქება-დიდებისა“

და არა საჭმლისთვის ნადირივით ძუნძული. ამიტომ კესოს მიაჩნია, რომ

გლეხები ადამიანობით თავადებზე უარესნი არიან. „გლეხკაცისთანა ხარბს,

გლეხკაცისთანა გაუტანელს, გლეხკაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს

ძნელად თუ ნახავ სადმე, მაშინაც კი, როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში

მიატანს: დაარჩობს, მიწასთან გაასწორებს. სხვას ვიღა სჩივის...“

მართალია ყოველივე ეს? როგორ პასუხს აძლევს არჩილი თავის დას?

უარყოფს, თუ ეთანხმება ამ საშინელ ბრალდებას?

ის, რაც კესომ თქვა, მხოლოდ გამონაკლისია, თითო-ოროლაა, ჭუჭყია,

მარტოოდენ ქაფია, ძირში კი ანკარა და სუფთაა. ნამდვილი სისხლი გლეხის

ძარღვებში სჩქეფს და ნამდვილი სიცოცხლის ძარღვიც მის არსებაში სცემს.

ამიტომ იყო ასე კაცურკაცად დაწნული გიორგი, ამიტომ არის ასეთი დედაკაცი

ოთარაანთ ქვრივი. მათი მსგავსი კარგი პური მხოლოდ მათ თონეში ცხვება,

ჩვენი კი მარტო ჩვენისთანა კუტ პურს აცხობსო, - ამბობს არჩილი და ეს

სიტყვები მონანიე აზნაურის ტიპიური აღიარებაა. მას ისიც უგრძვნია, რომ

თვითონ უღონონი არიან, სმენაც დახშული აქვთ და ხედვაც, ამიტომ ვერ

ამჩნევენ მათ ღირსებას.

კესო ამიტომ ვერ მიუხვდა გიორგის, ამიტომ ვერ იგრძნო მისი

გულისცემა, ამიტომ ვერ გაიგონა სიყვარულის ჯადოქრული მელოდია.

არჩილმა მოურიდებლად ამხილა კესო – რაკი გიორგის გვარიშვილობა არ

ჰქონდა, თუმცა ბევრ თავადს სჯობდა სილამაზითაც და ადამიანური

ღირსებებითაც, ცოლად არ გაჰყვებოდიო. დიახ, არ გაჰყვებოდა; მაგრამ

მიზეზი ის იყო, რომ არ უყვარდა. არჩილი აქ ხედავს თავსა და ბოლოს. იგი არ

მალავს, რომ თვითონაც ასე მოიქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ გლეხკაცზე

მაღალი შეხედულება აქვს, გიორგისთანა მოჯამაგირეს მზად არის

შეგირდადაც გაუხდეს, მაგრამ სიყვარული? ეს უკვე სხვა საქმეა. სიყვარულსა

და ცოლქმრობაში გამოღმაპირელებისათვის მთავარი გვარიშვილობაა, ხოლო

სილამაზე, კაცურკაცობა, პირადი ადამიანური ღირსებები მეორეხარისხოვან

როლს ასრულებს.

„აი, რა დიდი კედელია ჩვენსა და იმათ შუა! ჩვენის სისხლ-ხორცის

ქვითკირია, ქვითკირი... ჩვენ რომ გვკითხონ, ვითომ დიდი ხანია

გადაგვიქცევია ეს მაგარი კედელი. მაგარი რით? მარტო წიგნისაგან

გაალმასებულ ენითა. ენით ვაქცევთ და გული კი ისევ ებღაუჭება, ისევ აშენებს,

აგებს... ნახევარ-კაცნი ვართ და ვაი, რომ უკეთესი ნახევარი მოგვთლია“...

არჩილში გაღვიძებული სინდისი ძალას იკრებდა, რომ საუკუნეობრივი

დანაშაულისათვის ფარდა ბოლომდე აეხადა. მიზეზი იმისა, რომ კესო ვერ

მიუხვდა გიორგის სიყვარულს, ვერც შეიყვარა, მხოლოდ გიორგის

გლეხკაცობაში მდგომარეობდა, თუმცა თვით კესო უარყოფდა ამ ბრალდებას.

არჩილისათვის გიორგი მთელი წიგნი იყო, ხიდგაღმა დაწერილი.

„გიორგი წიგნია-მეთქი, მთელი წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით

დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ. რას არა

ვკითხულობთ მე და შენ და ათასი ჩვენისთანა. მწიგნობრიობით დღეს ვის არ

მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არა გვცოდნია. გიორგი ცოცხალი

ხატია ღირსებისა. „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებსო“,

ნათქვამია და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ, - რა კარგად და მართლად არის

ნათქვამიო. წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზედაც ხომ გვაკერია და გვაკერია.

ცხოვრებამ კი რომ ამისი ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერც ვიცანით,

თვალით ნახული ვერ დავინახეთ. არ შეირთავდი!.. ვის? „მშვენიერს სულსა“.

არ გიყვარდა ის, ვისაც „ცის სხივით აცისკროვნებს მშვენიერება სულისა“.

არჩილი ღრმად იხედება სინამდვილეში, ცდილობს მის გაგებას, თუმცა

ზოგჯერ გაურბის საგნების პირდაპირ დახასიათებას, არსად არ ხმარობს

ცნებას - „კერძო საკუთრება“, თითქო მისი წარმოთქმის ეშინოდეს, და არ

იცოდეს, რომ კერძო საკუთრების გაჩენა იყო მიზეზი იმ ხიდჩატეხილობისა,

რაც მის გონებას ასე აწვალებდა. კერძო საკუთრება ედო საფუძვლად „ხიდ-

გაღმა დაწერილი წიგნის“ ტრაგედიასაც, ის წიგნი სწორედ ამის გამო იყო

დაბეჭდილი სხვა ასოებით და ამიტომ ვერ შეძლეს მისი წაკითხვა ვერც კესომ,

ვერც არჩილმა. თუ რატომ ვერ იგრძნო თავადიშვილის ქალმა მშვენიერი,

სულით მაღალი გლეხკაცი ყმაწვილის სიყვარული, ერთი შეხედვით, თითქო

ადვილი ასახსნელია. „სიყვარული ბრძანებით არ მოდისო“, - უპასუხა კესომ

ძმას. მაგრამ ბოლოს ტირილი დაიწყო... კესოს ცრემლი უკვე მიმხვდარი

ჭეშმარიტების წინაშე უძლურებისა და თვითგანსჯის შედეგი იყო.

ამის გამო გაეხარდა არჩილს მისი დანახვა, კესომ გაიგო ის, რაც არ

იცოდა – უკან ხიდია ჩატეხილი, ხიდი, რომელსაც მისი ძმა ასე მისტირის და

გლოვობს. უკან ბნელა, ღამეა, როგორც არჩილი ამბობს, მაგრამ რა იქნება წინ,

რას უქადის მომავალი – ეს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს კესოს და

ძმისაგან პასუხს ელოდება.

არჩილს სჯერა, რომ „ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს,

წინა ჰხნავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და

მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე

ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი

უკანისა, შუქია წინასი და შუქი ხომ... „დასაწყისია განთიადისა“, უკვე თვითონ

კესოც მიუხვდა ძმის სიტყვებს.

სასიხარულო იყო ეს მიხვედრა, რომ წინ – ხიდის _______გამთელებაა, ხოლო

რაკი ორივე ნაპირი შეერთდება ადგილიც აღარ ექნება იმ ტრაგედიას, რაც

გიორგისა და კესოს შორის მოხდა, ადგილი აღარ ექნება იმ ტანჯვას, რომელიც

ცალკე ოთარაანთ ქვრივს სულს უმღვრევდა, ცალკე არჩილის გონებას

აფორიაქებდა. ეს იყო უდიდესი ოპტიმიზმი, რომელსაც მოთხრობა

მკითხველში ნერგავდა, და ეს იყო მისი მთავარი იდეაც.

თუ როგორ მოხდებოდა ეს ხიდის გამთელება – მქონებელთა და

არმქონებელთა შერიგებით, გაღმაპირელებისა და გამოღმაპირელების

ურთიერთთანხმობით, თუ მათ შორის ბრძოლით, არჩილი არ გვეუბნება,

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მისი სიტყვების ალეგორიულ აზრს, მაშინ

უსაფუძვლო არ იქნება „ნამის გაბევრება“, „მდინარე წყლად“ გადაქცევა და

„მთელი ტივის“ მიტანა ჩატეხილი ხიდის გასამრთელებლად მივიჩნიოთ,

როგორც სოციალური ძვრებისა და გარდატეხის გამომხატველი მეტაფორა.

გავიხსენოთ ისიც, რომ არჩილს თავისიანების, ესე იგი, გამოღმაპირელების

საქმე წასულად მიაჩნია, რომ მისი რწმენით, თუ ისინი იმავე სახით დარჩებიან,

როგორც არიან, მაშინ ხიდის გამთელება შეუძლებელი იქნება.

გამოღმაპირელები, როგორც სოციალური ძალა, უნდა მოისპოს, რათა აღარ

განმეორდეს ის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც ხიდის ჩატეხვა გამოიწვია.

არჩილი არსად არ ახსენებს სოციალურ კლასებს, მაგრამ მისი სიტყვები,

ალეგორიულად, სოციალურ წინააღმდეგობებს გულისხმობს, მაშასადამე,

არჩილს არმქონებელთა, შრომის შვილთა მხარე უკავია და ეს არის ის მთავარი

დემოკრატიული იდეა, რომელიც „ოთარაანთ ქვრივში“ არის გატარებული.

რწმენა ხიდის გამთელებისა სიხარულით ავსებს და-ძმის გულს. მაგრამ

ჯერ კიდევ რა დიდი მანძილის გავლა, რა დიდი დროა საჭირო, რომ ის

საბედისწერო ჩატეხილი ხიდი გამთელდეს...

„ეძახის!“ ასე ეწოდება მოთხრობის ერთ-ერთ თავს, რომელშიაც

ტრაგედია ისევ გრძელდება. შემოდგომის მიმწუხრია, ზამთარი იწყება, თურმე

ეს ოთარაანთ ქვრივის სიცოცხლის მწუხრიც ყოფილა.

ჩვენ უკვე მივადექით „წყევლა-კრულვიან საკითხავს“, რითაც მოთხრობა

„ოთარაანთ ქვრივი“ მთავრდება. შობის ღამეს ავადმყოფი დედა შვილის

საფლავისაკენ გაემართა. ჯერ კარგად გათენებული არ იყო, როცა ორ მეცხვარე

თუშს, სასაფლაოს ბოლოსთან, ოთხიოდე ჭედილა და ხუთიოდე თოხლი

სოფელში გასაყიდად მიჰყავდა. მათ გაიგონეს ძაღლის ყმუილი. ერთი იქითკენ

გაემართა, საიდანაც ხმა ისმოდა. მეცხვარემ „ძაღლს ზურგთუკან მკვდარი

დაინახა: საფლავზედ გარდიგარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას

მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა,

თითქო სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით

გულში ჩაეკრაო“. ეს მკვდარი ოთარაანთ ქვრივი იყო, რომელსაც გიორგის

საფლავამდე მიეღწია და ზედ დაჰკვდომოდა. სოფელი შეიკრიბა, ნანობდა,

„რომ გატყდა ეს რკინის დედაკაცი“, „ეს ფესვმაგარი ხეც წამოიქცა“.

დამტირებელი არავინ დარჩენია, თუმცა ბევრი წუხდა, ბევრს ეცოდებოდა.

იყო ერთი ადამიანი, რომელიც მთელი არსებით განიცდიდა ქვრივის

უბედურებას, იყო კაცი, რომელსაც „მოუკვდა ოთარაანთ ქვრივი“. ეს კაცი

გახლდათ სოსია მეწისქვილე, მოთხრობის წინა თავებიდან ჩვენთვის უკვე

ნაცნობი პერსონაჟი. სოსიას „თითქმის ოცდაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ

გული შევარდნილი ჰქონია. ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და

დაუწუნიათ. ის დღეა და ის დღე, სხვა აღარავინ უნდოდა, გული აღარავისზედ

მისვლია..“ ახლა კი „სოსია მეწისქვილეს... ორივე მუხლი მოეყარა უსულო

ოთარაანთ ქვრივის წინ, იმისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითქვითებდა

ჩუმად“. ამ დროს საკაცე მოიტანეს, ოთარაანთ ქვრივი დაასვენეს, ვიღაცამ

წაიბორძიკა სოსია მეწისქვილის ფეხზე და გულმოსულად წაჰკრა ფეხი

ბერიკაცს. მეწისქვილე თოვლზე წაიქცა, ძლივსძლივობით წამოდგა და ხელის

მკვრელს ესღა უთხრა: „ცოცხალზე არ გამახარა წუთისოფელმა და

მკვდარზედაც აღარ მატირებთო! ცოდო ვარ, შვილო, ცოდო!“ და ავტორი

დასძენს: „მართლა, რომ ცოდოა!. მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს

არის საჭირბოროტო და წყევლა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და

უსწორმასწორო წუთისოფელში“. ამ მწარე სიტყვებით მთავრდება მოთხრობა.

ძნელია მე-19 საუკუნის ქართულ მხატვრულ პროზაში დასახელება

მეორე ნაწარმოებისა, რომელშიც იმდენი ღრმა აზრი, ხალხური სიბრძნე იყოს

ჩაქსოვილი, როგორიც „ოთარაანთ ქვრივშია“.

მართლა ”წყევლა-კრულვიანი” საკითხები აღძრა ილია ჭავჭავაძემ თავის

მოთხრობაში, აღძრა და ისეთი მხატვრული ძალით გაშალა, როგორც მხოლოდ

დიდ მწერალს შეუძლია. კომპოზიციური მთლიანობა, ფაბულის ერთიანობა,

მტკიცედ შეკრული სიუჟეტი, რომელსაც არც ერთი ზედმეტი ნაწილი არ

გააჩნია, ხასიათებისა და ტიპების სკულპტურული გამოკვეთილობა

(ოთარაანთ ქვრივი, გიორგი, არჩილი, კესო, სოსია მეწისქვილე), ხალხური

ლექსიკით გამდიდრებული ძარღვიანი ქართული ენა, ფსიქოლოგიური

პასაჟების სიღრმე, სინამდვილის მკაფიო დეტალები, ცოცხალი, ბუნებრივი,

ადამიანთა სულიერი ცხოვრების ღრმა ცოდნით დაწერილი დიალოგები

არაჩვეულებრივი ძალით იზიდავენ მკითხველს და წარუშლელ

შთაბეჭდილებას ახდენენ მასზე.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა განსაკუთრებით ძლიერია

ხასიათების, მოქმედების, მსჯელობისა და განწყობილების ნიუანსების

გადმოცემისას. მისი თვალი სრულიად ორიგინალურად ჭვრეტს საგნებსა და

მოვლენებს, გონება ყოველთვის ღრმად იჭრება არსებულში, გრძნობა კი

საოცრად მძაფრი აქვს. ყველა თავისი ღირსება მწერლისა, ხელოვანისა,

მოაზროვნისა, ილია ჭავჭავაძემ შესანიშნავად გამოიყენა ”ოთარაანთ ქვრივში”,

თითქოს გრძნობდა, რომ ეს ნაწარმოები მისი გედის სიმღერა იქნებოდა

მხატვრულ პროზაში.

* * *

პერიოდი, როცა გაიშალა ილიას ლიტერატურული მოღვაწეობა, სავსეა

თვალსაჩინო საზოგადოებრივი მოვლენებით. XIX საუკუნის 60-იანი წლები

რუსეთში აღინიშნა რევოლუციურ-დემოკრატიულ ძალთა მძლავრი

ამოძრავებით, რამაც თავზარი დასცა თვითმპყრობელობას. ამ პერიოდში

ხელოვნების თეორიას უნდა გაეწმინდა გზა რეალისტური

შემოქმედებისათვის, უკუეგდო ყოველივე ის, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

რაზნოჩინელების უტილიტარულმა შეხედულებებმა ხელოვნებაზე

კვალი დაამჩნიეს 60-იანი წლების მოწინავე ქართველი ინტელიგენციის –

თერგდალეულების ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეალებსაც. ამ

ინტელიგენციის ყველაზე ნიჭიერი და ტიპიური წარმომადგენელი იყო ილია

ჭავჭავძე. მისი პირველი კრიტიკული სტატია, რომელშიც განხილულია

კოზლოვიდან ქართულად თარგმნილი პოემა, ”შეშლილი”, დაწერილია

ბელინსკისა და საერთოდ რაზნოჩინელების იდეური გავლენით. ეს იყო

პირველი კრიტიკული წერილი, რომელმაც 60-იანი წლების დასაწყისში

გაბედულად დაიცვა რეალისტური მწერლობის პრინციპები. ილიამ მკაცრად

გააკრიტიკა არა მარტო ”შეშლილის” ქართულად მთარგმნელი რევაზ

ერისთავი, არამედ პოეტი კოზლოვიც. ეს კრიტიკა თერგდალეულების

ბელადმა ბრწყინვალედ გამოიყენა ხელოვნების რეალისტური თეორიის

დასაცავად.

ილია ჭავჭავაძე განყენებული საკითხებით არ იწყებს თავის კრიტიკულ

სტატიას. ის მიმოხილვას უკეთებს კოზლოვის პოეზიას და კარამზინის

ლიტერატურულ სკოლას – სენტიმენტალიზმს. ეს უკანასკნელი მისთვის

მიუღებელი და გაუმართლებელი ლიტერატურული მიმდინარეობაა. ილიას

აზრით, საჭირო არ იყო კოზლოვის ”შეშლილის” თარგმნა, ვინაიდან

სენტიმენტალიზმი მას მიაჩნია ისტორიულად განვლილ საფეხურად

ლიტერატურის ისტორიაში. ის მოხარულია, რომ ქართულმა სიტყვიერებამ

თავის განვითარებაში არ განვლო სენტიმენტალიზმის სტადია. ამიტომ

ზედმეტია დაბრუნება იმ საფეხურთან, რომელიც უკვე განვლილია სხვა ერის

ლიტერატურაში და რომელსაც არავითარი დადებითი როლი არ უთამაშია.

”იქნება ფიქრობენ, – წერს ილია, - რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღსდგება, თუ

არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცთომილება.

თუ ამას ფიქრობენ, მაშ ისტორიას აღარ აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა”[53]. ამ

ცდომილებისა და სიცრუის ქვეშ ილია გულისხმობს სენტიმენტალიზმს.

მისთვის მიუღებელი და ყალბია კოზლოვის წყალ-წყალა, მტირალა

სენტიმენტალისტური ლექსები. კარამზინის ”Бедная Лиза”-საც უარყოფითად

აფასებს ილია. მართალია, ერთ დროს კარამზინსა და მის მიმდევარ

კოზლოვსაც ჰყავდა მკითხველი, მაგრამ ეს იყო სულ სხვა პერიოდი, რომელიც

აღარ განმეორდება და მით უმეტეს ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსული

დროის ცთომილება. მაშინ ისტორიას თავისი დიდი მნიშვნელობა აღარა

ჰქონია. ისტორიის მნიშვნელობა და ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ

“გვაჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა,

როგორც უნდა მოიქცეს”[54]. ეს მოსაზრება თერგდალეულების იდეური

პლატფორმა იყო. უტილიტარული შეხედულებების დროშა პირველად მათ

ააფრიალეს ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების ხომალდზე.

ისტორიულად ცნობილია, რომ ბელინსკის ესთეტიკა ჰეგელიანური

ფილოსოფიიდან გადაიხარა ხელოვნების უტილიტარული თეორიისაკენ. ეს

საფუძვლად დაედო რაზნოჩინელების შეხედულებებს ხელოვნებაზე.

ბელინსკის ესთეტიკური იდეალები განავითარეს ჩერნიშევსკიმ და

დობროლიუბოვმა, ხოლო პისარევმა უკიდურესობამდე მიიყვანა

უტილიტარიზმი ხელოვნების თეორიაში. ამ დიდი იდეური დაძაბულობისა

და ბრძოლის ეპოქაში გამოიწვრთნენ თერგდალეულები. ილია ჭავჭავაძემ,

როგორც ნიჭიერმა და ღრმა მოაზროვნემ, ყოველივე თავის სუბიექტურ

სამყაროში გადაიტანა, იქ მოახდინა საკუთარი იდეებისა და გარემოს

ურთიერთობის განსჯა, ყოველივეს კრიტიკული თვალით შეხედა, მიიღო ის,

რაც მისთვის ახალი აზრის როლს შეასრულებდა.

ბელინსკიმ რუსული ფსევდოკლასიციზმის – ხერასკოვისა და

სუმაროკოვის შემოქმედების დახასიათება დაიწყო ფრანგული

ფსევდოკლასიციზმის – კორნელისა და რასინის კრიტიკით. გენიალური რუსი

კრიტიკოსი უარყოფითად აფასებდა სუმაროკოვის შემოქმედებას. ილიაც

ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს როგორც რუსული

ფსევდოკლასიციზმის, ისე რუსული სენტიმენტალიზმის წარმომადგენლის –

კარამზინის მიმართ. ის სარკასტული ტონი, რომლითაც ბელინსკი აფასებდა

რუსეთის ფსევდოკლასიკოსების შემოქმედებას, მეორდება ილიას კრიტიკულ

წერილშიც. „აიღეთ რუსეთში ხერასკოვი და სუმაროკოვი და სხვა მათებრ

გაბერილები თავიდან ფეხამდინ უნიჭობით, - წერს ილია, - რამდენ

მკითხველსა და ტაშის მკვრელს შოულობდენ რუსეთშია“[55].

ბელინსკიც ასევე მწარედ დასცინის ხერასკოვისა და სუმაროკოვის

პოეზიას.

რაც შეეხება კოზლოვს, მის პოემას ილია თვლის უსუსურ

ლიტერატურულ ნაწარმოებად, რომელიც არც გრძნობაა, არც გული, არც

ცეცხლი და არც ყინული. ლიტერატურული ტიპაჟიც არარეალურია და

„წირპლიანი კოზლოვის“ ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია, რადგან „შეშლილს ქვეშ

აწერია რუსული მოთხრობაო, მაგრამ მოთხრობაში მარტო ენა, აზრი, მახვილი

და იამშჩიკი თუ არის რუსული, თორემ სხვა არაფერი[56]“. პოემის მთავარი

გმირი, შეყვარებული რუსი გოგო, ილიას არ მიაჩნია რეალისტურ ტიპად,

რადგან „კოზლოვი ამბობს რუსიაო, მაგრამ რუსის სარაფანიც არ აცვია ზედა,

ეგ რაღაც ურუსო რუსია, კოზლოვის ფანტაზიის შვილი და არა რუსის

ცხოვრებისა“[57]. მაგრამ ილია აქ არ ჩერდება. იგი აყენებს გმირის მოქმედებისა

და დახატვის რეალისტურ პრინციპს. კოზლოვის შეშლილი მას არ მიაჩნია

ნამდვილ შეშლილ ადამიანად. „მერე რა მოგახსენოთ... ის გოგო რუსის

მუჟიკისა რომ სრულიად შეშლილი არ არის, თუმცა _______კოზლოვი გვეფიცება, რომ

შეშლილიაო, ძალიან კარგ გუნებაზედ გახლავთ, კარგად ლაპარაკობს, კარგათა

სჯის“[58]. ილია შექსპირის გმირების მაგალითით ამართლებს თავის

რეალისტურ მიდგომას ლიტერატურული ტიპაჟისადმი. ოფელია და მეფე

ლირი – აი, შეშლილის დაუვიწყარი სახეები შექსპირის კლასიკურ

ტრაგედიებში. განა შექსპირი თავისი გმირების შესახებ ლაპარაკობს, რომ

ისინი შეშლილები არიან, რომ მათ გონება დაკარგეს? არა, მაგრამ არავის ეჭვი

არ შეეპარება ოფელიასა და მეფე ლირის შეშლილობაში. კოზლოვის შეშლილი

კი ავტორის მიერ დარქმეული სახელითაა შეშლილი, სინამდვილეში თუ მას

მოვაცილებთ ამ ეპითეტს, ის აღარ იქნება შეშლილი, - ასეთია ილიას დასკვნა.

ეს თვალსაზრისი ხელოვნების რეალისტური თეორიის პრინციპებს ემყარება,

ამიტომ იყო, რომ ხელოვნებას და პოეზიას ილიამ შეხედა, როგორც „ხალხის

ცხოვრების გამოთქმას“[59].

ხელოვნების სპეციფიკისა და ფუნქციის განსაზღვრაში ილია მტკიცედ

მიჰყვება რეალისტურ თეორიას. ილიამ უარყო „წმინდა ხელოვნება“,

„აბსოლუტური ხელოვნების“ იდეა და პოეტის მოვალეობა განსაზღვრა

უტილიტარული თვალსაზრისით. მან გაბედულად დაგმო განყენებული

პოეზია, რომელიც მეშვიდე ცაზე ეძებდა ნავთსაყუდელს, დაუსრულებლად

უმღეროდა ღრუბლებისა და ვარსკვლავების „ბოლთის ცემას“, მთვარესა და

ცრემლმორეულ სიყვარულს, მოურიდებლად დასცინა პედანტი პოეტების

უხეირო ღიღინს და წამოაყენა პრინციპი, რომ ხელოვნებასა და მეცნიერებას

ერთი მიზანი აქვს, ორივე წარმოადგენს ცხოვრების გასაუმჯობესებელ

იარაღს[60]. მწერალს უნდა ჰქონდეს იდეა, მაგრამ იდეის არსებობა ჯერ კიდევ

არ ნიშნავს მის გამარჯვებას. ილიას აზრით, საჭიროა ეს იდეა შეიჭრას ხალხში,

მონახოს თავისი ადგილი, იქცეს რეალურ ძალად. თუ ხელოვნება და

მეცნიერება წარმოშობილია ცხოვრების მიერ და იქმნება ცხოვრებით, მათი

მიზანიც ცხოვრების გაუმჯობესებაში უნდა მდგომარეობდეს.

მაგრამ როგორ უნდა ემსახუროს ხელოვნება ან მეცნიერება ცხოვრებას?

ილია აყენებს ხელოვნებისა და სინამდვილის

ურთიერთდამოკიდებულების მატერიალისტურ-რეალისტურ პრინციპს:

„მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა, ცნობაში

მოიყვანს „ახალსა“ და ამის შემწეობით გადადის ეს „ახალი“ ისევ ცხოვრებაში

და სცვლის ცხოვრებას“[61]. თუ იდეა, რომელსაც აყენებს მეცნიერება და

ხელოვნება, გაუგებარია ცხოვრებისათვის, ხალხისათვის, ის კარგავს

ღირებულებას. იდეა მაშინაა ღირებულების შემცველი, როცა ის გასაგებია

ხალხისათვის და „სცვლის ცხოვრებას“, ემსახურება მის გაუმჯობესებას.

ქართულ ლიტერატურაში ილია ჭავჭავაძემ პირველმა შემოიტანა და

დაამკვიდრა აზრი, რომ „ხელოვნება არის განხორციელება სახეში იდეისა,

აზრისა: მუსიკა, მხატვრობა, პოეზია – ესენი სულ სახეში გამოსთქვამენ იდეას,

მხოლოდ იმით განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსათქმელად სხვადასხვა

მასალას ხმარობენ, როგორც მუსიკა – ხმასა, მხატვრობა – ხაზსა, პოეზია –

სიტყვასა. სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიასა ქვიან“[62]. ილია ჭავჭავაძეს

ამავე დროს ღრმად სწამდა, რომ პოეზია არის „განსახეობა ჭეშმარიტებისა და

ცხოვრებისა“. პოეზია „საგრძნობელია. იგი ხატებაა ჩვენთა გრძნობათა,

გულის-თქმათა, ფიქრთა, ნაღველთა და ლხინთა“. როგორ უდგება ხელოვნება

სინამდვილის ასახვას? „ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო – ერთი

დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის

უხატებო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა და სურათითა[63]. მაგრამ

პოეზია არ არის მარტოოდენ სინამდვილის ასახვა. იგი ცხოვრების გარდაქმნას

და გაუმჯობესებას ემსახურება. „მეცნიერებასა და ხელოვნებას ჩვენ

ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ ღონისძიებათა“[64].

„ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები

არიან“[65].

ასეთი რეალისტური თვალსაზრისით მიუდგა ილია ჭავჭავაძე

დრამატული ხელოვნების ანალიზსაც.

1890 წელს ილია ჭავჭავაძემ მიუთითა: „დრამის შექმნა ყველა სხვაგვარ

პოეტურ თხზულებაზე გაცილებით ძნელია და ყველა მწერალი – თუნდა

ნიჭიერიც – ვერა ჰბედავს ხელი შეჰმართოს“[66]. ილია ყოველ დრამაში ორ სახეს

ხედავდა – შინაგანს და გარეგანს. თუ შინაგანი სახე ცარიელია, მოკლებულია

ჭეშმარიტი დრამის ღირსებას, მას ვერ დაფარავს და ვერ უშველის გარეგანი

სახის თუნდაც ბრწყინვალება.

მაგრამ რა შეადგენს დრამის არსებას, მის ბუნებას?

„...დრამა უსათუოდ სულისა და გულის უდიდეს ძვრაზე უნდა იყოს

აგებული და აშენებული, და ეს უდიდესი ძვრა სულისა და გულისა

ერთადერთი საგანია დრამისა, ერთადერი ბუნებაა მისი“. ისტორიულ პიესა

„მტარვალში“ და ცაგარლის „ქართვლის დედაში“ ყოველივე ეს მოცემული იყო

არა ხასიათების შინაგანი გაშლით მოქმედებაში, არამედ გარეგანი

საშუალებებით – გმირები თვითონ ლაპარაკობდნენ თავის თავზე, თვით

ასახავდნენ თავის თავს. ამ დრამებში, - მიუთითებდა ილია, - „სული და გული

ადამიანისა თავისით არა მოქმედობს, თავისდა ბუნებისამებრ არ იშლება, არ

იხსნება მოქმედებაში. თითონ ავტორები მომქმედთა პირით გვეუბნებიან, ეს

ასეა, ეს ისეაო, მაშინ, როდესაც ამაებს ჩვენ თითონ უნდა ვხედავდეთ. ჩვენ

თვითონ უნდა ვგრძნობულობდეთ საქმითა და არა ავტორები სიტყვითა. კაცი

თუ ქალი თავიანთ ავ-კარგიანობას თითონვე მოგვითხრობენ – მე ასეთი და

ისეთი ვარო და თავიანთ ასეთ-ისეთობას ან სულ არ გვაჩვენებენ საქმითა, ან

ძალიან იშვიათად, ისიც მეტისმეტად მკრთალად და გაკვრით, თითქოს

დრამისთვის ამისთანები მეტი ბარგი იყოს“[67].

ეს არ არის ხასიათის გახსნა და გაშლა მოქმედებაში. ილიამ ავქსენტი

ცაგარელს სწორედ ხასიათების არასწორი გახსნა უსაყვედურა. „დედა სცენაზე

შემოდის წინათვე გადაწყვეტილის აზრით და გვარწმუნებს, რომ ჩემის

ქვეყნისათვის გავზარდე ჩემი ხუთი შვილი, საქართველოსათვის ვაწოვე ჩემი

ძუძუო და სხვა არაფერი აინუნში აღარ მოსდის, თითქოს დედა-შვილური

სიყვარული ისე ცოტა რამ იყოს, რომ უომრად, უბრძოლველად ლაჩარსავით

დაჰნებდეს, თუნდ იმისთანა დიდ-პატიოსანსა და დიდ-მშვენიერს გრძნობას,

როგორიც მამულისშვილური სიყვარულია“[68]. დრამის მოქმედი პირების ასე

ჩვენებას ბესარიონ ბელინსკიმ ოდესღაც უწოდა „მოხეტიალე სენტენციები“. ეს

„სენტენციები“ პიესაში ფარავენ გმირის ცოცხალ ბუნებას, კონკრეტულ

ადამიანებს, ინდივიდუალურს, დამაჯერებლობას ართმევენ ხელოვნების

შთანაფიქრს, აყალბებენ სინამდვილის მხატვრულ გადმოცემას. ამ დროს

ნამდვილად მაღალი იდეა ისეთ ეფემერულ სახეს იღებს, რომ იგი ჰკარგავს

ზეგავლენის ძალას, ვეღარ აღელვებს და ვეღარ იტაცებს მკითხველს თუ

მაყურებელს. დიდი იდეა კნინდება გაცვეთილ ფრაზად, რომელსაც ძალა

წართმეული აქვს. რეზონიორობა კი არ გამოხატავს გმირის ხასიათს, მის

პატრიოტიზმს, მამაცობას და სიყვარულს, არამედ მოქმედების ჩვენება. „გული

დრამისა უნდა გამოისხნას თითოეულმა სცენამ, თითოეულმა მოქმედმა ისე,

როგორც გორგალი ძაფის წვერმა და, საცა ეგ გორგალი არ არის, ან ავტორს არ

დაუხვევია, იქ ამაოა ძაფების ტყუილ-უბრალო ცოდვილება, წევა და გრეხა.

შინაგანი ძალი დრამისა უნდა გამომეტყველებდეს გარეთ და არა ავტორი შიგ

ჩასძახოდეს გარედამ“[69]. ეს მოთხოვნა სავალდებულოა ყოველი

დრამატურგიული თხზულებისათვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ტრაგედია

თუ კომედია, ვოდევილი თუ ფარსი. სიუჟეტის მოქმედებაში ჩვენება

დრამატურგიული თხზულების ის ძირითადი ნიშანია, ურომლისოდ ვერ

წარმოიდგინება საერთოდ დრამატული ხელოვნება.

ასე ღრმად ჩასწვდა თერგდალეულთა ბელადი მხატვრული

შემოქმედების რთულ საკითხებს და ასე ნათლად გადმოსცა მისი მთელი რიგი

ძირითადი ნიშნები. ილია ჭავჭავაძის ესთეტიკურ შეხედულებებში მწყობრად

არის გადმოცემული ხელოვნების რეალისტური თეორიის პრინციპები, რასაც

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.

ილია ჭავჭავაძის ხელოვნების თეორია ერთი ნაწილია იმ დიდი

ლიტერატურულ-კრიტიკული და მეცნიერულ-პუბლიცისტური

მემკვიდრეობისა, რომელიც ამ დიდმა ადამიანმა დაგვიტოვა.

საქართველოს ისტორიის, ეკონომიური ცხოვრების, ენის, პედაგოგიკის,

ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხები ილია

ჭავჭავაძის კვლევის საგანი იყო. როგორც მწერალი და მოაზროვნე, იგი,

პირველ ყოვლისა, დიდი ჰუმანისტია.

ისე, როგორც მსოფლიო ლიტერატურის დიდმა კლასიკოსებმა

გაარღვიეს თავიანთი კლასობრივი შეზღუდულობა, ილია ჭავჭავაძემ

მშრომელთა და ჩაგრულთა დამცველად აღიარა თავი, უმღერა ხალხთა

ბედნიერებას, მშრომელის კეთილდღეობას, ბრძოლა გამოუცხადა

თვითმპყრობელობას, ბატონყმობას, აგრესიას და ექსპლოატაციას. მან

გადაიტანა „მამათა და შვილთა“ ორი ბრძოლა და ორივე შემთხვევაში – 60-იან

წლებშიც და 70-იან წლებშიც - პროგრესულ თვალსაზრისზე იდგა. მთელი 50

წლის მანძილზე ილია ჭავჭავაძე იბრძოდა როგორც მეცხრამეტე საუკუნის

მეორე ნახევრის ნაცინალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშე და

მეთაური, „ერის წინამძღოლი“, რომელსაც ერთი ძირითადი აზრი

ასულდგმულებდა – უზრუნველეყო „ერის მთლიანობა“, არ დაეშვა ძალების

გათიშვა.

როგორც მეთვრამეტე საუკუნის ევროპელი განმანათლებლები, როგორც

მეცხრამეტე საუკუნის 40 – 60-იანი წლების რუსი განმანათლებლები

მხურვალედ ებრძვიან ბატონყმობას მისი გამოვლინების ყველა ფორმაში, ილია

ჭავჭავაძეც იმდროინდელი საქართველოს პირობებში საუკეთესოდ

გამოხატავდა განმანათლებელთა ამ საუკეთესო თვისებას. მისთვის

დამახასიათებელი იყო, აგრეთვე, მხურვალე დაცვა განათლებისა,

თვითმმართველობისა, ცხოვრების ევროპული ფორმებისა და ევროპეიზაციისა

საერთოდ.

„ხალხის მასების, უმთავრესად გლეხთა (რომელნიც ჯერ სავსებით

განთავისუფლებულნი არ იყვნენ ანდა ის-იყო თავისუფლდებოდნენ,

განმანათლებლების ეპოქაში) ინტერესების დაცვა, იმის გულწრფელი რწმენა,

რომ ბატონყმობის გაუქმებას და მისი ნაშთების მოსპობას საყოველთაო

კეთილდღეობა მოჰყვებოდა, და გულწრფელი სურვილი ამისათვის ხელის

შეწყობისა“[70] – ეს გულწრფელი სურვილი ხალხის მასების საყოველთაო

კეთილდღეობისა ილია ჭავჭავაძის მთელ შემოქმედებასა და მეცნიერულ-

პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში მკაფიოდ ჩანს.

ილია ჭავჭავაძე განმანათლებელია აღზრდის თეორიაშიც. შემთხვევითი

არ არის, რომ განმანათლებელი პედაგოგების მსგავსად, მის პედაგოგიურ

შეხედულებებში ძირითადი ადგილი უკავია მორალური და ეთიკური

ზემოქმედების პრინციპს. ვიტორინო დე-ფელტრეს, ვერჟერიოს და ვეჯიოს

მსგავსად, ილია აღიარებს, რომ თავისუფალი არსება თავისუფლად უნდა

იზრდებოდეს. გასული საუკუნის 90-იანი წლების სკოლას ილია ჭავჭავაძე იმას

უსაყვედურებს, რომ მან პრაქტიკული საქმიანობიდან განდევნა ბავშვის

აღზრდის მორალური და ეთიკური პრინციპი იმ დროს, როცა უდიდესი

ადგილი დაუთმო მეცნიერებათა ცალკე დარგების შესწავლას. ცალმხრივი

მოქმედება აღზრდაში, მარტოოდენ გონების ვარჯიში, ხელს არ უწყობს კაცის

გაადამიანებას. უსწავლელმა ოთარაანთ ქვრივმა თავისი შვილი ცხოვრების

სკოლაში აღზარდა, მორალური კოდექსების ნაცვლად ცხოვრების მორალი

მისცა და ადამიანი გამოიყვანა.

ადამიანი და მისი კეთილდღეობა საზოგადოებაში, თვით

საზოგადოებისა და ერის კეთილდღეობა – ილიას ყოველდღიური ზრუნვის

საგანი იყო. თავის წერილებში იგი ხშირად ეხებოდა ამ საკითხებს, როგორც,

მაგალითად, ვრცელ პუბლიცისტურ წერილში - „ცხოვრება და კანონი“,

რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ბატონყმობის გაუქმების შემდეგ

შემოღებული ეგრეთწოდებული „მეოთხედების“ უკანონობის დამტკიცება და

მისი ახალი სახით გააზრება.

საზოგადოებრივი მოვლენების შეცნობის ანალოგიური თვალსაზრისით

არის დაწერილი დასახელებული „ცხოვრება და კანონი“, რომელშიაც ის აზრია

გატარებული, რომ საქართველოს წარსული არ იცნობს ხალხის დაყოფას

წოდებებად, და რაც მთავარია, მათ შორის ბრძოლას. ევროპისა და

რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო ილია ჭავჭავაძეს მიაჩნია ისეთ

ქვეყნად, რომელიც არ ხასიათდება რთული საზოგადოებრივი მოვლენებით.

„რაკი ბრძოლა არ იყო, ბანაკებად დაყოფაც ერისა არ იქნებოდა, არ იყო წყობ-

წყობად განცალკევების მიზეზიც ჩვენს ერობაში, რომელიც, თუ თავის

ცხოვრებაში უნუგეშობას რასმეს ჰგრძნობდა, საერთოდ ჰგრძნობდა, რადგანაც

ყველანი, როგორც ზევითა ვსთქვი, ერთნაირად იყვნენ უფლებას

მოკლებულნი, ერთნაირად უხმონი და უტყვნი ქვეყნის საქმეთა გამგეობაში.

თუ ევროპას მივხედავთ, იქ სულ სხვა ამბავი იყო“[71].

ილია ჭავჭავაძემ, როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ცხოვრების

დიალექტიკურ წინსვლაში დაინახა ის აუცილებელი ჭეშმარიტება, რომ

ცვლილება და განახლება არსებულის მუდმივი თანამგზავრია, რომ

წინააღმდეგ მეტაფიზიკისა, ის, რაც გუშინ იყო, დღეს აღარ არის. ილია

ჭავჭავაძეს კარგად ესმოდა, რომ „ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი,

იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება – იმისათვის კი არა, რომ

მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან

მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება,

რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ

უკვდავება უნდა. ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული,

როგორათაც ბუნებასა“[72]. ცხოვრება წარმოშობს მეცნიერებასა და ხელოვნებას,

რომლებიც მხოლოდ ცხოვრებისათვის არსებობენ. ცხოვრებას წინ მიჰყავს

ისინი, თავის მხრივ ისინიც წინ უბიძგებენ ცხოვრებას. მეცნიერება და

ხელოვნება ცნობაში მოყვანილი, დამტკიცებული ჭეშმარიტებებით გადადიან

ხალხში, გავლენას ახდენენ, ცვლიან ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებას. ეს

იყო სრულიად ახალი, მანამდე უცნობი იდეები საქართველოს

სინამდვილისათვის, ახალი მეცნიერული ჭეშმარიტებანი, რომლებსაც გზა

უნდა გაეკვლიათ და აღიარება ეპოვათ ხალხის გულში.

თუ რა ღრმა მოაზროვნე იყო ილია ჭავჭავაძე, მარტო იქიდანაც ჩანს, რომ

მან ჯერ კიდევ ადრე, ცხრაასიან წლებში შენიშნა ნოე ჟორდანიას თეორიული

მოღვაწეობის სუსტი მხარეები და უყოყმანოდ იწინასწარმეტყველა: „ბ-ნი

ჟორდანია მარქსისტი კი არა – პამპულაა მარქსისა, ჟღარუნებით მორთულ

კაბაში“, „ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ

უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და

შიგჩახედული მარქსისტია“. ასე სწორად გამოიცნო ილია ჭავჭავაძემ ქართული

მენშევიზმის მომავალი მეთაურის სრული დაშორება მარქსიზმისაგან.

უშეცდომო აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძის სიტყვები: ჟორდანიასო, - წერდა ილია,

- „ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად, აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა

რუსულ მარქსიზმისა უსწავლია, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან,

რომელთანაებზე თითონ მარქსმა თქვა: რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ

მარქსისტობას კი ნუ დამწამებთო. ასე იუარა მარქსმა იმისთანა მარქსისტები,

როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ნოე ჟორდანიაა და მისნი წილადობილნი. დრო

მოვა და ყოველივე ეს მზეზე გამოიფინება და განკითხვის დღისა წინაშე

გამოსჭიმავს ვინმე ამ ჩვენს ვაჟბატონს მთელის თავისი სიგრძე-სიგანითა“[73].

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისეთ დიდ გონებას, როგორიც ილია

ჭავჭავაძეს ჰქონდა, შეუმჩნეველი არ დარჩა თავის დროის თითქმის არც ერთი

საკითხი. მის ნაწერებში ჩვენ ხშირად გვხვდება გამოჩენილი რუსი და

ევროპელი მოაზროვნეების შეხედულებანი, ჩანს, ავტორი ღრმად იცნობს

თვითეული მათგანის მოძღვრებას, იძლევა მათი სისტემების კრიტიკულ

გარჩევას. მარქსის გენიას რომ ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა, ეს უდავოა.

ამიტომ არის, რომ მის ნაწერებში ზოგჯერ პირდაპირ არის განმეორებული

„სახელოვანი მეცნიერის“ კარლ მარქსის სიტყვები, გამოთქმები, ან ის, რაც

„კაპიტალის“ გენიალურ ავტორს მოსწონდა.

სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულმა, ღრმა პატრიოტულმა გრძნობამ

ილია ჭავჭავაძის მთელ მემკვიდრეობას ისეთი ძალა მისცა, რომ ერთბაშად

აპოვნინა ფართო მკითხველის სავსებით დამსახურებული სიყვარული.

სწორედ პატრიოტიზმმა გააშლევინა ფრთა მის დიდ გონებას, დაკვირვებით

ჩაახედა ცხოვრების მდინარებაში, ამოაცნობინა მრავალი დამარხული

ჭეშმარიტება და კი არ შეღზუდა, ყოველმხრივ განუვითარა აზროვნების

სისტემა. სწორედ პატრიოტის მოვალეობამ შეჭიდა ეს ბუმბერაზი ადამიანი

თავისი დროის პრობლემებს და იმავე პატრიოტიზმმა უკარნახა ეთქვა ის, რაც

მას სწამდა, სჯეროდა, ეთქვა გულწრფელად, მოურიდებლად, ძალღონის

დაუზოგავად. სწორედ პატრიოტიზმის სულმა შთაბერა მას სიმართლისათვის

სამსახურის იდეა, რომ ყოველივე შეეცნო მეცნიერული თვალთახედვით,

ანგარიში არ გაეწია დრომოჭმული ცდომილების მღაღადებელთათვის.

აზროვნების დიალექტიკურმა წესმა ილია ჭავჭავაძეს სავსებით სწორად

გადააწყვეტინა საკითხი, რომ ყოველგვარი უარმყოფელობა, ყოველგვარი „არა“

ერთი და იგივე როდია, მათ შორის ხშირად გაუვალი უფსკრულია[74].

სქოლასტიკა გონების თავისუფლად მსჯელობის უარყოფა იყო,

რენესანსი, რასაც ილია „განახლების ეპოქას“ უწოდებს, სქოლასტიკის

უარმყოფელად მოგვევლინა, მაგრამ ეს ორი უარმყოფელობა დიამეტრალურად

გამორიცხავენ ერთმანეთს, თუმცა ორივეს თავისი „ჰო“ - „არა“ ჰქონდა და

სხვის ჰოს უარყოფდნენ. მაგრამ სქოლასტიკას უფსკრული თიშავს

რენესანსისაგან და იგი სასახელოდ მისაჩნევი როდია, მაშინ როცა რენესანსის

მიერ სქოლასტიკის უარმყოფელობა სასახელოდ არის აღბეჭდილი

კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში. მეტაფიზიკა ჭეშმარიტი გონების

მტერია, ცალმხრივობა გამორიცხავს ჭეშმარიტ აზრს. მიუხედავად იმისა, რომ

ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობაში ჩვენ ზოგჯერ ვპოულობთ

მეტაფიზიკური და იდეალისტური შეხედულებების რეციდივებს,

სამართლიანობა მოითხოვს აღიარებულ იქნას, რომ მეცხრამეტე საუკუნის

მეორე ნახევარში მთელ ქართულ ლიტერატურას იდეალიზმისა და

მეტაფიზიკის წინააღმდეგ ყველაზე დიდი მებრძოლი ილია ჭავჭავაძის სახით

ჰყავდა. მის მემკვიდრეობაში ჩაქსოვილი იყო სოციალიზმის ელემენტები,

რომლებიც ხელს უწყობდნენ მოწინავე კლასების განათლებას და

თვითშეგნების ამაღლებას. ზოგადად თუ ვიტყვით, მეცხრამეტე საუკუნეში

საქართველოს ილია ჭავჭავაძეზე უფრო დიდი, უფრო მრავალმხრივი მოღვაწე

არა ჰყოლია. ყველა დარგს, რომელსაც _______ხელი შეახო, წარუშლელი კვალი

დააჩნია როგორც შემოქმედმა, მოაზროვნემ და მოღვაწემ.

დიდი ადამიანები თითქოს იმიტომ ევლინებიან ქვეყანას, რომ ტკივილი

დაუამონ, ჭირი მოაშორონ, სულიერად გაამხნეონ და განადიდონ. თვითონ

გადაიწვებიან, დაიფერფლებიან ხოლმე და სხვისთვის ლამპარს აანთებენ.

კაცობრიობის ასეთ დიდ ადამიანთა გვერდით დგას ილია ჭავჭავაძე და

უკვდავად დარჩება, ვიდრე ქვეყნად იარსებებენ ნათელი გონება, შეუბღალავი

სინდისი და ამაღლებული მორალი.

აკაკი წერეთელი

(1840–1915)

აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, 60-იანი წლების

გარიჟრაჟზე გამოაღვიძა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნება და, როგორც

ჭეშმარიტმა სახალხო პოეტმა, გამოხატა მშობელი ერის ტანჯვა და სიხარული,

მისი ოცნებანი და იმედები. აკაკი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, ახალი

ქართული სალიტერატურო ენის შემქმნელი და კრიტიკული რეალიზმის

დიდი მედროშეა. პოეტმა შთაგონებულ მხატვრულ სახეებში აღბეჭდა

ქართველი ხალხის საუკეთესო ნაციონალური თვისებები: გმირული სული,

გაუტეხელი ნებისყოფა თავისუფლებისათვის ბრძოლაში და მაღალი

ჰუმანისტური იდეალები.

აკაკი იყო შეუდრეკელი პოეტი-პატრიოტი, რომელიც ყოველდღიურად,

სიტყვით და საქმით იბრძოდა ხალხის სოციალური და ეროვნული

ინტერესების დასაცავად.

უაღრესად დემოკრატიულია აკაკის მთელი შემოქმედება. პოეტი

მშრომელ ხალხში ეძებდა თავის იდეალს და შეხაროდა მას. 70-იან წლებში იგი

წერდა: „ჩვენი მშრომელი, მიწის მუშა ხალხი – აი ვის უნდა ეკუთვნოდეს ჩვენი

სრული თანაგრძნობა. ამათ კეთილდღეობას უნდა ვუმზადებდეთ და

შევხაროდეთ“.

აკაკი ოცნებობდა თვითმპყრობელობის ძირფესვიანად დამხობაზე და

სულიერად ამზადებდა ხალხს გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამიტომ იყო, რომ

აკაკი თანაგრძნობით შეხვდა 1905 წლის რევოლუციას და თავისი მძლავრი

პოეტური ხმა შეუერთა აბობოქრებული ხალხის მრისხანებას.

რუსთაველის შემდეგ აკაკი იყო ყველაზე პოპულარული პოეტი

საქართველოში. ხალხური სულით იყო გამსჭვალული მისი ყოველი

თხზულება, ყოველი სტრიქონი; ამიტომ იყო, რომ ქართველმა ერმა პოეტის

სიცოცხლეშივე შეითვისა და შეიყვარა მისი პოეზია.

აკაკი ქართული ლირიკის უბადლო ოსტატია. მისი სადა და

მუსიკალური ლექსი, რომელიც უპასუხებდა ცხოვრების მიერ აღძრულ ყოველ

მწვავე საკითხს, უშუალოდ იკაფავდა გზას ხალხის გულისაკენ. როგორც

ფართო დიაპაზონის მხატვარი, აკაკი ამავე დროს გვევლინება ქართული

პოეტური ეპოსის და მხატვრული პროზის რეფორმატორად და დიდოსტატად.

თავის მრავალფეროვან ეპიკურ თხზულებებში აკაკი ხატავდა არა

მხოლოდ აწყმოს, არამედ წარსულის გმირულ სურათებს, რითაც მწერალი

არსებითად თავისი დროის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ამოცანებზე

პასუხის გაცემას ცდილობდა.

აკაკი ბრწყინვალე პუბლიცისტი იყო. მან შექმნა ქართული ფელეტონის

თავისებური ჟანრი. აკაკის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული

მეცხრამეტე საუკუნის ქართული თეატრის განვითარება, ქართული

ფოლკლორისტიკის აღორძინება. არ არის შემოქმედებითი მოღვაწეობის არც

ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელშიც აკაკის, როგორც დიდ მწერალს,

თავისი წვლილი არ ედოს.

აკაკის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის ისტორიული

განვითარების ახალი ეტაპი. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკაკის

მხატვრული შემოქმედება, თავის მხრივ, ქართული ლიტერატურის საუკეთესო

ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი

პოეტი, როგორიც იყო აკაკი წერეთელი, მეცხრამეტე საუკუნეში უნდა

წარმოეშვა იმ ხალხს, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შექმნა დიდი

მხატვრული კულტურა. აკაკიმ განაგრძო რუსთაველის, გურამიშვილისა და

ბარათაშვილის პოეტური ტრადიცია და ახალ საზოგადოებრივ ვითარებაში

ახალ საფეხურზე აიყვანა იგი.

ძლიერი გავლენა მოახდინა აკაკიმ ქართული ლიტერატურის შემდგომ

განვითარებაზე. აკაკიმ შექმნა სკოლა პოეტებისა, რომლებმაც თავისებურად

აითვისეს მისი წერის მანერა და ხალხურობა, მებრძოლი სულისკვეთება და

პოლიტიკური სარკაზმი, რომელმაც განსაკუთრებული გამოვლენა პოვა 90-

იანი წლებისა და 1905 წლის პერიოდის ქართულ მწერლობაში.

აკაკის სახელი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70–80-იან წლებში

საქართველოს ყველა კუთხეში ფართოდ იყო ცნობილი. მაგრამ არ შეიძლება არ

აღინიშნოს, რომ საბჭოთა ხელისუფლების წლებში მისი სახელი კიდევ უფრო

პოპულარული გახდა და გასცილდა მისი სამშობლოს ფარგლებს.

აკაკის შემოქმედებითი გამარჯვების საიდუმლოებას იმთავითვე

ხედავდნენ მისი პოეზიის ხალხურობასა და ნოვატორობაში. დიდი ეროვნული

პოეტი ნოვატორულ ფორმაში ეროვნული ცხოვრების მიერ წამოყენებულ ახალ

დემოკრატიულ, ხალხურ იდეებს გამოხატავდა და თავისი შემოქმედებით

უპასუხებდა ეპოქის მოთხოვნილებას.

ხალხურობის სულით, მაღალი საზოგადოებრივი იდეალებით იყო

გამსჭვალული აკაკის ლირიკა, მისი ეპიკური შემოქმედების მონუმენტური

ძეგლები - „თორნიკე ერისთავი“ და „ნათელა“, „ბაში-აჩუკი“ და „ჩემი

თავგადასავალი“.

აკაკიმ თაობებს ჩაუნერგა მებრძოლი ჰუმანიზმის იდეა და ღრმა

სოციალური და ეროვნული ოპტიმიზმი. „ისტორიულმა მსვლელობამ

დაგვიმტკიცეა, - წერდა პოეტი, - რომ ეს პატარა საქართველო ყოველგვარ

განსაცდელსა და გასაჭირს გაუძლებს! და მართლაც, ის ერი, რომელმაც

წარმოშვა რუსთაველი, მთაწმინდელები, გორგასლანი, დავით აღმაშენებელი,

თამარ მეფე, გიორგი სააკაძე და მათი მსგავსნი, განა სასიკვდილოა? არ გასულა

საუკუნე, რომ ნიშანი სასიცოცხლო არ მოეცეს ჩვენთვის ცხოვრებას“[1].

პოეტს ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის მომავალი და მთელი თავისი

შემოქმედებით იღწვოდა ამ ნათელი მომავლის დამკვიდრებისათვის. როგორც

მებრძოლი პოეტი და პუბლიცისტი, იგი გეზს აძლევდა მისი დროის მთელი

საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას. ილია ჭავჭავაძესთან ერთად,

აკაკი წერეთელი გასულ საუკუნეში ქართველი ხალხის სულიერი ბელადი და

გზის მაჩვენებელი იყო. ესაა აკაკის უდიდესი ისტორიული დამსახურება.

* * *

საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში წერეთლების გვარი დიდი

ხნიდან ცნობილია. ისინი უმთავრესად მოსახლეობენ დასავლეთ

საქართველოს ულამაზეს კუთხეში – ზემო იმერეთში, სადაც დაიბადა

მომავალი დიდი პოეტი და სამუდამოდ უკვდავყო სამშობლო სოფელი

სხვიტორი, რომელიც ცნობილია თავისი წარმტაცი პეიზაჟით. ამ სოფლის

დასავლეთით აღმართულია ძველი ციხის მოდინახეს ნანგრევები. იგი მუდამ

იზიდავდა მომავალი პოეტის ფანტაზიას.

სხვიტორი ბუნებით უხვად შემკობილი სოფელია, მისი უმთავრესი

მშვენება მოუსვენარი მთის მდინარე ჩიხურაა, რომელიც თავის ხმიანობით

აღვიძებს სხვიტორის მთასა და ბარს. ამ მდინარის სიყვარული აკაკის სულში

სამუდამოდ ჩარჩა, როგორც ბავშვობის დროის პირველი აღტაცება.

ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში - „ჩემი თავგადასავალი“ აკაკიმ დაგვიხატა

თავისი სოფლის დაუვიწყარი სურათი და აგვიწერა მასთან დაკავშირებული

სიყრმის განცდები: „მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, - წერს პოეტი, -

უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ

ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას

შეფრქვევით ვეტრფიალები... ალბად, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც

ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი

უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი

და ჩემი პირველი სარკე. სწორედ იმ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას

ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა

აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა

ჰგავს... აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში“.

აკაკი ხშირად იხსენებს თავის ისტორიულ წინაპრებს, რომლებსაც XVII–

XVIII საუკუნეებში იმერეთის მეფის კარზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო

თანამდებობანი ეკავათ.

აკაკის მამა როსტომ წერეთელი ფეოდალური კლასის ტიპიური

წარმომადგენელი იყო. მისთვის უცხო იყო ოჯახსა და მეურნეობაზე ზრუნვა,

რაც მთლიანად პოეტის დედას აწვა ტვირთად. აღსანიშნავია, რომ როსტომ

წერეთელი გატაცებული მოჭადრაკე ყოფილა. აკაკი თავის მემუარებში

აღნიშნავს მამის გონებამახვილობას და ჟინიან ხასიათს.

მამის თვითნებობა და ფიცხი ხასიათი, რაც უმთავრესად

შინამოსამსახურეებსა და ყმებს ატყდებოდა თავზე, პატარა აკაკის

მგრძნობიარე და კეთილ ბუნებას გარკვეულ დაღს ასვამდა. იგი ყოველთვის

ცდილობდა, როგორც შეეძლო, ყმისათვის აეცდინა აბუჩად აგდება და

სასტიკად დასჯა. პოეტი „ჩემს თავგადასავალში“ აგვიწერს ერთი მოხუცი

ყმაგლეხის ბედს, რომელიც აკაკის მამას სურდა საკუთარ კერისაგან მოეწყვიტა

და ბატონის სახლში გადაეყვანა. პატარა აკაკის მუდარამ იხსნა ეს გლეხი.

პოეტმა თავის მოგონებებში დაგვიტოვა ნათელი ფერებით

შესრულებული პორტრეტი თავისი დედისა, რომელსაც უღრმესი

სიყვარულითა და პატივისცემით იხსენიებდა მუდამ.

აკაკის დედა, ეკატერინე აბაშიძე, სოლომონ მეორის ასულის

ბატონიშვილ დარეჯანის შვილიშვილი იყო. ბავშვობისას მას დიდედა

ზრდიდა. 1813–1820 წლებში როცა ეკატერინე 12–13 წლის შეიქმნა, დაიწყო

ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული გლეხთა აჯანყება, რომლის ერთ-ერთი

მეთაური იყო ეკატერინეს მამა – ივანე აბაშიძე. ეს ცნობილი აჯანყება გახდა

აბაშიძეთა ოჯახის აკლების მიზეზი, რის შემდეგ პოეტის დედა

საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა ბიძამ – გურიის მთავარმა მამია

გურიელმა.

პოეტის დედა ცნობილი იყო თავისი გამჭრიახი გონებით,

შრომისმოყვარეობით და პრაქტიკული ხასიათით. იგი იყო ნამდვილი ბურჯი

ქმრისაგან უყურადღებოდ მიტოვებული დიდი ოჯახის და ვრცელი

მეურნეობისა.

თავადაზნაურობის ძველი ჩვეულების მიხედვით, ჩვილი აკაკი ადრევე

მოუცილებიათ დედის კალთისათვის და აღსაზრდელად მიუციათ მეზობელ

სოფელ სავანეში. აქ პატარა აკაკის აღმზრდელი იყო გლეხის ქალი მანო

სადუნიშვილი. ყმაგლეხის ოჯახი, მშრომელთა ღარიბული ცხოვრება, გლეხის

ბავშვებთან თამაში აკაკის სიყრმის შთაბეჭდილებების წყარო გახდა. ყოველივე

ეს შესანიშნავად აგვიწერა პოეტმა „ჩემს თავგადასავალში“. მომავალი პოეტი

სიყრმიდანვე დაეწაფა ქართულ ხალხურ ლექსებს, სიმღერებსა და ზღაპრებს.

ძიძასთან გატარებული დრო პოეტს მიაჩნდა ზნეობრივი აღზრდის სკოლად,

რამაც განსაზღვრა მისი შემდგომი სულიერი განვითარება. „არ შემიძლია არ

გამოვტყდე, - წერდა პოეტი, - რომ თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი,

უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების

შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.

აკაკის ლაღი, ბავშვური ცხოვრება გლეხურ გარემოში დიდხანს არ

გაგრძელებულა. მშობლებმა სავანიდან სხვიტორში დიდი ზეიმით წაიყვანეს

მეშვიდე წელში გადამდგარი აკაკი, რომლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,

როცა ახალ, მისთვის სრულიად უჩვეულო ატმოსფეროში მოხვდა. ლაღად

გაზრდილ პატარა აკაკისათვის უცხო იყო ფეოდალური ეტიკეტების ახალი

სამყარო, ფუფუნება და მოწიწება, რომელსაც მისდამი მოსამსახურეთა მთელი

კრებული იჩენდა. ეს აწუხებდა მგრძნობიარე ბავშვს და მასში თანდათანობით

იზრდებოდა ზიზღი ყოველგვარი ჩაგვრისადმი. თავის მოგონებაში აკაკის

მოჰყავს არაერთი საგულისხმო ამბავი სოციალური უსამართლობისა, რასაც

თავისი თვალით ხედავდა მამისეულ სახლში. მომავალი პოეტი,

შეძლებისდაგვრად ყოველთვის წინ აღუდგებოდა ხოლმე ასეთ

უსამართლობას და ხშირად მიზანსაც აღწევდა.

სულ მალე, ჭკვიანი დედის მეოხებით, პატარა აკაკიმ მშობლიურ

სახლშიც იპოვა სულიერი საზრდო, აქაც მონახა გლეხის ბიჭების წრე. და აი,

პატარა აკაკის კვლავ ვხვდებით ველ-მინდორში მონავარდეს, თავის

ტოლებთან თამაშში გართულს, იგი კვლავ დაეწაფა, უკვე უფრო შეგნებულად,

ხალხურ ზღაპრებსა და შაირებს, რამაც მომავალ მწერალში ადრე გააღვიძა

პოეტური ფანტაზია.

პოეტის დის, ანას გადმოცემით, აკაკი სულ 4–5 წლისა იყო, როდესაც

მასში აღიძრა პოეზიისადმი მისწრაფება. აკაკი 6–7 წლამდე, ვიდრე წერა-

კითხვას ისწავლიდა, ზეპირად გამოთქვამდა ლექსებს. „აკაკი ჯერ ოთხის

წლისაც არ იყო, - გადმოგვცემს პოეტის და, რომ ზღაპრებს გამალებით

უგდებდა ყურს, ისე არ დაიძინებდა, თუ ზღაპარს არ ეტყოდნენ... შაირობაში

თითქმის ყველას სჯობნიდა. შაირების გამოთქმით საქმეს უჭირვებდა ყველას.

არავინ დაუტოვებია ოჯახში, არც კაცი და არც პირუტყვი, რომ არა გამოეთქვას

რა”[2]. ანამ შემოგვინახა აკაკის ბავშვობის ლექსები, რომლებშიაც გამოსჭვივის

ხალხური შაირის სიმახვილე და უშუალობა.

ათი წლის აკაკის ყურამდე მიაღწია ცნობილი ქართველი დრამატურგის

გიორგი ერისთავის პიესის „გაყრის“ დადგმის ამბავმა, რომლის

შთაბეჭდილებით მან დაწერა თხზულება დიალოგის ფორმით. მასში

აღწერილი იყო მამისეულ სახლში გამეფებული ზნე-ჩვეულებანი, ბატონების

სისასტიკე და გაიძვერა მოურავის ოინები. პიესა ხელნაწერად გავრცელდა

მეზობლებში და დიდი მოწონება დაიმსახურა შინაურებშიც.

აკაკის დედ-მამა, განსაკუთრებით დედა, ქართული მწიგონობრობის

დიდი მოყვარულნი იყვნენ. ოჯახურ წიგნებიდან გაეცნო აკაკი პროფესორ

დავით ჩუბინიშვილის „ქართულ ქრესტომათიას“, რომელმაც მასზე დიდი

შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ ვყელაზე დიდი ზეგავლენა ყრმა პოეტზე

მოახდინა რუსთაველის გენიალურმა ქმნილებამ „ვეფხისტყაოსანმა“, რომლის

უკვდავი სახეები პოეტის ცხოვრების მარადი თანამგზავრნი გახდნენ.

1850 წელს აკაკი წერეთელი ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. „ჩემს

თავგადასავალში“ დიდმა მწერალმა აგვიწერა მაშინდელი სკოლის მძიმე

პირობები, აღზრდის სასტიკი რეჟიმი, მშობლიური ენის ველური დევნა.

ბუნებრივია, გიმნაზიაში გამეფებული ძალადობისა და ჩაგვრის ატმოსფერო

გულს უწყლულებდა პოეტს, აღვივებდა მასში აღშფოთებისა და პროტესტის

გრძნობას. აკაკი აგვიწერს, თუ როგორ გამოიქცა ერთხელ იგი სკოლიდან. მან

ვერ აიტანა მასწავლებელთა მხრით მისი მშობლიური ენის შეურაცხყოფა.

მშობლიური ენის დევნა ერთი მხარე იყო მაშინდელი სკოლის შავ-

ბნელი სისტემისა. გიმნაზიაში გაბატონებული იყო უაზრო ზეპირობა, რაც

მოწაფეთა გონებას აჩლუნგებდა. ახალგაზრდის გული იჩაგრებოდა უვიც

მასწავლებელთა უსაზღვრო თვითნებობით, მაგრამ, როგორც აკაკი

გადმოგვცემს, ამ მასწავლებელთა შორის იყვნენ მაღალგონიერი და

ზნეობრივად სპეტაკი პედაგოგებიც. ერთ-ერთი მათგანი იყო კაზიმირ

როძიევიჩი. იგი ასწავლიდა მათემატიკას. პოლონელი როძიევიჩი

საქართველოში გადმოსახლებული ყოფილა პოლიტიკური არასაიმედობის

გამო. მან დაიახლოვა აკაკი, როგორც კარგი მოწაფე და კიდევ უფრო გააღვივა

მასში პატრიოტული გრძნობა და შეგნება იმისა, რომ სამშობლოს

თავისუფლებისათვის თავგანწირვა ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა.

როძიევიჩი ოპოზიციური სულისკვეთებით ზრდიდა ახალ თაობას. იგი

პროგრესულად განწყობილ მოწაფეთა სულიერი მეგობარი და ქომაგი იყო. ეს

კეთილშობილი პიროვნება თავდადებით გამოესარჩლა აკაკის, როცა მას

სკოლიდან რიცხავდნენ მეფის მოხელეზე დამცინავი თხზულების დაწერის

გამო.

აკაკის საზოგადოებრივი იდეალების ჩამოყალიბებაზე ძლიერი

ზეგავლენა მოახდინა დიდი ტრადიციის მქონე ეროვნულმა კლასიკურმა

ლიტერატურამ და რუსეთის და დასავლეთ-ევროპის მოწინავე მწერლობამ.

აკაკიმ უკვე სკოლის კედლებშივე გადაწყვიტა სამხედრო სასწავლებელში

წასვლა იმ მიზნით, რომ სამშობლოს სამსხვერპლოზე დაედო თავი, მებრძოლი

პათოსი დაეუფლა სამშობლოს დამონებით გულდაწყლულებულ ჭაბუკს. იგი

გატაცებით წერს ლექსებს და ოცნებობს თავის მომავალზე, მოქალაქეობრივი

ვალის შესრულებაზე.

აკაკის ჭაბუკობის პირველი ლექსთაგანია, პოეტისავე აღიარებით,

„კანდელისადმი“. ამ ლექსში თექვსმეტი წლის პოეტი გარემოს აღიქვამს,

როგორც წყვდიადს და ერთადერთ კანდელს შეჰღაღადებს:

გაბრწყინდი, ჩემო კანდელო,

მინათე ბნელი ღამისა.

ამ პირველი ლექსის შესახებ აკაკი წერეთელი შთაგონებით წერდა: „ამ

ოცი წლის წინეთ, იმ ხანში ვიყავი, როცა ადამიანი ყმაწვილობიდან

ჭაბუკობაზე გადადის, იმ დროს გული არის მბრძანებელი თავისა, ზურმუხტ

ოცნებით შეკაზმული სხვადასხვაგვარი ფიქრები და მრავალგვაროვანი

გრძნობები რას არ მოაქმედინებენ ახალგაზრდას. მცირე მიზეზი ალომ-

არწივებს და მცირევე აჭიანჭველებს გამოუცდელ რაინდს. მეც ისე მომდიოდა

და ერთხელ, რამ მომცა მიზეზი, მაგრამ ისე კი გავიმსჭვალე, რომ წმინდის

გულით შემდეგი სიტყვები დავმღერე ჩანგს (მოყვანილია ლექსი „გაბრწყინდი,

ჩემო კანდელო“). მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი მითქვამს და ბევრიც

დამიწერია, მაგრამ მათგან მეასედიც აღარ მახსოვს. და ეს ერთი, ეს პირველი

ლექსი კი, პირველი სიყვარულივით, სიკვდილამდე დაუვიწყრად დაებეჭდა ამ

ჩემს გულს. სწორედ ამ დღიდანვე მივუპყარი გული ჩვენს ხალხს და

დავაკვირდი მის ცხოვრებას“[3].

ორიგინალური ლექსების წერასთან ერთად აკაკის ჭაბუკობიდანვე ხელი

მიუყვია თარგმანისათვის. 1858 წელს თვრამეტი წლის აკაკი თარგმნის

ლერმონტოვის ლექსს „რტო პალესტინისა“, რომელიც იმავე წელს იბეჭდება

„ცისკრის“ ფურცლებზე. მომდევნო წელს „ცისკრის“ ნომრებში დაიბეჭდა

აკაკის სამი ლექსი, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნავი“

(დათარიღებული 1859 წ., 25 მარტით). ამ ლექსში გარკვევით გამოსჭვივის

ახალგაზრდა პოეტის პოლიტიკური მრწამსი. პატარა ნავი, რომელსაც

ქარიშხლიანი ზღვის ზვირთები შთანთქმას უპირებს, საქართველოს

ალეგორიული სახეა, ხომალდი კი, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა,

რუსეთია. მაგრამ ხომალდი მის მიერ გადარჩენილ ნავს ახალ მჩაგვრელად

მოევლინა. ეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედის მეტად გამჭვირვალე

ალეგორია იყო, ამ ნაწარმოებმა ტონი მისცა პოლიტიკური სიმახვილით

გამსჭვალულ აკაკის პატრიოტულ ლირიკას, რომელიც სულ მალე უდიდეს

მოვლენად იქცა მთელ ქართულ ლიტერატურაში.

ყრმა აკაკიმ საბოლოოდ გადაწყვიტა, თავი დაედო სამშობლოსათვის.

იგი გატაცებულია მიცკევიჩის გმირით, კონრად ვალენროდით, რომელშიაც

ახალგაზრდა პოეტი თავდადებული პატრიოტის განსახიერებას ხედავს.

ამ მღელვარე განწყობილებათა ზეგავლენით ახალგაზრდა პოეტის

გულში თანდათან მტკიცდება წადილი ახალი გზის ძიებისა, იგი მიისწრაფვის

ცოდნისა და ბრძოლისაკენ.

1859 წლის „დამდეგ მაისს, - წერს აკაკი, - გამოვეთხოვე დედ-მამას,

იმერეთს და დავადექი გზას. სრულიად გამოუცდელს ცხოვრებაში, ბევრის არ

მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი

გადამელახა და... ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა“[4].

60-იანი წლების პეტერბურგი რევოლუციურ-დემოკრატიული

მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა. ეს ის დრო იყო, „როცა, როგორც თვით

აკაკი წერდა, - სარატოველი სემინარიელი ჩერნიშევსკი ჩაუდგა სათავეში

ჟურნალ „სოვრემენიკს“ და დობროლუბოვთან, ანტონოვიჩთან, ნეკრასოვთან

და სხვებთან ერთად დასცა რუსეთს ყიჟინა, ამოძრავდა რუსეთი, მისი

ხელახლა დამონება შეუძლებელი იყო“[5].

ქართველი სტუდენტების ზეგავლენით აკაკიმ შეცვალა თავისი

გადაწყვეტილება და სამხედრო სასწავლებელში შესვლის ნაცვლად შევიდა

პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე.

ჭაბუკ პოეტზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პეტერბურგის

მღელვარე ცხოვრებამ, ახალ თაობაში მტკიცედ იჭრებოდა

განმათავისუფლებელი იდეები. ამ დიდი სოციალური მოვლენების გავლენით

მწიფდებოდა აკაკი წერეთლის აზრი და ფრთას ისხამდა მისი პოეტური

ფანტაზია, „სოვრემენიკის“ ფურცლებზე დაბეჭდილმა რუსული

რევოლუციური აზროვნების მესვეურთა წერილებმა კიდევ უფრო განამტკიცეს

მასში ხალხის განთავისუფლების რწმენა. სოციალური ბრძოლის იდეებს იგი

უკავშირებდა ოცნებას თავისი ქვეყნის ეროვნულ განთავისუფლებაზე.

პეტერბურგის ნისლიან საღამოებში, ნევის ნაპირებიდან ჭაბუკი პოეტი

ბოღმით აღსავსე გაჰყურებდა პეტრე-პავლეს უზარმაზარი, ბნელი ციხის

კედლებს და აგონდებოდა თავისი ქვეყნის დამონების სურათები. 1859 წელს 19

წლის აკაკი წერეთელი პეტერბურგიდან თბილისში გზავნის შესანიშნავ ლექსს

„ქართლის სალამი“:

შორის ქვეყნიდგან, მოშორებულსა,

სამშობლო ჩემო! გიგზავნი გულსა,

შენს ერთგულს მონას, მსხვერპლადცა მზასა,

შენთვის ოხვრისგან დაწყლულებულსა.

ჭაბუკი პოეტი ამ ლექსში გამოხატავს საკუთარ ეროვნულ მრწამსს. იგი

მოუწოდებს სამშობლოს გამოფხიზლდეს, მოიკრიბოს ძალები თავის

მჩაგვრელის წინააღმდეგ და დაადგეს ბრძოლისა და განახლების გზას.

აკაკიმ პირველი ლექსებითვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ქართულ

პოეზიაში.

1860 წელს „ცისკრის“ ფურცლებზე დაბეჭდილი პოეტის ლექსი

„საიდუმლო ბარათი“, დაწერილი დიდი პოეტური გზნებით და სისადავით,

უდავოდ წარმოადგენდა ქართული პოეზიის ნოვატორულ მოვლენას. ახალი

თაობა აღტაცებით ეწაფებოდა აკაკის ლექსებს.

„საიდუმლო ბარათი“ ქართველმა მკითხველმა აღტაცებით მიიღო და

დაბეჭდვისთანავე სასიმღერო ლექსად აქცია. ახალი თაობა მასში ხედავდა

პოეტის წმინდა გრძნობის, კეთილშობილი მისწრაფების გამოხატვას, ჭეშმარიტ

ხელოვნებას, რომელიც გადმოცემული იყო ხალხური, საყოველთაოდ

მისაწვდომი, ნატიფი ფორმით. ძველმა თაობამ კი ამ ლექსში სრულიად

სამართლიანად დაინახა დრომოჭმული პოეტური კულტურისა და არქაული

ენის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება. ლექსმა სულ მალე ფართო

პოპულარობა მოიპოვა.

ასეთი იყო პოეტის სახელის პირველი სერიოზული ლიტერატურული

რეზონანსი, რომელიც თანდათან გაძლიერდა და გავრცელდა.

1861 წელს პეტერბურგში იწყება სტუდენტთა ძლიერი მღელვარება, რაც

თვალსაჩინო მოვლენა იყო 60-იანი წლების რუსეთის რევოლუციურ-

დემოკრატიულ მოძრაობაში. ქართველმა სტუდენტებმა ამ მოძრაობაში

აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ზოგიერთი მათგანი ახლო

დამოკიდებულებაში იყო ჩერნიშევსკისთან და მისი „სოვრემენიკის“ წრესთან,

ბევრი მათგანი კითხულობდა „კოლოკოლს“, „პოლიარნაია ზვეზდას“ და

გერცენის სხვა არალეგალურ გამოცემებს. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ

ქრათველ სტუდენტთა შორის ამ პერიოდში გავრცელებული ყოფილა

პროკლამაცია „ახალგაზრდა რუსეთი“. რაც შეეხება „სოვრემენიკს“, ეს იყო

პეტერბურგში მოსწავლე ქართველი ახალგაზრდობის უსაყვარლესი ჟურნალი.

აკაკის უახლოესი მეგობარი, ცნობილი სამოციანელი კირილე

ლორთქიფანიძე იგონებს – პეტერბურგში აკაკი წერეთელი გატაცებული

ყოფილა არა მხოლოდ მშობლიური მწერლობით, არამედ რუსული

ლიტერატურით და კრიტიკით. სხვიტორში, აკაკისეულ ბიბლიოთეკაში

დღემდე ინახება 60-იანი წლების დიდი რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების

თხზულებათა იმდროინდელი გამოცემები.

პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის საუკეთესო წარმომადგენლებს

საერთო იდეური განწყობილებანი აერთიანებდა. ეს საერთო საფუძველი

ეროვნული და სოციალური განთავისუფლების იდეალები იყო. ამ მხრივ

განსაკუთრებით აღსანიშნავია აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის

შემოქმედებითი და იდეური ურთიერთობა პეტერბურგში 60-იან წლებში.

1860 წლის „ცისკრის“ აპრილის ნომერში აკაკი ბეჭდავს ლექსს „ამაო

ძებნა“ ანუ „მაისის ღამე“. ამ ლექსს მეტად საინტერესო შემოქმედებითი

ისტორია აქვს. პირველი ცნობა მის შესახებ გვხვდება თვით პოეტის

სტუდენტობის დროის წერილში. 1860 წლის 25 აპრილის თარიღით დაწერილ

ბარათში აკაკი დედას უზიარებს თავის გულისწყრომას იმის გამო, რომ

„ცისკრის“ რედაქტორმა ი. კერესელიძემ ახალგაზრდა პოეტის რამდენიმე

ლექსი ვერ დაბეჭდა, რადგან ეს ლექსები „ცოტა თავისუფლად იყო დაწერილი

ამ ეხლანდელ „ამაო ძებნისა“ არ იყოს, აპრილში რომ დაიბეჭდა“.

ახალგაზრდა პოეტი ხაზს უსვამს „ამაო ძებნის“ თავისუფალ ხასიათს.

მართლაც, ლექსი ეროვნული განთავისუფლების იდეით არის გამსჭვალული.

აკაკის უახლოეს მეგობარს კირილე ლორთქიფანიძეს ამ ლექსის შესახებ

პოეტის ბიოგრაფის სერგი გორგაძისათვის საგულისხმო ცნობა მიუწოდებია:

„ამაო ძებნა“ („მაისის ღამე“) ი. ჭავჭავაძის „არაგვის“ გამო არის

დაწერილიო“.

ს. გორგაძეს „არაგვი“ ილია ჭავჭავაძის ლირიკულ ლექსად მიუჩნევია და

რადგან ასეთი ლექსი, დაუბეჭდავი თუ დაბეჭდილი ვერსად უპოვია, კირილე

ლორთქიფანიძის ცნობა საფუძვლიანად აღარ ჩაუთვლია.

სინამდვილეში „ჭავჭავაძის „არაგვში“ იგულისხმება ილია ჭავჭავაძის

პოემის „აჩრდილის“ მეხუთე თავი, რომელიც „არაგვის“ სათაურით (ნაწყვეტის

სახით) დაიბეჭდა 1859 წლის „ცისკრის“ მეათე ნომერში.

აკაკი შემდეგი პოეტური სტრიქონებით ეხმიანება ილია ჭავჭავაძის

”აჩრდილის” მეხუთე თავს:

მაგრამ რას ვხედავ! აჰა ჭაბუკი,

რომელიც შენ ყურს სულაც არ გიგდებს,

კვნესის და ოხრავს, სტირს უბადრუკი

და წარსულს დროებს ოცნებით ეძებს!...

მთანი და კლდენი სისხლს უჩვენებენ,

ქვესკნელი – საფლავს და ძვლებს გამხმართა,

რომელნიც ანდერძს მოგვაგონებენ

მსხვერპლად შეწირულთ ჩვენთ წინაპართა,

საზარელ,უხმო ამა პასუხით

საბრალოს გულში სისხლი სდუღდება,

და მდინარესვე მტირალისა ხმით

წარსულის ამბავს ის ევედრება.

აკაკის ლექსში დახატული მეოცნებე ჭაბუკი არის ილია ჭავჭავაძე,

რომელიც თავის ”აჩრდილში” დასტირის საქართველოს დაფერფლილ

გმირულ წარსულს და რომელსაც საპასუხოდ არაგვის სისხლდანთხეული

ნაპირები ეხმაურებიან.

როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძემ ”აჩრდილი” აკაკის პეტერბურგში

წაუკითხა და ამ შემოქმედებითი შეხვედრით დაიწყო ორი ქართველი პოეტის

ურთიერთობა 60-იანი წლების გარიჟრაჟზე. ეს ლიტერატურული შეხვედრა

მეტად საგულისხმო ისტორიულ აზრს შეიცავს. ახალი საქართველოს ამ ორ

დიდ მოაზროვნეს სტანჯავდა ერთი და იგივე ტკივილი და ამოძრავებდა ერთი

და იგივე იდეა სამშობლოს თავისუფლებისა, რაც ასეთი დიდი გრძნობითაა

გამოთქმული აღნიშნულ ლექსებში. ამ იდეის განხორციელებისათვის

იბრძოდნენ ისინი ერთად მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე.

მართალია, როგორც აღვნიშნეთ, ეროვნული იდეა აკაკის მოწაფეობის

დროის ლექსში იყო უკვე გმოთქმული, მაგრამ პეტერბურგში ყოფნისას,

იდეური მომწიფების პერიოდში, ამ იდეამ ფართო შინაარსი და დახვეწილი

ფორმა მიიღო. პეტერბურგში პირველად გაიშალა აკაკის შემოქმედებითი

შესაძლებლობანი. აქვე პირველად გამომჟღავნდა მისი პოეტური განვითარების

ძირითადი ტენდენცია.

”ქართლის სალამისა” (1859წ.) და ”მაისის ღამის” (1860წ.) გარდა, აკაკი

წერეთელი პეტერბურგში წერს მხურვალე პატრიოტული გრძნობით სავსე ორ

ლექსს: ”სალამური” (1861წ.) და ”შიქასტა” (1862წ.), რომლებიც არა მხოლოდ

საერთო იდეებით, არამედ ერთი საერთო ტონითაც არის გაერთიანებული.

პოეტს ენატრება უცხოეთში მშობლიური მუსიკის ხმა, რომელშიც იგი ისმენს –

” საქართველოს მწარე მოთქმას”, გმირ მამა-პაპათა ”მამაცურ ოხვრას”.

მშობლიური ჰანგები პოეტს თვალწინ წარმოუსახავენ სამშობლოს მწარე ბედს,

რომელსაც

ხან სპარსელნი აკვნესებენ,

ხან თურქები აოხრებენ,

ხან სკვითები, დროს შერჩევით,

მყუდროებას უშფოთებენ!

(”სალამური”)

”სალამური” პირველი ლექსია, რომელშიც აკაკი ახსენებს სიტყვას

”სკვითები” თვითმპყრობელური რუსეთის მნიშვნელობით. ეს სიტყვა

შემდგომში აკაკის პოლიტიკური ლირიკის განუყრელ თანამგზავრად იქცევა,

მისთვის ესოდენ საძულველი ცარიზმის მოხერხებულად გაკიცხვისათვის.

პოეტი არა მხოლოდ მოზარეა თავისი ქვეყნის უბედურებისა,

სალამურის ხმა მას არა მარტო მამაც წინაპრებს, ქართველი კაცის ხასიათს და

ჩვეულებებს აგონებს, არამედ საოცნებო სურათსაც წარმოუსახავს:

თავგანწირულს მამულის მცველს

წარმოვიდგენ მაშინ ქართველს:

მტერს შეჰყვირის: ”ჰკა მაგასა!”

გამოსული ბრძოლისა ველს.

ეროვნული თემა აკაკის შემოქმედებაში ფართოვდება და მისი შინაარსი

ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის საბრძოლო განწყობილებით ივსება.

პეტერბურგის პერიოდში აკაკის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი

ადგილი უჭირავს ეროვნულ თემაზე დაწერილ ლექსებს, მაგრამ პოეტი დიდ

ყურადღებას აქცევს სოციალცურ თემასაც. ეროვნული და სოციალური იდეა

ორგანულად უკაშირდება ერთმანეთს მის პოეზიაში.

1861 წლის 15 აპრილს პოეტი წერს ლექსს ”მუშური”, რომელშიც დიდი

სიმძაფრითაა გადმოცემული გლეხის სოციალური ტრაგედია. პოეტი გლეხის

ტანჯვის შემაძრწუნებელ სურათებს ხატავს. მას მკაცრი საღებავები მოუნახავს

მშრომელი ადამიანის გაუხარებელი ცხოვრების საჩვენებლად. არავინაა

გლეხის გამკითხველი, სამართალს მისთვის სძინავს: მებატონეები_______,

მდივანბეგები და ბოქაულები ერთმანეთს ეჯიბრებიან მის ტანჯვა-წამებაში. აი

რა დიდი მწუხარება გაისმის ქართველი გლეხის სიტყვებში:

ჩვენ ყოველ დღე ტანჯვას ველით!...

გლეხებს რა გვაქვს გასახარი?

მაგრამ გლეხის ტანჯვის აპოგეა პოეტმა განსაკუთრებული სიძლიერით

გადმოგვცა მძაფრ მხატვრულ სახეში:

შინდის წკნელებზე სწერია

ჩვენი სახელი და გვარი...

”მუშური” აკაკის პირველი ლექსია, რომელშიც მკვეთრად გამომჟღავნდა

პოეტის სოციალური კონცეფცია და რომელმაც განსაზღვრა მისი

დამოკიდებულება ხალხის ჩაგრულ ფენებთან. აღსანიშნავია, რომ აკაკის

”მუშური” ცნობილმა გერმანელმა მკვლევარმა კარლ ბიუხნერმა მოიყვანა

თავის მონოგრაფიაში ”შრომა და რიტმი”, როგორც ქართული ხალხური

პოეზიის ნიმუში.

მაკადაახლოებით ამავე პერიოდს ეკუთვნის გლეხური შრომის თემაზე

დაწერილი აკაკის ლექსი ”სიმღერა მკის დროს”. ამ ლექსიდან ჩანს, თუ რა

კარგად იცნობს ახალგაზრდა პოეტი გლეხურ შომას, ხალხურ შრომის

სიმღერებს. ლექსში გადმოცემულია შრომის დინამიკა. ნამგლის გახურებული

ტრიალი, გულგაღეღილი ვაჟკაცები ”პურს ცეცხლივით მოსდებიან”, ალმური

ასდით, მაგრამ შრომაში არ ცხრებიან. პოეტი ქმნის გლეხური შრომის

კოლორიტულ სურათს, რომელიც ქართულ პოეზიაში ამ თემაზე დაწერილ

ლექსებს დასაბამს აძლევს, თითქოს იგი პროტოტიპია იმ პოეტური

სურათებისა, რომლებიც 80-იან წლებში შექმნა რაფიელ ერისთავმა.

პეტერბურგის პერიოდის აკაკის შემოქმედების სოციალური თემატიკა

თანდათან ფართოვდება და ორგანულად ექსოვება ეროვნულ მოტივს. პოეტი

გვიხატავს გაბატონებული კლასის გადაგვარებულ წარმომადგენლებს. ამ

მხრივ აღსანიშნავია პოეტის ლექსი ”აპელაციის მცოდნე” (1861წ.), რომელშიც

დახატულია ახალი ტიპი ”ნასწავლი კაცისა”, ჩანჩურას შვილი, უსულგულო

ბიუროკრატი, რომელიც უარყოფს ყოველივე ეროვნულს. სამშობლოს

დამგმობი, თავგასული მექრთამე წინ მიიწევს ბიუროკრატიული იერარქიის

კიბეზე, მას უკვე მაზრა ჩააბარეს, უუფლებო ხალხი მის ხელთაა, მას ”სძულს

მთელი ნაცია”, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის გამოფხიზლებული,

რომ ამ სოფლისათვის ”სანატრ შვილში” დაინახოს ხალხის ნამდვილი მტერი.

ახალგაზრდა აკაკი წერეთელი კარგად იცნობს თავისი ქვეყნის

საზოგადოებრივ ცხოვრებას და ფხიზლად უგდებს ყურს მის მაჯისცემას. ჯერ

კიდევ 1859 წლის მიწურულში იგი ლექსად წერს მოკლე დრამატულ

თხზულებას ”ძველი ამხანაგები” და 1861 წელს ”ცისკრის” ფურცლებზე

აქვეყნებს. ეს კომედია 19 წლის ახალგაზრდის პირველი ცდაა დრამატულ

ჟანრში, ამიტომ მხატვრულად ჯერ კიდევ სუსტია და აშკარად ეტყობა გიორგი

ერისთავის კომედიების გავლენა. აკაკის კომედიაში, ისევე, როგორც გ.

ერისთავის პიესებში, ერთი მხრივ, გამოყვანილია პატრიარქალური მებატონე

თავადი კვახაძე, რომელიც ოცნებობს შვილის ბიუროკრატიულ კარიერაზე და,

მეორე მხრივ, მისი ვაჟი ნიკო, რუსეთიდან ჩამოსული კანდიდატი, მაღალი

ზნეობრივი იდეალების მქონე, მაგრამ პრაქტიკულ ცოდნას და გარკვეულ

მიზანდასახულობას მოკლებული. ნიკოს ჭაბუკობის ამხანაგები, ბარამ და

კოსტა, ოფიცრები გამხდარან და მათი ინტერესები მხოლოდ ჩინ-ორდენების

მიღებით განისაზღვრება. ძველი ამხანაგების გადაგვარება დააღონებს ნიკოს,

რომელიც ოცნებობს ხალხის განათლებაზე. მას მამასთან უსიამოვნება მოსდის

იმის გამო, რომ უარს ამბობს მდივანბეგობაზე. ნიკო პრინციპული სიმტკიცით

უპასუხებს მამას:

ბატონო, შინ ყოფნა სჯობს, მე ეს პურიც მეყოფა.

განა კარგი იქნება, მექრთამობა დავიწყო,

საწყალ გლეხკაცთ ტყავი ვაძრო, ვატირო და ვაწუხო?!

ნიკო მხოლოდ ერთ ნათელ სხივს ხედავს მის გარშემო გამეფებულ

წყვდიადში. ეს არის მისი ძველი ამხანაგი გიგო, რომელსაც მოხელის კარიერა,

ჩინ-ეპოლეტები უარუყვია, ქართული ენა და ჩვეულება არ დაუკარგავს და

თავის მამულის მოვლა-პატრონობას შესდგომია სოფლად. გიგოს და ელენეც

მოწინავე შეხედულებების ქალია. მან არაერთი ჯვარმედლიანი ბობოლა

გააწბილა და უარი უთხრა ცოლობაზე. ნიკოს გატაცებით შეუყვარდება ელენე

და ცოლად ირთავს.

ნიკოს დაქორწინება ასეთ უბრალო ქალზე, როცა მას „პოლკის

კამანდირი“ აძლევდა ქალს და მან კი უარით გაისტუმრა, აგრეთვე ნიკოს

შეუპოვარი დამოკიდებულება „მსხვილ-მსხვილ ჩინოვნიკებთან“ ძველმა

ამხანაგებმა ჩათვალეს მისი სიგიჟის ნიშნად და ქორწილშიც კი არ ესტუმრნენ.

მართალია, კომედიაში მოქმედ პირთა ხასიათები სქემატურადაა

მოხაზული, მაგრამ მწერლის ეს პირველი დრამატურგიული ცდა გარკვეულ

საფეხურს წარმოადგენს მის შემოქმედებით ევოლუციაში.

აკაკი გაბედულად ილაშქრებდა გაბატონებული კლასების

წარმომადგენელთა წინააღმდეგ. მისი ბასრი სატირა დიდ საზოგადოებრივ

რეზონანსს ღებულობს უკვე 1861 წელს დაწერილ ვოდევილში „პირუტყვების

არჩევანი“.

როგორც ირკვევა, 1861 წლის გაზაფხულზე აკაკი წერეთელი ჩამოსულა

არდადეგებზე და ქუთაისში დასწრებია თავად-აზნაურთა მარშლის არჩევას,

რასაც მისთვის საბაბი მიუცია გესლიანი სატირა დაეწერა ფეოდალური კლასის

ბობოლათა თავყრილობაზე. ვოდევილში თავად-აზნაურები ცხოველების

სახით არიან გამოყვანილი. ამ თავისებურ ყრილობას პოეტი ქაჯეთს უწოდებს.

აკაკის ეს თხზულება ხელნაწერის სახით გავრცელებულა და დიდ ხიფათში

ჩაუგდია მისი ავტორი.

60-იანი წლების პეტერბურგის პერიოდში ძველი თაობის, „მამათა“

წარმომადგენლების ჩვენება და ახალი ადამიანის ტიპის დახატვა აკაკი

წერეთლის შემოქმედებითი ყურადღების ცენტრში ექცევა. 1861–62 წლებში

აკაკი წერს დრამატულ პოემას „რუსეთუმე“, რომლის მხოლოდ ორმა თავმა

მოაღწია ჩვენამდე. ამ პოემის მეორე თავი იწყება მონოლოგით, რომელშიც მამა

მადლობას სწირავს ღმერთს, რომ თერგის წყალი არ შეუსვამს და მისი

შვილივით გზა-კვალი არ არევია. იგი გმობს შვილებს, რომლებსაც ღმერთი

უარუყვიათ და რუსეთში არზის დაწერაც კი ვერ უსწავლიათ. მამა-შვილის

კამათში შვილი დაცინვით აღწერს მამების ძველებურ ბატონყმურ

უსაქმურობას, მაგრამ რუსეთუმე უნიადაგო და პრაქტიკულ ალღოს

მოკლებულია. მას, გ. ერისთავის ივანესი არ იყოს, აზრად აქვს გაჩეხოს კაკლის

ხეები და ამით კაპიტალი დააგროვოს. მამა უსაყვედურებს რუსეთუმეს:

როგორ არ გავწყრე: დღეს ნიგოზს მოჭრი,

ხვალ ამომიკაფ ძირში ვენახსა,

ფულს შენ არ ზოგავ, ბზესავითა ჰყრი,

აგერ მეხს დასცემ ამ ჩემს ოჯახსა.

აკაკის რუსეთუმე ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ნამდვილი

თერგდალეულისაგან. იგი გ. ერისთავის ტიპაჟის ჩარჩოებს ვერ სცილდება,

მაგრამ პოემის შემდეგ თავებში, შესაძლოა, აკაკის გამოყვანილი ჰყავდა ახალი

თაობის უფრო მოწინავე წარმომადგენელი. როგორც ჩანს, პოემაში პირველად

მოხაზული ხასიათები პოეტს განუვითარებია. ამას მოწმობს აკაკის ლექსი

„ფარისეველი“, რომელშიც უკვე „შვილი“ გმობს „მამებს“ გლეხობის ჩაგვრისა

და მექრთამეობისათვის და უფრო გაბედულად გამოთქვამს თავის პროტესტს.

აკაკის სტუდენტობის პერიოდის მოღვაწეობაში მეტად მნიშვნელოვანი

მოვლენაა მისი მონაწილეობა „მამათა“ და „შვილთა“ შორის ატეხილ პირველ

ლიტერატურულ ბრძოლაში. როგორც ცნობილია, ეს ბრძოლა წამოიწყო ილია

ჭავჭავაძემ თავისი სტატიით „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის

ერისთავის მიერ კოზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედა“, რომელიც 1861 წლის

„ცისკრის“ აპრილის ნომერში დაიბეჭდა. ილიას სტატია წარმოადგენდა ახალი,

დემოკრატიული ლიტერატურული მოძრაობის მანიფესტს.

აკაკი წერეთელი, რომელიც ჯერ კიდევ 1860 წელს ლექსით გამოეხმაურა

ილია ჭავჭავაძის „აჩრდილს“ და ილია დასახა საქართველოსათვის

თავდადებულ რაინდად, ბუნებრივია, ამ ბრძოლაშიც თავის დიდ

თანამემამულეს ამოუდგა მხარში.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ლიტერატურათმცოდნეობა / უავტორო / ქართული ლიტერატურის ისტორია. ტომი მეოთხე